წიგნები და ფილმები, რომლებიც შიდა ქართლის გუბერნატორს უყვარს

ჭრელი ამბები Written by  კვირა, 03 თებერვალი 2019 14:17 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა რადიო "მოზაიკას" იმ ფილმების და წიგნების ხუთეული გაუზიარა, რომლებიც, მისივე თქმით, ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ლიტერატურა, მწერლობა და პოეზია ის სამყაროა, რომელიც არასდროს კარგავს თავის ძალას და დანიშნულებას. მეტიც, მგონია, რომ გლობალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ პრობლემათა ფონზე იგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

მე მგონია, რომ საკუთარი თავის პოვნაში, შენი ამ ქვეყნად მოვლინების მისიის გააზრებასა და სწორად ცხოვრებაშია ბედნიერება. სწორად ცხოვრებას კი დიდწილად მწერალთა ნაწარმოებებიდან, საზოგადო მოღვაწეთა,  ცნობილ ისტორიულ პირთა განვლილი ცხოვრებიდან ვსწავლობთ.

ასაკთან ერთად, რა თქმა უნდა, იცვლება ინტერესი და დამოკიდებულება მწერლების თუ მათ მიერ შექმნილი ნაწარმოებების მიმართ.

და როგორც ანტუან დე სენტ ეგზიუპერი ამბობს, რაკი ჩვენ ყველანი "ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ", ჩემი ბავშვობაც მარკ ტვენის ტომ სოიერსა და ჰელკბერი ფინს, ბიჩერ სტოუს "ბიძია თომას ქოხს", ალექსანდრე დიუმას "სამ მუშკეტერს" და "გრაფ მონტე კრისტოს", ვაჟა-ფშაველას "შვლის ნუკრის ნაამბობს" თუ ნოდარ დუმბაძის "ჰელადოსს" და "მე, ბებია, ილიკო და ილარიონს" უკავშირდება. ეს ის ნაწარმოებებია, რომლებმაც მე სამშობლოსა და ბუნების სიყვარული, სიბრალული და თანაგრძნობა მასწავლა, იმედი და რწმენა ჩამისახა, სულიერი სიმტკიცის მაგალითები მაჩვენა. 

ყოველი მწერალი სხვადასხვა ფორმით და სახით ხატავს ჭეშმარიტებას. ამიტომ, დიდ მწერალთა ყოველი ნაწარმოების გაცნობა ჭეშმარიტებასთან ზიარებაა. ჭეშმარიტებასთან მიახლოებას დიდი მანძილის გავლა და დრო სჭირდება. სწორედ ამ მანძილს გადიხარ, როცა მათ ნააზრევს ისმენ, მათ პერსონაჟებთან ერთად იმარჯვებ ან მარცხდები და დგება ეტაპი, როცა იდუმალებით მოცულ ისეთ კითხვებზე ეძებ პასუხს, რომელზეც მეცნიერების ვერც ერთი დარგი ვერ გპასუხობს. მე არაერთ ასეთ კითხვაზე პასუხი კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაში", მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებში", გიორგი ლეონიძის "ნატვრის ხეში", ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხიაში", ტოლსტოის "ომსა და მშვიდობაში", შექსპირის "ჰამლეტში", ვიქტორ ჰიუგოს "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში" მიპოვნია.

და ბოლოს, მგონია, რომ ჩვენი ქვეყნის სადღეისო არაერთ პრობლემას და ტკივილს (სწორი სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტს, დაკარგული ტერიტორიების და საკუთარ სამშობლოში დევნილებად ქცეული ადამიანების საკუთარ კერაზე დაბრუნების პრობლემას, საზოგადოებაში გამეფებულ სისასტიკეს) ყველაზე მეტად "ჩვენი თანამდევი უკვდავი სულის" - ილია ჭავჭავაძის "სარჩობელაზედ", "კაცია ადამიანი?!" თუ "მგზავრის წერილები" ეხმაურება. 

ჩემთვის ძვირფას ავტორთა და ნაწარმოებთა ამ სიას, რა თქმა უნდა, სისრულის პრეტენზია ვერ ექნება, თუმცა ვერც ერთი მათგანის გვერდის ავლაც ვერ შევძელი.

რაც შეეხება მეორე საკითხს, მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ ეპოქაში, კინომატოგრაფიას დიდი ადგილი უკავია ყოველდღიურ ცხოვრებაში. მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები, ვისთვისაც ინტერესს იწვევს ისტორიულ, ძველ გენიალურ თუ ახალ ფილმებში მონაწილე გმირების ისტორიები და განვითრებული მოვლენები, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში ჩვენს სოციუმში მიმდინარე პროცესებს ემთხვევა. შევეცდები მოკლედ ჩამოვთვალო ის ფილმები, რომლებიც პირველ რიგში მაგონდება საუკეთესო 5 ფილმის ხსენებისას...

ელდარ შენგელაიას - ცისფერი მთები, ფილმი რომელიც  მაღალ პროფესიონალურად და შეფარვით აკრიტიკებს იმ დროინდელი საზოგადოების ყოფის სამარცხვინო, თუმცა რეალურ სახეს.

მონანიება - ერთ - ერთი ნიმუში იმის, რომ ცოდვებით დამძიმებული ცხოვრება, შთამომავლობას მშვიდად სიცოცხლის საშუალებას არ მისცემს.

შინდლერის სია - სტივენ სპილბერგმა შეძლო გაეცოცხლებინა ნაცისტური გერმანიის საშინელი რეჟიმის დროს მცხოვრები ოსკარ შინდლერის ცხოვრების დიდი გამბედაობა, რომელმაც ათასობით ებრაელი გადაარჩინა ჰოლოკოსტს. ფილმის სლოგანიც ცალსახა ჭეშმარიტებაა - "ის, ვინც ერთ სულს გადაარჩენს, გადაარჩენს მსოფლიოს".

გაქცევა შოუშენკიდან - ფილმი, რომელიც საუკეთესოდ აღწერს იმას, რომ შრომით და მიზანდასახულობით შეიძლება ნებისმიერი მიზნის მიღწევა, როგორ უტოპიურადაც არ უნდა გამოიყურებოდეს იგი...

ჰაჩიკო - ხშირად ადამიანებს არ შეუძლიათ ისეთი ერთგულება, როგორიც ამ ფილმშია ძაღლის და ადამიანის ურთიერთობით ნაჩვენები. ზოგადად, ძაღლი ადამიანის კარგი მეგობარია, მაგრამ ის რეალური იაპონიაში განვითარებული ისტორია, რომელიც რეჟისორმა ჰალსტრომმა გააცოცხლა, ნამდვილად განსაკუთრებული ფილმია.

და ბოლოს, ვთვლი, რომ კარგი ფილმის ყურებისთვის, ხანდახან შეიძლება მცირე "დროის დაკარგვა"... 

Read 1105 times Last modified on კვირა, 03 თებერვალი 2019 14:44

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი