Print this page
პარასკევი, 08 იანვარი 2021 16:11

ქორწინება ადრეულ ასაკში - მიზეზები და შედეგები

Rate this item
(0 votes)

ავტორი: მარიამ გოზალიშვილი

 

 

ანა 17 წლის იყო, როცა ოჯახი შექმნა. ამბობს, რომ საყვარელ ადამიანთან ქორწინება საკუთარი ნებით გადაწყვიტა. მისი თქმით, იმის გამო, რომ დაოჯახების გადაწყვეტილება მშობლებისგან მამულად, ნაადრევ ასაკში მიიღო, არაერთ პრობლემას წააწყდა. ანამ ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება, რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ კი, მეუღლეს გაშორდა. ამჟამად, ის მარტოხელა დედაა.

 

"17 წლის ვიყავი, როცა ჩემს მეუღლესთან ოჯახის შექმნა სიყვარულით გადავწყვიტე. მშობლებმა ჩვენი ეს ნაბიჯი არ მოიწონეს. მათგან თანხმობა ვერ მივიღეთ და იმის გამო, რომ არ ვიყავით სრულწლოვანები ქორწინება ვერ დავარეგისტრირეთ. სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი, რადგან ფინანსური პრობლემები გვქონდა, არც ჩემს მეუღლეს სურდა, რომ მესწავლა", - ამბობს ანა.

 

ანა ახლა 27 წლის არის და როგორც ამბობს, მთელ დროს შვილებს უთმობს. ამის გამო მუშაობას ვერ ახერხებს. 

 

"წინააღმდეგობა ვერ გავუწიე ჩემს ქმარს და საბოლოოდ უარი ვთქვი განათლების მიღებაზე. ორი შვილი გაგვიჩნდა. შემდეგ ერთმანეთს დავშორდით და ახლა მშობლებთან ვცხოვრობ. ვფიქრობ, რომ როცა ბავშვები წამოიზრდებიან, უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარო", - გვითხრა ანამ.

 

ნაადრევი ქორწინება არის ორი ადამიანის არაოფიციალური ან ოფიციალური კავშირი, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც არის არასრულწლოვანი ანუ 18 წლამდე მიუღწეველი პირი. საქართველოში ნაადრევი ქორწინების საკითხი დღემდე მწვავედ დგას. ნაადრევ ასაკში ქორწინება დაკავშირებულია სხვადასხვა პრობლემებთან, ზოგიერთი ვეღარ აგრძელებს სწავლას, ზოგ შემთხვევაში კი, იზრდება ძალადობის რისკი.

 

ადრეულ ასაკში ქორწინების დროს, სწორედ, სწავლის შეწყვეტაზე ამახვილებს ყურადღებას ანგარიშებში სახალხო დამცველი.

 

"მიუხედავად არსებული ეროვნული თუ საერთაშორისო სამართლებრივი რეგულაციებისა, ხშირია სკოლების მიტოვების ფაქტები ადრეული ქორწინების მიზეზით. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია რეგიონებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიულ ერთეულებში", - ნათქვამია ერთ-ერთ ანგარიშში.

 

ადრეულ ასაკში ქორწინებას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები აქვს. მაგალითად, ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა, მოზარდის/არასრულწლოვანის სურვილი, იმისა რომ იცხოვროს დამოუკიდებლად. ფსიქოლოგი, ეკა ჯაფიაშვილი ფიქრობს, რომ გოგონები ნაადრევად ქორწინების გადაწყვეტილებას ხშირ შემთხვევაში ოჯახში არსებული ტრადიციების მიხედვით იღებენ.

 

"გარკვეულწილად ყურადღება უნდა გამახვილდეს მემკვიდეობით ქცევაზე. საერთოდ, ოჯახში ბავშვს ახასიათებს მშობლების ქცევის არეკვლა ანუ ბაძავს მშობლებს ნებისმიერ საქციელში, მაგრამ თუ დავაკვირედებით, საქართველოში რაღაცნაირი ოჯახური ტრადიცია არსებობს. ვთქვათ, მცირე ასაკში ოჯახის შექმნა დედამ ან ბებომ. ოჯახის ტრადიციასავით არის მიღებული, რომ მაგალითად, 18 წლამდე უნდა შეიქმნას ოჯახი. ასეთი მიდგომით თვლიან რომ ეს არის ნორმალური", - ამბობს ფსიქოლოგი.

 

ფსიქოლოგები თვლიან, რომ ასეთ დროს გოგონებმა მაქსიმალური ყურადღება უნდა დაუთმონ სწავლას. მიიღონ შესაბამისი განათლება, რადგან მომავალში შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.

 

"18 წლამდე ასაკში გოგონებს ფაქტიურად, მხოლოდ სკოლა აქვთ დამთავრებული ანუ არასრული განათლება აქვთ მიღებული. ზოგიერთი ასწრებს, რომ ამ ასაკში ჩააბაროს უნივერსიტეტში, ზოგი კი ვერა. ეს ნიშნავს, რომ პოტენციურად ეს ადამიანები განწირული არიან იმისთვის, რომ ვერარასოდეს ვეღარ მიიღონ განათლება, ვეღარასოდეს შეიძინონ პროფესია და შესაბამისად ვერ დაიმკვიდრონ როლი და ადგილი საზოგადოებაში. ანუ პროფესია ნიშნავს ადამიანის თვითრეალიზების შესაძლებლობას. შანსს იმისა, რომ შენი თავი წარმოაჩინო, დაიმკვიდრო, გარკვეული საქმე აკეთო და ამ საქმეში მიიღო გარკვეული ანაზღაურება, რომლითაც შემდეგ შენი ცხოვრების კარგი ხარისხი უზრუნველყო ან საკუთარი საჭიროებები დაიკმაყოფილო", - ამბობს ეკა ჯაფიაშვილი.

 

ადრეული ასაკში ქორწინება შეიძლება იყოს იძულებითი ან არასრულწლოვნის გაუაზრებელი თანხმობით. ნებისმიერ შემთხვევაში, ადრეული ასაკში ქორწინება მიიჩნევა, ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და კერძოდ ბავშვთა უფლებების დარღვევად, რადგან ითვლება, რომ ბავშვს, ასაკიდან გამომდინარე, არ შესწევს უნარი, მისცეს გააზრებული თანხმობა. ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევაში არსასრულწლოვანი უმეტესწილად გოგონაა.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის "გოგონათა მედიასკოლა ქალების გაძლიერებისთვის" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ფონდი "ტასოს" მიერ.