Print this page
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2021 13:08

სოფლად მცხოვრები ქალები - საერთო პრობლემებით და ერთმანეთის გაძლიერების სურვილით

Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნინი აბუაშვილი

 

გორის სოფლებში ცხოვრობენ ახალგაზრდა ქალები, რომლებისთვისაც სხვა ქალების უფლებებისთვის ბრძოლა ყოველდღიურობის ნაწილია. ისინი საკუთარი თვალით ხედავენ იმ სოციალურ და კულტურულ გამოწვევებს, რომლის წინაშეც სოფლად მცხოვრები ქალები დგანან და ფიქრობენ, რომ ერთმანეთის მხარდაჭერის გარეშე, ვითარების შეცვლა შეუძლებელია.

 

„რატომ გამოვყოფ მაინცდამაინც სოფლად მცხოვრებ ქალებს? იმიტომ, რომ ისინი ბევრ რამეს მოკლებულები არიან და მათი პირადი ინტერესები სრულად არის ჩაკარგული იმ რთულ შრომაში, რომელიც დღევანდელ სოფელში ცხოვრებას ახლავს თან“, - გვეუბნება ანა კეკელაშვილი.

 

ანა 27 წლის ახალგაზრდა ქალია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს.

 

"სახლის საქმე მთლიანად ქალზეა. სადილის მომზადება, დალაგება, ოჯახის წევრებზე ზრუნვა და ა.შ. რა თქმა უნდა, სამეურნეო საქმიანობაში მამაკაცებიც არიან ჩართულები, მაგრამ რასაც ვუყურებ, ამ საქმის ნაწილიც ქალებზე გადადის“, - ამბობს ანა.

 

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიამ სოფლად მცხოვრებ ქალებს არაერთი ახალი საზრუნავი გაუჩინა.

 

„ჩვენს კულტურაში, შვილების აღზრდა ხომ ქალების ვალდებულებაა. შესაბამისად, დისტანციური სწავლების პროცესში შვილების ჩართვაც მთლიანად დედების საზრუნავად იქცა. დაიკეტა ბაღებიც და შესაბამისად, სახლში მყოფი პატარა ბავშვების მოვლა-პატრონობაც მათ უწევთ“, - გვიყვება ანა.

 

სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემების გაანალიზებამ ანას ცვლილებების სურვილი გაუჩინა. სწორედ ამ მიზნით, ის სხვადასხვა პროექტებში ერთობა და ცდილობს, რომ თანასოფლელ ქალებს მათი უფლებების და შესაძლებლობებეის რელიზების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.

 

მისი თქმით, სოფლად მცხოვრები ქალების ხშირად საუბრობენ საკუთარი საქმეების სიმძიმის შესახებ, თუმცა ვითარების შეცვლა რთულად წარმოუდგენიათ.

 

„ჩვენ ყველანი იმ კულტურაში გავიზარდეთ, სადაც გვასწავლეს, რომ საოჯახო საქმეები ქალის საზრუნავია.  სადაც გვასწავლეს, რომ შვილების გაზრდაზეც დედამ უნდა იზრუნოს. შესაბამისად, ჩვენი ქალებიც ცდილობენ ამ ვალდებულებებთან გამკლავებას და საქმეების დანაწილებაზე საუბარიც რთულად წარმოუდგენიათ“,

 

ანა ფიქრობს, რომ ვითარების შეცვლისთვის აუცილებელია ამ მოცემულობის პრობლემად აღიარება, ამ პრობლემების საფუძვლების დანახვა და გამოსავლის გზების ძიება.  სწორედ ამ მიზნით, ანა თავადაც ჩაერთო ერთ-ერთ პროექტში „სოფლად მცხოვრები ქალები თემის გაძლიერებისთვის“.

 

„მომწონდა, რომ მქონდა საშუალება ამ პროექტში ჩემი მეზობელი ქალებიც ჩამერთო. ჩვენ ჩემთან ვიკრიბებოთ და ქალთა საკითხებზე ვისმენდით ტრენინგებს. ხშირად, ტრენინგის შემდეგაც ვაგრძელებდით საუბარს, რაც კიდევ უფრო მახარებდა. ვაღიარებდით, რომ იშვიათად ვფიქრობთ საკუთარ უფლებებზე, საკუთარ სურვილებსა და ინტერესებზე. რომ თავიდან ბოლომდე იმ ვალდებულებების შესრულებაში ვართ, რომელსაც საზოგადოება გვაკისრებს. მგონია, რომ მსგავსი სახის დისკუსიები სასარგებლოა, რადგან ქალები ხედავენ, რომ მათ მსგავსი სირთულეები აქვთ და ერთმანეთს მხარდამჭერებად ხედავენ“.

 

რაც შეეხება გამოსავალს, ანა ფიქრობს, რომ გამოსავალი მომავალი თაობის სწორად აღზრდაშია.

 

„არაერთი ტრენინგი მოვისმინე და ვხვდები, რომ თუ გენდერული სტერეოტიპებისგან არ გავათავისუფლებთ მომავალ თაობას, მუდმივად ამ უთანასწორობის წინაშე ვიქნებით. ყველა უნდა შეთანხმდეს, რომ საჭიროა საოჯაო საქმეების დანაწილება და ქალების იმ შესაძლებლობების დანახვაც, რომელიც მხოლოდ დიასახლიობას და დედობას არ გულისხმობს".

 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის "გოგონათა მედიასკოლა ქალების გაძლიერებისთვის" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ფონდი "ტასოს" მიერ.