Print this page
ორშაბათი, 18 იანვარი 2021 15:59

10 სოფლის მოსახლეობა გორის მერს მიმართავს

Rate this item
(0 votes)

ნიქოზი, ხვითი, ზარდიაანთკარი, გუგუტიაანთკარი, შავშვების, ბერბუკის და საქაშეთის დევნილთა დასახლებები, მეჯვრისხევი, ახალუბანი, აძვი-გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ქალები მერთან შეხვედრას გეგმავენ, მანამდე კი კანცელარიაში ერთობლივი წერილის შეტანას აპირებენ, სადაც როგორც თავად ამბობენ, იმ პრობლების ჩამონათვალი იქნება რომელთა მოგვარებაშიც მერის ჩართვას ითხოვენ.

 

 

"ზარდიაანთკარში მცხოვრები მოსახლეობა მოგეხსენებათ ომიდან 5 წლის შემდეგ დაუბრუნდა საცხოვრებელ სახლებს,აქ მაცხოვრებელი ხალხისთვის ყოველდღიური ყოფითი ცხოვრება ძალიან რთულია და ბევრი პრობლემაა,მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ომის დროს დამწვარი სახლებია,განადგურებული საარსებო წყარო და განადგურებული საყოფაცხოვრებო ნივთები. არ არის ამბულატორია, მიგრაციაა, ახალგაზრდების დასაბრუნებლად აუცილებელია მცირე ბიზნესისთვის ხელის შეწყობა,დაინტერესდეს და დაუბრუნდეს მოსახლეობა მიტოვებულ კარ- მიდამოს, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას სახელმწიფოსგან დიდი ყურადღება სჭირდება", - ამბობს ზარდიაანთკარში მცხოვრები ციცინო ელიკაშვილი.

 

 

სამედიცინო დაწესებულების ადგილზე გახსნას ითხოვენ იქვე მდებარე კოშკა-გუგუტიაანთკარშიც. ადგილობრივი ლია მიქელაძე ამბობს, რომ პრობლემების მოგვარებას ადგილობრივები წლებია უშედეგოდ ითხოვენ.

 

 

"შიდა უბნებში გარე განათების დამონტაჟება, ზედა უბნებში სასმელი წყლის გამრიცხვიანებას და წყლის 24 საათიან მოხმარებას წლებია ვითხოვთ, ისე როგორც ამბულატორიას და ექიმის მომსახურებას ადგილზე,“- ამბობს ლია მიქელაძე.

 

 

ინფრასტრუქტურის მოწყობა პრობლემას წარმოადგენს ნიქოზის თემშიც. აადგილობრივი ნათია მჭედლიძე აღნიშნული ქალების მსგავსად მონაწილეობდა კარალეთის ქალტა სოლიდარობის ცენტრის კვლევაში და ადგილობრივი პრობლემების შესახებ ინფორმაციას უშუალოდ აქ მაცხოვრებელი ქალებისგან გაეცნო.

 

 

"ნიქოზსა და ხვითში გარე განათება არ არის დამთავრებული. სოფლის შიდა უბნების მოხრეშვაა საჭიურო ორივე სოფელში", - ამბობს ნათია მჭეედლიძე.

 

 

პრობლემებზე საუბრობენ დევნილთა დასახლებებშიც.

 

„ჩვენთან პრობლემები ბევრია, მაგრამ განსაკუთრებით ეს სამი პრობლემა გვაწუხებს ძალიან 1კანალიზაცია. 2.მიწის ნაკვეთის დაკანონება 3.შიდა გზების მოწესრიგება", - ამბობს საქაშეთის დასახლებაში მცხოვრები მაია ქურდაძე.

 

 

 

"ჩვენთან სანიაღვრე სისტემა რომ გაკეთდა სრულად გადახურვა არ მოხდა, რის გამოც ხშირად ხდება შემთხვევბი,, როცა ბავშვებმა მიიღეს ტრავმები", - ამბობს შავშვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრები, ნინი ოთინაშვილი. 

 

 

"ბერბუკის დასახლებაში კანალიზაციაა ყველაზე დიდი პრობლემა. დასახლებაში არ ფუნქციონირებს ე.წ. კლუბი რომელიც უნდა მუშაობდეს და ხალხს ასაქმებდეს. მაგალითად, ასწავლონ ინგლისური ან რამე წრეები გაიხსნას ბავშვების განვითარებისთვის, ისედაც ჩამორჩენილნი არიან სკოლებიდან. დასახლებაში არ გვაქვს აფთიქი ელემენტარულ წამალზე გორში გვიწევს წასვლა, თუ იქნება რაიმე დახმარება შესაძლებელი ძალიან მადლობლები ვიქნებით,“ - აცხადებს თამარ ყაულაშვილი.

 

კულტურის სახლის რეაბილიტაციას ითხოვენ მეჯვრისხევში, ანა კეკელაშვილის თქმით, ახალაგაზრდებისთვის კულტურული ცენტრების არსებობა მნიშვნელოვანია და ამაში ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა აუცილებელია. 

 

" მეჯვრისხევში გვინდა რომ კულტურის სახლს ჩაუტარდეს რეაბილიტაცია,ასევე საბავშო  ბაღის აშენებას ითხოვს მოსახლეობა", -ამბობს ანა. 

 

 

მერის სახელზე წერილის გაგზავნას სოფლად მცხოვრები ქალები თვის ბოლოსტვის გეგმავენ, რის შემდეგაც დეტალებზე სასაუბროდ კონსტანტინე თავზარაშვილთან პირადი შეხვედრის (თუნდაც ონლაინ რეჟიმში) ინიციატივას გააჟღერებენ.