Back to Top
ორშაბათი, 18 იანვარი 2021 17:39

საახალწლოდ დაკარგული შემოსავალი - ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრის ისტორია

Rate this item
(0 votes)

იზოლდა ხუბულური ერთ-ერთია, რომელიც გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე ბაზრობაზე ვაჭრობდა. როგორც თავად ამბობს, საახალწლოდ 40 ათას ლარზე მეტის ღირებულების საქონელი დაეწვა.  

 

 

"ბავშვთა საქონელზე ვვაჭრობდი. ჩემი საქონელი დარბაზშივე მქონდა დატოვებული. ველოდებოდით რეგულაციების მოხსნას, რომ საქმიანობა გაგვეგრძელებინა. ზოგმა სახლში წაიღო და ონლაინ ვაჭრობდა, მე არაფერი გამიტანია. კოვიდი მქონდა მანამდე და ჯანმრთელობის მდგომარეობა გამირთულდა. ორივე თირკმელაზე პნევმონია დამემართა და ვერსად გავდიოდი. 40 000 ლარზე მეტის ზარალი მივიღე ხანძრის შედეგად. თან ლილოდან ნისიადაც მქონდა ჩამოტანილი და ცალკე ის ვალი ვალად დამრჩა", - ამბობს იზოლდა ხუბულური.


დაზარალებული სადგურის დასახლებაში ცხოვრობს, მან გორის მერს უკვე მიმართა წერილობით, თუმცა კონსტანტინე თავზარაშვილმა უპასუხა, რომ მას არანაირი დახმარების გაწევა არ შეეძლო დაზარალებული მოვაჭრეებისთვის. იგივეს პასუხობს ბაზრის ადმინისტრაცია, რომელთანაც ის 4 თვეში ერთხელ ახალ ხელშეკრულებას აფორმებდა.

"მე ორი ადგილი მქონდა აღებული და 160 ლარს ვიხდიდი ყოველ თვე, მაგრამ გვითხრეს, რომ არ შეუძლიათ ზარალის ანაზღაურება. ყოველდღიურად 80 ლარს მაინც ვვაჭრობდი და ოჯახში რაღაც შემომქონდა. ახლა არ ვიცი, რა უნდა ვქნა. 2008 წელს შვილი ომში დამეღუპა. ისედაც ძალიან დიდი სტრესი მაქვს მიღებული და ახლა ამ სიტუაციამ კიდევ უფრო გამანადგურა."

 
იზოლდა ხუბულურმა ზარალი, რამდენიმე წლის წინ გურამიშვილის ქუჩასთან მდებარე, ყოფილი აგრარული ბაზრის დაწვის შედეგადაც მიიღო. მაშინ ის საკოლმეურნეო ბაზრობაზე ვაჭრობდა და ხანძრის შემდეგ წმინდაწყლის დასახლებაში გადავიდა.
 
ამჯერად, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ისევ არაა დადგენილი. არაოფიციალური ინფორმაციით, ცეცხლი სანაგვე ურნიდან გაჩნდა. დაზარალებულ მოვაჭრეებს კი, რომლებმაც შემთხვევის შედეგად ათასობით ლარის საქონელი დაკარგეს, საიმედოს ამ დრომდე ვერავინ ვერაფერს ჰპირდება.