Print this page
ხუთშაბათი, 21 იანვარი 2021 13:35

წარმატებული მეწარმე ქალები გორიდან

Rate this item
(0 votes)

ავტორი: ანანო მუსერიძე

 

გორში ცხოვრობენ მეწარმე ქალები, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობები ბიზნესში მოსინჯეს და ხელი შეუწყეს სხვა ქალების დასაქმებას და განვითარებას.

 

ნინო გიორგაძემ სამეწარმეო საქმიანობა 2016 წლიდან დაიწყო, სამკერვალო "ლიდერი" დაარსა და სხვადასხვა სოციალური მდგომარეობის ქალები დაასაქმა.

 

“საწარმო “ლიდერი“ 2016 წელს დაარსდა. თავიდან ჩემი დანაზოგი, როგორც კომპანიის მფლობელის, იყო 0-ის ტოლი. ამიტომ დავიწყე ორგანიზაციების ძებნა, რომელიც დამეხმარებოდნენ. მიზანი იყო, რომ ჩვენთან დასაქმებულები უნდა ყოფილიყვნენ სოციალურად მოწყვლადი ქალები, რომლებსაც დავეხმარებოდით განათლებაში, დასაქმებაში და საჭირო უნარების განვითარებაში. კომპანია მიდიოდა წინ, სოციალური პასუხისმგებლობა კი კვლავ ჩვენი თანმდევი იყო და მიზერულ მოგებას ვახმარდით ქალების გადამზადებას. რთულია იყო დედა და წარმატებული ქალი. ჩემს შემთხვევაში ოჯახის წევრები მიწყობენ ხელს, გადანაწილებული გვაქვს საქმე, როგორც ოჯახში, ასევე ბიზნესში. ვფიქრობ, რომ ყველა შესაძლებლობა, რაც კი ცხოვრებაში მქონია, გამოვიყენე, რამდენად სწორად, ეს ცალკე საკითხია“, - ამბობს ნინო გიორგაძე.

 

კარალეთში მცხოვრებ ლარისა ქევხიშვილს კენკრის ბაღი აქვს. ამ წამოწყების განხორციელებაში ოჯახი დაეხმარა. ის, მისი მეუღლე, დედა და შვილები ერთდროულად ცდილობენ მეურნეობის გაფართოებას.

 

“ხილის ბაღი გვქონდა. მისი მოვლა ძვირი ჯდებოდა. მთელი წელი ვშრომობდით არაფრის გულისთვის. გადავწყვიტე კენკრა მომეყვანა, რადგან შედარებით ადვილი მოსავლელი იყო. იდეის განხორციელებაში მეუღლე, დედა და შვილები დამეხმარნენ. როდესაც პირველად იწყებ საქმეს, ბუნებრივია დაბნეული ხარ, მაგრამ უნდა წაიკითხო, ინფორმაცია მიიღო, ტრენინგები გაიარო, რომ უკეთესი მოსავალი მოიყვანო და მწერმა არ გააფუჭოს. ეს დამეხმარა ჩემი საქმის უკეთ წარმართვაში. მე ვამზადებ მაყვლის სოუსს, რომელიც ძალიან დიდი წარმატებით იყიდება. ჩემი დამზადებული სოუსი ერთ-ერთ რესტორანს მენიუში აქვს, რაც დამატებით სტიმულს მაძლევს, რომ კიდევ უფრო წინ წავიდე ამ საქმეში“, - აღნიშნა ლარისა ქევხიშვილმა.

 

კიდევ ერთი წარმატებული ქალი, რომელიც წლებია, საკუთარ ბიზნესს ხელმძღვანელობს, ირმა კიტრიაშვილია. პროფესიით ჟურნალისტმა ჯერ ყვავილების ბიზნესი წამოიწყო, 2016 წლიდან კი რძის საწარმო ნებიერას ხელმძღვანელი გახდა.

 

“რძის საწარმო “ნებიერას“ 2016 წლიდან ვხელმძღვანელობ, მანამდე მქონდა ყვავილების ბიზნესი, პარალელურად ვარ არასამთავრობო სექტორში. ვცდილობ, აქტიური ვიყო და ყველა საქმეს საჭირო დრო დავუთმო. ჩემთვის შაბათი -კვირა არ არსებობს, საღამოს ვწერ სტატიებს, დილით გადაღებებზე დავდივარ. პანდემიის პერიოდში, ცოტა შევისვენე. ჩემთვის ქალის და კაცის საქმე არ არსებობს, ამ სტერეოტიპულ მიდგომას არ ვცნობ, მეუღლე ძალიან მეხმარება და ხელს მიწყობს, რომ ვიყო წარმატებული. ქალები არ უნდა ვიყოთ მხოლოდ დიასახლისები, მუდმივად ძიებაში უნდა ვიყოთ, რომ საკუთარ თავში ახალი უნარები და შესაძლებლობები აღმოვაჩინოთ", - თქვა ირმა კიტრიაშვილმა.

 

წარმატებული მეწარმე ქალების მთავარი სათქმელი არის ის, რომ არ არსებობს სუსტი სქესი. როგორც ისინი ამბობენ, ქალი ბიზნეს სექტორშიც ისეთივე რეალიზებული, წარმატებული შეიძლება იყოს, როგორც სახლში, როდესაც ის დიასახლისის ამპლუაშია.

 

ლარისა, ირმა და ნინო ამ სექტორში დასაქმების მსურველ ქალებს ურჩევენ, რომ იბრძოლონ და ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის "გოგონათა მედიასკოლა ქალების გაძლიერებისთვის" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ფონდი "ტასოს" მიერ.