Back to Top
პარასკევი, 22 იანვარი 2021 13:28

ქალთა უფლებებზე მომუშავე ქალები გორში - ისტორიები

Rate this item
(0 votes)

ავტორი: ეთო სამნიაშვილი

 

გორში ცხოვრობენ ქალები, რომლებიც წლებია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის იბრძვიან. საკუთარი საქმიანობით, ისინი სხვა ქალების იმედად იქცნენ და საკუთარი უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენებით, არაერთი ქალის დახმარება შეძლეს. 


ვერიკო ბიწაძე

 

ვერიკო ბიწაძე 10 წელზე მეტია გენდერულ საკითხებზე მუშაობს. როგორც ის ამბობს, ქალთა უმრავლესობამ ჯერ კიდევ არ იცის საკუთარი უფლებების შესახებ.


“ქალთა და გენდერულ საკითხებზე 2000 წლიდან ვმუშაობ. პროექტში, რომელიც გულისხმობდა ქალთა გაძლიერებას გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ჩემი მეგობრის რჩევით და რეკომენდაციით მოვხვდი. დავინტერესდი თემით და დღემდე ვმუშაობ გენდერული მიმართულებით. ქალთა უმრავლესობამ ან არ იცის საკუთარი უფლებები, ან არ ცდილობს გამოიყენოს მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამიტომაა ამდენი ქალი დარჩენილი ცხოვრებისეული სიკეთეების მიღმა. რაც მეტად გავდივართ ცენტრიდან პერიფერიებში, მით უფრო მატულობს ასეთი ქალების პროცენტული რაოდენობა“, - ამბობს ვერიკო ბიწაძე.


ბიწაძის თქმით, ქალთა საკითხების წინ წამოწევამ და საკანონმდებლო ბაზაში შეტანილმა ცვლილებებმა პოზიტიური შედეგი მოიტანა.


“ადრე ქალთა უფლებების დარღვევა ჩვეულებრივი ამბავი იყო. მას არ ჰქონდა არჩევანის უფლება, არ მოიაზრებოდა მემკვიდრედ, ოჯახის ნება იყო ჩაერთვებოდა თუ არა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და ა. შ. ქალთა მდგომარეობა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შეიცვალა და ამაში დიდი წვლილი შეიტანა საკანონმდებლო ბაზაში შეტანილმა ცვლილებებმა და ქალთა უფლებებზე ხაზგასმამ. გენდერული თანასწორობის „2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების“ მიღწევა შეუძლებელია გენდერული თანასწორობის გარეშე, ეს კი ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“, - თქვა ბიწაძემ


ნინო მეგრელიშვილი

 

ნინო მეგრელიშვილი ქალთა უფლებების დასაცავად 2009 წლიდან იბრძვის. როგორც ის ამბობს, გენდერული სტერეოტიპებს ბავშვობიდან აპროტესტებდა, სწორედ ამიტომ დაუკავშირა, მომავალში საკუთარი საქმე არასამთავრობო სექტორს.


“ქალთა უფლებებისათვის მრავალწლიან ბრძოლას 2009 წლიდან შევუერთდი. როგორც არაერთმა ჩემმა თანატოლმა, ბავშვობიდან მეც ბევრი სტერეოტიპი დავიჯერე, თუმცა არსებული გენდერული როლების მიმართ კი მუდმივი პროტესტი მქონდა. მანამდე თუ ამბად ვიგებდი გენდერული თუ ოჯახში ძალადობის შესახებ, შემდეგ უკვე პირველს მიწევდა კრიზისში მყოფ ქალებთან გასაუბრება, მათი კონსულტირება, გადამისამართება და ხშირ შემთხვევაში, იმ დროს არსებულ კრიზისულ ცენტრებამდე ან სამართალდამცავ ორგანომდე მიყოლა”, - გვიყვება ნინო.


ნინო საქმიანობის პირველ წლებს იხსენებს. როგორც ის ამბობს, თავადაც ხშირად გამხდარა აგრესიის მსხვერპლი იმ მამაკაცებისგან, რომლის ოჯახის წევრსაც ეხმარებოდა.


“ვფიქრობ, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში არ დარჩენილა ისეთი დასახლებული პუნქტი, სადაც არ მივსულვარ, საინფორმაციო შეხვედრა არ ჩამიტარებია ქალთა უფლებებზე, გენდერზე, ოჯახში ძალადობაზე და არსებულ დამცავ მექანიზმებზე. დღევანდელი გადმოსახედიდან ვხვდები, რაოდენ რთული იყო მასკულინურ საზოგადოებაში გენდერის ხსენება, ამის გამო, მეც არაერთხელ გავმხდარვარ აგრესიის მსხვერპლი მოძალადე მამაკაცისგან, როგორ გავბედე და დახმარება გავუწიე მისი ოჯახის წევრს. რა თქმა უნდა, ჩვენნაირი ადამიანების ბრძოლამ თავისი შედეგი მაინც გამოიღო, შედარებით გაუმჯობესდა საკანონმდებლო ბაზა, საქართველომ მოახდინა სტამბულის კონვენციის რატიფიცირება, რამაც ბევრი პოზიტიური ცვლილება გამოიწვია“, - ამბობს ნინო მეგრელიშვილი


მარიამ თედლიაშვილი

 

მარიამ თედლიაშვილი 2010 წლიდან “კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრს“ ხელმძღვანელობს. მარიამი ორგანიზაციის დაარსების დღიდან ქალთა უფლებებზე მუშაობს.


“ქალთა უფლებებზე 2010 წლიდან ვმუშაობ. იმ დროიდან, როცა ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნდა. რატომ გადაწყვიტე ამ მიმართულებით წასვლა? ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ღია საზოგადოება არის ის საზოგადოება, რომელსაც არ აშინებს ცვლილებები. საზოგადოება კი მაშინაა განვითარებული, თუ ის ღიაა. მე ვსვამ კითხვას ყველგან, იქაც კი, სადაც ბევრისთვის ტაბუა დადებული და ვთვლი, რომ ეს სწორია, დააყენო კითხვის ქვეშ ყველაფერი. ეს გაძლევს შანსს, მიხვდე, რა მართებულია და რა არა. თუ ასე ვიფიქრებთ, ბევრი რეფორმა თავისთავად მოხდება, თანაც უმტკივნეულოდ“, - ამბობს მარიამ თედლიაშვილი.


ყველა პროექტს, რომელსაც მარიამი ახორციელებს, საკუთარ შემოქმედებად განიხილავს. და თუ ვინმე ამით დაინტერესდება ფიქრობს, რომ ეს უკვე წარმატებაა, როგორც მისთვის ასევე ორგანიზაციისთვის.


“ვთვლი, რომ იმაზე დიდი რეფორმა, ვიდრე თანასწორობის პრინციპია, ალბათ არ არსებობს, ვინაიდან ეს პრინციპი უპირველესად სწორედ ადამიანს, როგორც მთავარ ღირებულებას ასე განიხილავს. სწორედ ეს ხიბლი აქვს იმ საქმეს, რომელსაც მე ვემსახურები. ამასთან ესაა სექტორი, რომელიც გაძლევს შანსს, ამავე დროს იყო შემოქმედი. ყველა პროექტი, რომელსაც ახორციელებ, შენი შემოქმედებაა, შენი ქმნილება და თუ მისით ვინმე ინტერესდება, გამოდის წარმატებულიც. ეს არის ამ მიმართულებით ჩემი მუშაობის მიზეზი“, - თქვა თედლიაშვილმა.

 

 


მასალა მომზადებულია პროექტის "გოგონათა მედიასკოლა ქალების გაძლიერებისთვის" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ფონდი "ტასოს" მიერ.