ამ პრობლემაზე საპასუხოდ, გორის მერია მოქალაქეებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამას ახსენებს.
ესაა პროგრამა, რომლის ფარგლებში მოქალაქეთა ინიციატივით წარდგენილი პროექტები მერიის მიერ 90%-ით ფინანსდება, ხოლო დარჩენილი 10% -ს დაფინანსება თვით ამხანაგობების წევრ ოჯახებს ევალებათ.
ბინაში თუ სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ, მათ ფინანსურ წილსაც მთლიანად გორის მერია ფარავს.
"თუ მრავალბინიანი კორპუსის მოსახლეობას სურს თანადაფინანსების პროგრამაში ჩართვა და მაგალითისთვის შიდა ეზოს მოწესრიგება, ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა ამხანაგობის შექმნა. თუ კორპუსში უკვე შექმნილია ამხანაგობა, საჭიროა მოსახლეობამ გორის მუნიციპალიტეტის მერიას მომართოს განცხადებით და წარმოადგინოს გარკვეული დოკუმენტაცია, კერძოდ, ამხანაგობის დამფუძნებელი კრების ოქმის ასლი, იმ კრების ოქმი,სადაც ამხანაგობამ მიიღო გადაწყვეტილება პროექტის განხორციელების შესახებ, ასევე, კონკრეტული პროექტი და ხარჯთაღრიცხვა", - განმარტავენ გორის მერიაში.
განაცხადს განიხილავს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური. დაფინანსების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ცხადდება ელექტრონული ტენდერი. გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც შეასრულებს პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს.