Print this page
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2021 13:07

ონლაინ სწავლება და პირველკლასელები - რა ისწავლეს პატარებმა 6 თვეში?

Rate this item
(0 votes)

პირველკლასელები სკოლებში მივიდნენ. გორელი მშობლების ნაწილი კმაყოფილია, რომ მათ შვილებს საკლასო ოთახში საკუთარ თანაკლასელებთან და მასწავლებელთან პირდაპირი ურთერთობის საშუალება მიეცათ. ისინი ამბობენ, რომ დისტანცური სწავლება ყელაზე რთული დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის იყო. რადიო „მოზაიკას“ ამ საკითხებზე მშობლებს და მასწავლებლებს ესაუბრა.

 

6 წლის ნანკა დედასთან ერთად სკოლაში პირველად მივიდა. პანდემიის გამო, თანაკლასელებს და მასწავლებელს ამ დრომდე მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში იცნობდა. თათია გოგოლაძეს უხარია, რომ სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა, რადგან ფიქრობს, რომ ბავშვების განვითარებისთვის თანაკლასებთან და მასწალებელთან პირდაპირი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.

 

 

"ალბათ ერთადერთი მშობელი არ ვარ, ვინც "თიმსში" ჩატარებული ონლაინ გაკვეთილების ნაცვლად, ბავშვის სკოლაში მიყვანის მომხრე ვიყავი და მივედით კიდეც. არჩევანი გვქონდა მშობლებს და მე სკოლა ავირჩიე. პირველკლასელის დედა ვარ და დიდ სირთულესთან გვქონდა საქმე ონლაინგაკვეთილების სახით. წერა-კითხვა ფაქტობრივად ვირტუალურად ისწავლა ბავშვმა. მასწავლებლის თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, სირთულე ბევრი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასოციალურები გახდნენ, ფიზიკური დატვირთვა აღარ ჰქონდათ და აქტიური, ცოცხალი ბავშვობის ნაცვლად, უმოძრაო რეჟიმზე გადაერთვნენ. აქ კიდევ ერთი საკითხია - მშობლების დატვირთვაც ძალიან გაიზარდა დისტანციური სწავლისას“, - ამბობს თათია გოგოლაძე.

 

ონლაინ სწავლება სირთულეებს დაწყებითი კლასების პედაგოგებსაც უქმნიდა. ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგი, თეა საძაგლიშვილი ამბობს, რომ მოზარდებს მშობლების გარეშე ტექნიკის გამოყენება უჭირდათ და სასწავლო პროცესი ამ რეჟიმში ხშირად სწორედ ამ მიზეზით ფერხდებოდა.

 

„ამ პერიოდში, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მოსწავლეები აღმოჩნენ ცუდ სიტუაციაში. ელოდებოდნენ, რომ წავიდოდნენ შემოდგომით სკოლაში. აიკიდებდნენ ჩანთას, დახვდებოდათ მასწავლებელი, მაგრამ მათი ეს მოლოდინები ვერ გამართლდა, რადგან აღმოჩნდნენ კადრს მიღმა. ვერ ვიტყვით, რომ ეს დრო დაკარგული იყო, მაგრამ პირისპირ ურთიერთობას მაინც ვერაფერი შეედრება. არის რესურსები, რასაც ონლაინ-სწავლების დროს ვიყენებდით, მაგრამ ესენი იყვნენ პატარები, ზოგმა კომპიუტერის მოხმარება არ იცოდა და პირდაპირ დისტანციურად სწავლა გაუჭირდათ", - აღნიშნა თეა საძაგლიშვილმა.

მე-8 საჯარო სკოლის დირექტორი სირთულეების დაძლევის კუთხით მთავარ როლს პედაგოგის კვალიფიკაციას ანიჭებს. მისი აზრით, ასაკის მიუხედავად, პირველკასელები ონლაინ სავარჯიშოებში აქტიურად ერთვებოდნენ და სახალისოსთან ერთად, მათთვის ეს საშუალება საინტერესოც აღმოჩნდა.

 

"პირველ კლასს ვასწავლი ქართულს. მეთოდოლოგიურად თუ ფლობს თავის საგნის სპეციფიკას პედაგოგი, არაფრით არ განსხვავდება დისტანციური სწავლება საკლასო ოთახებში სწავლის უპირატესობისგან. იმდენი საინტერესო ონლაინ-რესურსია და იმდენი კარგი გონების სავარჯიშოა ტექნოლოგიების გამოყენებით, რომ ბევრი რამ, რაც წინა სემესტრში გავიარეთ, შეიძლება პირისპირ სწავლების დროს ვერც მოგვეხერხებინა. არც წერითი აქტივობების მხრივ არ გვქონია სირთულე, პირიქით, ეს გამოწვევა საშუალებადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ მომავალში", - უთხრა რადიო "მოზაიკას" ნანა ედიშერაშვილმა.

 

1-ლი  თებერვლიდან გორში 67-მა საჯარო და 6-მა კერძო სკოლამ დაიწყო სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში.

 

მშობლების ნაწილი, ვირუსიდან გამო, ისევ დისტანციურ რეჟიმს ანიჭებს უპირატესობას. ნაწილი კი ფიქრობს, რომ გასულმა პერიოდმა ბავშვები ეკრანდამოკიდებულად აქცია და ონლაინრეჟიმში დაბრუნების წინააღდეგნი არიან.