Back to Top
ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2021 13:05

გორელები ფიტნესის დარბაზების გახსნას ითხოვენ

Rate this item
(0 votes)

გორელი სპორტსმენები და ფიტნესით დაინტერესებული მოქალაქეები სპორტდარბაზების გახსნას ითხოვენ. ყველა ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ვარჯიში იმუნიტეტს აძლიერებს.

 

ივერი კორინთელმა პანდემიის პერიოდში, ბოდიბილდინგსა და ფიტნესში საქართველოს ღია ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა. ვარჯიშს მის ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. იგი ამბობს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ, ვირუსები ძნელად მიეკარებიან.


"როცა ვარჯიშობს ადამიანი, აქტიური ცხოვრების წესი აქვს, მთელი შემართებით არის. არის საუბარი, რომ დარბაზების გახსნა ვირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს, მაგრამ რეალურად, ვინც აქტიურია, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს და ვარჯიშობს, ვირუსი ძნელად მიეკარება, რადგან ვარჯიში იმუნიტეტს აძლიერებს. აღსანიშნავია, რომ ბევრ სხვა ქვეყანაში, დარბაზები პანდემიის დროს არ დახურულა", - აცხადებს ივერი კორინთელი.


ნინო ვარძელაშვილი უკვე წლებია ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს. მისი აზრით, სწორი კვება და ვარჯიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვარძელაშვილი ფიქრობს, რომ დარბაზები აუცილებლად უნდა გაიხსნას, გამოსავალი კი, დისტანციისა და პირადი ჰიგიენის დაცვაა.


"თუ გაიხსნება დარბაზები, ჩემთვის პირადად არაა მიუღებელი პრევენციის მიზნით, პირბადის გაკეთება ვარჯიშის დროს. თუმცა უნდა ვთქვათ ისიც, რომ შესაძლებელია პირბადით ვარჯიშმა ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სუნთქვის პრობლემები, რაც შეეხება ინტენსიურ ვარჯიშებს, როგორიცაა მაგალითად ბილიკზე სირბილი, წარმოუდგენლად მიმაჩნია პირბადის გაკეთება, რადგან ამ დროს მოგეხსენებათ დიდი ოდენობით ოფლი გამოიყოფა, რაც უფრო ამარტივებს პირბადის დასველებას და აძნელებს სუნთქვას. ერთადერთი გამოსავალი, ჩემ აზრით, ამ სიტუაციის დროს არის დისტანციისა და პირადი ჰიგიენის დაცვა", - ამბობს ნინო ვარძელაშვილი.


გიგა ბაგრატიონი ერთ-ერთი სპორტდარბაზის ფიტნესის ინსტრუქტორია. მან კორონავირუსი რთულად გადაიტანა. ამბობს, რომ დარბაზების დაკეტვით ადამიანებს იმუნიტეტი დაუქვეითდათ.


"შემხვდა კოვიდი და ძალიან რთულად გადავიტანე, მიუხედავად იმისა, რომ ვვარჯიშობდი 10-20 მეტრი სირბილიც კი მიჭირდა, ისე იმოქმედა ჩემზე და წარმომიდგენია ზრდასრულ ადამიანს რა მოუვიდოდა. ძალიან ბევრი მწერს, როდის იხსნება დარბაზები, წონაში მოვიმატეთ, დავსუსტდით. იმუნიტეტი ისე აქვს ხალხს დაქვეითებული, ელემენტარული გრიპისაც კი ეშინიათ. მე თვითონ 20 კილო დამაკლო კოვიდმა, 3 დღე მაღალი სიცხეები მქონდა, გემოს, ყნოსვის დაქვეითება, უძილობა, უმადობა, ვერც კი წარმომიდგენია რომ არ მევარჯიშა, ამას თუ კი გადავიტანდი", - განაცხადა გიგა ბაგრატიონმა.


ინა ელიაშვილიც ერთ-ერთი სპორტდარბაზის ფიტნესის ინსტრუქტორია. წინა რესპონდენტების მსგავსად, ელიაშვილიც, ვარჯიშისა და ძლიერი იმუნიტეტის კავშირზე საუბრობს.


"სწორი კვება და ვარჯიში არის ჯანმრთელობის გარანტი. ამ პანდემიისას განსაკუთრებით გვჭირდება მაღალი იმუნიტეტის მქონე ადამიანები. დარბაზების დაკეტვით, პირიქით, ხელს ვუწყობთ იმას, რომ ხალხმა არაჯანსაღად იცხოვროს. დარბაზები რაც შეიძლება მალე უნდა გაიხსნას, რადგან ვარჯიშს ადამიანის ორგანიზმზე ძალიან პოზიტიური ზეგავლენა აქვს", - ამბობს ინა ელიაშვილი.


გორში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, ფიტნესის დარბაზები 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაკეტილია.