Back to Top
პარასკევი, 26 თებერვალი 2021 13:55

რატომ უნდა შევუერთდეთ „1000 მშობლის მარშს“- აქცია გორშიც გაიმართება

Rate this item
(0 votes)

„1000 მშობლის მარშს“ 8 მარტს, 17:00 საათზე გორიც შეუერთდება. აქცია ნაწილი იმ 100 დღიანი კამპანიის, რომელიც ქობულეთში განვითარებული მოვლენების გამო, ქალთა მოძრაობამ დაიწყო. კამპანიის მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ გააჟღეროს და ხილვადი გახადოს ის პრობლემები თუ გამოწვევები რომელთა წინაშეც ქალები დგანან.

 

გორში „1000 მშობლის მარშს“ „ახალგაზრდა ფემინისტრების ჯგუფი“ აორგანიზებს.


„ვფიქრობ, მარშზე უნდა მოვიდეს ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ქალები და გოგონები დაცულები იყვნენ ძალადობისგან ამ ქვეყანაში. პანდემიის გათვალისწინებით, მინდა ვთქვა ისიც, რომ მაქსიმალურად ვეცდებით არსებული რეკომენდაციების დაცვას. მარშის მონაწილეებს პირბადეები დაურიგდებათ და ვეცდებით დავიცვათ დისტანციააც”, - ამბობს ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ თოფჩიშვილი.


აქციაზე წასვლას აპირებენ ქალთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. ნინო მეგრელიშვილი ამბობს, რომ ქალებს და გოგონებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ საზოგადოების ხილული მხარდაჭერა.


„14 წლის ნინის თვითმკვლელობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, სადამდე შეიძლება მივიდეთ, თუ არ იქნება სათანადო მხარდაჭერა ქალების/გოგონების მიმართ საზოგადოების მხრიდან, რომელიც ისევ მსხვერპლს ადანაშაულებს მომხდარში. ძალადობა ოჯახის წევრების მხრიდან, რომელიც ყველაზე მეტად უნდა იცავდეს მსხვერპლს გარდაუვალი სტიგმისგან. დავინახეთ აუცილებლობა მეტი სათანადო სარეაბილიტაციო სერვისების, მეტი პროფესიონალი სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის. ასევე დაზარალებულისთვის უკეთესი მხარდამჭერი გარემოს შექმნის საჭიროება“.


„1000 მშობლის მარშის“ მონაწილეები გორში, ერისთავის თეატრის სკვერში შეიკრიბებიან. ერთ-ერთი, ვინც დემონტრაციაზე მისვლას აპირებს #11 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლია მელთაურია.


„მე ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, ქალი, მომავალი დედა, მასწავლებელი, თავს დამნაშავედ მივიჩნევ, რადგან გარშემო ამდენი ძალადობის ფაქტები ხდება, რასაც მოზარდები, გოგონები, სუიციდამდე მიყავს და არაფერს ვაკეთებ. ფაქტია, ვეგუებით რბილ კანონმდებლობას სექსუალური მოძალადეების მიმართ, არაფერს ვაკეთებთ ბავშვების სექსუალური განათლებისთვის, არ ვუცხადებთ მათ ნდობას და არ ვუსმენთ. ცხადია, ეს მარში არ არის მხოლოდ მშობლების, ეს ყველას ეხება. ჩვენი მომავალი თაობის სიცოცხლე და უფლებები სასწორზე არ უნდა იდოს”.


აქციაზე წასვლას აპირებს გორის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილიც. მისი თქმით, აუცილებელია, ახალგაზრდა გოგონებს დავანახოთ, რომ მათ გვერდით ვიქნებით ნებისმიერ შემთხვევაში - მაშინა კიც, როცა ჰგონია, რომ ვერავინ გაუგებს.


„ერთი რამ უნდა გავიაზროთ ცალსახად: მოძალადე არის დამნაშავე ნებისმიერი გარემოების მიუხედავად და ის უნდა დაისაჯოს კანონით დადგენილი ნორმით. სამწუხაროდ, საზოგადოების ერთ (არც თუ მცირე) ნაწილში დამკვიდრებულ მახინჯ წარმოდგენებთან ჩვენს შვილებს სხვადასხვა დოზით, მაგრამ ბევრგან უწევთ შეჯახება, ეს მათ ფსიქიკაში ღრმად ილექება და არავინ იცის სად და როგორ მოუწამლავს გონებას, აუმღვრევს სამშვინველს და სავალალო შედეგამდე მიიყვანს, იქნებ იმ ქობულეთელი გოგონასავით საბედისწერო ნაბიჯამდეც... ამიტომ ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ ეს ჩვენ არ გვეხება. ყველას გვეხება - ყველა მშობელს, ყველა მასწავლებელს, მთელ საზოგადოებას”.

 

მარშის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ ქალების და გოგონების მხარდასაჭერად ბევრი ადამიანი შეიკრიბება და ისინი ერთად მოითხოვენ:


შეცვალეთ❗️
სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;

შექმენით❗️
პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;

გახადეთ❗️
სქესბრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;

გაზარდეთ❗️
ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;

დადგეს❗️
ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო

 

ინფორმაციისათვის, გარდა მარშისა, ასი დღის განმავლობაში ორგანიზატორები ახორციელებენ მარავლფეროვან ღონისძიებებს დაწყებული პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებით, დამთავრებული თემატური ვიდეობისა და პოდკასტების ჩაწერით. ისინი მზად არიან სამუშაო პროცესში ჩართონ სხვა ადაიანებიც და მათი მონაწილეობით დაგეგმონ სხვადასხვა აქტივობები ქვეყანაში ქალთა/გოგონათა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.