Back to Top
პარასკევი, 05 მარტი 2021 13:08

ვინ არიან მასწავლებლები გოგონებისთვის?

Rate this item
(0 votes)

ავტორი: მარიამ სანებლიძე

 

მოსწავლეები კვირაში 25 საათს სკოლაში ატარებენ.  არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ამ დროის განმავლობაში, მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარ მოსწავლეებს არამარტო სასკოლო პროგრამა გაატარონ, არამედ სწორი მიდგომებიც ჩამოუყალიბონ. რა ხდება ამ დროს ჩვენს სკოლებში? როგორ ანსხვავებენ მასწავლებლები მოსწავლეებს და რა ზიანი მოაქვს ამ ყველაფერს?

 

„როდესაც რეპროდუქციის, სექსუალური განათლების და ქალის ინტიმური ორგანოების შესახებ გაკვეთილი მოდიოდა, მასწავლებელმა გამოტოვა ეს გაკვეთილი და თქვა, ბიჭებს ეს ისედაც ეცოდინებათ, ხოლო გოგონები როცა გათხოვდებით, ყველაფერს გაიგებთო. ამ დროს მე-9 კლასში ვიყავი“, - იხსენებს მარიამ ხმიადაშვილი.

 

მარიამმა სკოლა რამდენიმე წლის წინ დაამთავრა. უჭირს გაიხსენოს შემთხვევები, როდესაც მასწავლებლები მათ გენდერულ თანასწორობაზე ესაუბრებოდნენ. სამაგიეროდ, მრავალი ისეთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც მასწავლებელი გოგონებს და ბიჭებს ქულებს განსახვევებული კრიტერიუმებით უწერდა.

 

„იყო შემთხვევები, როდესაც ისეთ ბიჭებს უწერდნენ გადამსვლელ ქულებს, რომლებიც საერთოდ არ სწავლობდნენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, როდესაც პროტესტი იყო გოგონების მხრიდან, მასწავლებელმა თავი იმით იმართლა, რომ თქვენ გოგოები ისედაც სისტემატიურად მეცადინეობთ და რა მოხდება, თუ ნიშანს წავუმატებ მათ, ვისაც ეს სჭირდებაო.“

 

ჩვენთან საუბარში მარიამი იმ მიმართვებსაც იხსენებს, რომლითაც მასწავლებლები გოგონებს და ბიჭებს საკუთარი შესაძლებლობების განსვავებულ აღქმას უყალიბებდა.

 

„მე-5 კლასიდან მე-10 კლასის ჩათვლით, მათემატიკის მასწავლებელი მყავდა ქალი, რომელიც სულ გვიმეორებდა ბიჭის ტვინი მაინც სხვა არის მათემატიკაშიო და აღნიშნულს იმით ხსნიდა, რომ წელიწადში ერთხელ თუ რომელიმე ბიჭი რაიმე ამოცანას ამოხსნიდა, ეს მასწავლებლის აღფრთოვანებას იწვევდა. მე-11 კლასში კი მათემატიკის მასწავლებელი მყავდა კაცი რომელოც საპირისპიროს ამტკიცებდა.“

 

სკოლა დამთავრებული აქვს ლიკა რომელაშვილსაც. ჩვენთან საუბარში ისიც უამრავ შემთხვევას იხსენებს, როდესაც მასწავლებლები მოსწავლეებს სქესის მიხედვით ანსხვავებდნენ.

 

„მასწავლებლები გოგონებს ხშირად აგრძნობინებენ, რომ  ბიჭები მათზე ჭკვიანები და მოაზროვნე ადამიანები არიან. არის შემთხვევები, როდესაც კლასში გოგონა გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, თუმცა ამის ხაზგასმა არ ხდება, რადგან შესაძლოა ამან ბიჭების შესაძლებლობები დააკნინოს. გოგონების შრომა სკოლაში არ ფასდება და აღიქმება ისე. თითქოს ეს ასეც უნდა იყოს და ამაში განსაკუთრებული არაფერია, ბიჭების წასახალისებლად კი ყოველთვის მზაობას გამოხატავენ პედაგოგები“, - გვიყვება ლიკა რომელაშვილი.

 

ლიკამ სკოლა 3 წლის წინ დაამთავრა, თუმცა დღემდე ახსოვს ის სირთულეები, რომლებსაც გოგონები სასკოლო სივრცეში ხვდებოდნენ. ახსოვს სპორტის გაკვეთილები, სადაც აქტივობების ნაწილში გოგონებს არ რთავდნენ.

 

„სკოლებში არსებობს ასეთი მიდგომა. რომ ზოგიერთ თამაშს გოგონები ვერ ითამაშებენ, რადგან მათთვის არაა განკუთვნილი ე.წ ბიჭების თამაშები. მინდა გამოვყო ის ფაქტიც, რომ გოგონების მხრიდან გარკვეული "ცელქობა" მკაცრად ისჯება, ბიჭებთან მიმართებაში კი არსებობს მიდგომა  "ბიჭია და იცელქებს".  

 

 

ახალგაზრდა გოგონებს სწამთ მასწავლების ძალის

 

"მასწავლებელი არის ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ ურთიერთობს მომავალ თაობასთან და რომელსაც ყველაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია პიროვნებაზე, ამიტომ თუ გვსურს გენდერული თანასწორობის მომხრე პიროვნებების აღზრდა, სწორედ მასწავლებლებს უნდა ვთხოვოთ დახმარება და მივაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია გენდერული საკითხების შესახებ."

 

მიუხედავად უსიამოვნო, არაჯანსაღი და მავნებელი გამოცდილებებისა, ახალგაზრდა გოგონებს მაინც სწამთ მასწავლებლის ძალის და ფიქრობენ, რომ ნებისმიერ მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა არამარტო სასკოლო სივრცე, არამედ თითოეული მოსწავლის ცხოვრება გახადოს უკეთესი.

 

მაგალითად, ვიკა ფრუიძე ფიქრობს, რომ საჭიროა გენდერული სტერეოტიპები ჯერ თითოეული მასწავლებლის გონებიდან გაქრეს. ვიკა დარწმუნებულია, რომ ამის შემდეგ მოსწავლეებთან ურთიერთობები თავისთავად დალაგდება და გაუმჯობესდება.

 

„ვემხრობი მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას გენდერული თანასწორობის შესახებ; რა თქმა უნდა არსებობენ ისეთი მასწავლებლები, რომლებიც საკმარისად გათვითცნობიერებულნი არიან გენდერული თანასწორობის საკითხში და ამ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ საკუთარი ცოდნა კოლეგებსაც გაუზიარონ. ასევე ვფიქრობ, რომ განათლების სამინისტრომ ინტენსიურად უნდა ითანამშრომლოს შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ამის მიხედვით, შეიტანოს ცვლილებები სასკოლო მასალებში“.

 

სასკოლო მასალებში ცვლილების შეტანაზე საუბრისას, ვიკა იმ სასკოლო პროგრამას იხსენებს, სადაც ქალები ნაკლებად გვხვდებიან.

 

„სასკოლო სასწავლო მასალებში თითქმის არ ფიგურირებენ ქალები, მაგალითად ისტორიაში საერთოდ არ არიან ნახსენები ისეთი დიდი ქართველი ქალები, როგორებიც არიან ეკატერინე გაბაშვილი და კატო მიქელაძე.“

 

 

კარგი მასწავლებლის მაგალითი

 

„ჩვენი ერთ-ერთი მონაწილე ჩვენს ბანაკში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ჩართო. მახსოვს, როგორ ზრუნავდა, რომ დაეენტერესიბინა საკუთარი მოსწავლე კლასგარეშე აქტივობით  და შედეგმაც არ დააყოვნა.  ამ გოგონამ უდიდესი პროგრესი განიცადა, უამრავი არაფორმალური ცოდნა მიიღო და თვალსა და ხელს შუა იქცა პიროვნებად, რომელსაც ბევრ საკითხზე საკუთარი ჯანსაღი პოზიცია ჰქონდა“, - გვიყვება ნინო დვალი.

 

უკვე 2 წელია, ნინო  „გლოუ საქართველოს“ სტაჟიორია და გლოუ ბანაკებს გეგმავს. ყოველ წელს უამრავ გოგონასთან უწევს ურთიერთობა და მათთან ყოველი საუბრის შემდეგ რწმუნდება, რომ მასწავლებლებს ძალიან დიდი გავლენა აქვთ მოსწავლეებზე.

 

"სწორედ აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მასწავლებლებს მოსწავლეთა განვითარებაში უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლიათ და ამის რესურსიც აქვთ. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მასწავლებლები იმაზე დიდ გავლენას ახდენენ ბავშვებზე, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. აქედან გამომდინარე, მათ მაქსიმალურად უნდა სცადონ, რომ მოსწავლეები ნეგატივის, სტერეოტიპების გარეშე, პოზიტიურ გარემოში აღზარდონ და ხელი შეუწყონ მათ პიროვნულ განვითარებას“.

 

ნინო, მარიამი, ლიკა და ვიკა ისურვებდნენ, რომ სკოლებში გაიზარდოს ისეთი მასწავლებლების რიცხვი, რომლებსაც საკუთარი მოსწავლეები ერთნაირად უყვართ და მათ მიმართ სტერეოტიპებისგან თავისუფალი დამოკიდებულება აქვთ.