Back to Top
ორშაბათი, 22 მარტი 2021 14:42

ოკუპაციის მსხვერპლთა სიმბოლო - დათა პაპას ისტორია 

Rate this item
(0 votes)

დათა ვანიშვილი - ოკუპაციის მსხვერპლთა სიმბოლოდ ქცეული პაპა, რომელმაც მშობლიური სახლი და სოფლის ის ნაწილი, რომელიც რუსული მავთულხლართების გამო საოკუპაციო ხაზს იქით მოექცა, არ დატოვა.

 

 

 

"საქართველოში დავიბადე, საქართველოში გავიზარდე, ვენაცვალე საქართველოს ტერიტორიასა", - ეს არის სიტყვები, რომელსაც დათა ვანიშვილი მასთან მისულ ჟურნალისტებსა და უცხოელ სტუმრებს ეუბნებოდა. 

 

 

დათა პაპა 19 მარტს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.  მისი მეუღლის, ვალია ვანიშვილის თქმით, სიკვდილის წინ დაუბარა, რომ არ დატოვოს სახლი, რომელშიც ამ წლების განმავლობაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მასთან ერთად ცხოვრობდა.

 

 

"არ დატოვო ჩვენი სახლი, არ წახვიდეო, ქართველები დაგეხმარებიანო", - ამბობს ვალია ვანიშვილი.

 

 

 

2013 წელს, როდესაც რუსმა სამხედროებმა ე.წ საზღვრის გავლება დაიწყეს, სოფელი ხურვალეთი მავთულხლართებით ორად გაიყო. დათა ვანიშვილის სახლი საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად მხარეს მოექცა. 

 

 

მას შემდეგ, რაც დათა პაპა მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა, მას ორი არჩევანი ჰქონდა, ან გადმოსულიყო საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ან გაეგრძელებინა ცხოვრება ოკუპირებულ ნაწილში. დათა ვანიშვილმა საკუთარ ქვეყანაში დევნილად ყოფნას, ოკუპაციასთან პირისპირ დარჩენა ამჯობინა. 

 

 

ის და მისი ოჯახი ამ წლების განმავლობაში მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრები მეზობლებისა და ნათესავების იმედად იყვნენ. დათა პაპას საოკუპაციო რეჟიმმა რამდენჯერმე შესთავაზა რუსეთის მოქალაქეობა მიეღო და იქაური პენსიით ესარგებლა, თუმცა მან ამაზე უარი თქვა. იგი არც მავთულხლართებზე გადმოძრომას უშინდებოდა და რამდენჯერმე ამის გამო, საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა. 

 

 

 

სამოქალაქო აქტივისტებმა დათა პაპას ხსოვნას პატივი მიაგეს და მავთულხლართებთან ყვავილები მიიტანეს 

 

 

"არჩევნებზე ვიყავი, გადავედი და ხელიც კი ვიტკინე მავთულხლართებზე გადაძრომისას", - უთხრა ჟურნალისტებს დათა პაპამ 2018 წელს, როცა ხმის მისაცემად ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა. 

 

 

ყოველწლიურად, ოკუპაციასთან დაკავშირებული თარიღების აღნიშვნის დროს, დათა პაპასთან მოდიოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები უცხოელ სტუმრებთან ერთად.

 

მავთულხლართების მიღმა მდგარი დათა ვანიშვილი მისულ სტუმრებს, ოკუპაციის პირობებში არსებულ ცხოვრებაზე უყვებოდა.

 

მისი მონათხრობის მიხედვით ადგენენ ანგარიშებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. განსხვავებით ხელისუფლების წარმომადგენლებისა, მასთან ხშირად მიდიოდნენ სამოქალაქო აქტივისტები, ასევე სოფლის მეორე ნაწილში მცხოვრები მოქალაქეები. მიჰქონდათ საკვები პროდუქტები და მედიკამენტები.