Back to Top
სამშაბათი, 23 მარტი 2021 14:23

სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემები - რა სჭირდებათ და როგორია ხელისუფლების ხედვა 

Rate this item
(0 votes)

სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებებზე, მათ ყოველდღიურ პრობლემებზე საუბარისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, ისეთ საკითხებს, როგორიცაა სასმელი წყლის, გადაადგილებისა და უმუშევრობის პრობლემები. სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციები განსაკუთრებულ ყურადღებას პანდემიის გავლენაზე ამახვილებენ. როგორც აღმოჩნდა, უკვე არსებული პრობლემები პანდემიამ უფრო გაართულა. 

 

 

 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები ქალებისთვის ამჟამად ძირითად პრობლემა უმუშევრობაა. პანდემიის ფონზე კი ეს პრობლემა უფრო გამწვავდა. ანა კეკელაშვილი ამბობს, ახალგაზრდა ქალებს თვითრეალიზების საშუალება არ აქვთ. 

 

 

"პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით გამოიკვეთა ეს პრობლემა. სოფლებში ქალები ძირითადად არიან დაუსაქმებლები. უფრო გაუმძაფრთად ქალებს ეს პრობლემა, გაურმაგდათ საოჯახო საქმეები, მეტი ჯაფა დააწვათ. ასევე დიდი გავლენა მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე", - ამბობს ანა. 

 

 

ანას თქმით, ახალგაზრდა ქალებისთვის კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს საბავშვო ბაღის შენობის არ არსებობა. მისი თქმით, აღსაზრდელები ნაქირავებ ფართში დადიან, სადაც შესაბამისი არც ფართია და არც პირობები. 

 

 

 

"კერძო სახლში არის გახსნილი საბავშვო ბაღი, მაგრამ არა აქვთ ის პირობები, რომ სრულად განხორციელდეს სააღმზრდელო პროცესი. ერთ ჯგუფში არის დაახლოებით 40 ბავშვამდე, სივრცეც საკმარისი არის, რომ ბავშვებს სხვადასხვა აქტივობების ჩატარება შეძლოს", - ამბობს ანა კეკელაშვილი

 

 

 

 

საბავშვო ბაღი არც სოფელ ერგნეთშია. აქ მცხოვრებ ქალებს აღნიშნულის გარდა, კიდევ არაერთი პრობლემა აწუხებთ, რომელთა მოგვარებაში ადგილობრივი ხელისუფლების დახმარების იმედი აქვთ. 

 

 

"საბავშვო ბაღი არ არის, ბავშვები ტირძნისის საბავშვო ბაღში დადიან", - ამბობს ნელი დვალიშვილი.

 

 

სოფელში არ აქვთ არც თონე, პური საყიდლად კი ხშირად გორში ჩამოსვლა უწევთ. მაგული ოქროპირიძის თქმით, აღნიშნული პრობლემა წლებია აწუხებთ და მოგვარებაში დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

 

 

"მანქანით მოაქვთ სოფელში, მაგრამ არა ყოველდღიურად. ვისაც მანქანა არა აქვს, მშიერი დარჩება. ამასთანავე ტრანსპორტის პრობლემაც გვაქვს, დილით 10 საათზე გამოდის სოფლიდან გორისკენ მარშუტკა", - ამბობს მაგული ოქროპირიძე.

 

 

ამავე თემაზე: ერგნეთში პურის საცხობის გახსნას ითხოვენ

 

 

გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ იცის. მისი თქმით, ხელისუფლებამ შეძლებისდაგვარად ყველა პრობლემის მოსაგვარებლად უნდა იმუშაოს.

 

  

"სოფლად მცხოვრები ქალებისთვის უშუალოდ მოვისმინე მათი საჭიროებებისა და პრობლემური საკითხების შესახებ. უფრო დეტალურად გავიგე, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის და მათი სოფლებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქალები ძალიან სწორად აყენებენ, ხოლმე ამა თუ იმ საკითხს და ყველანაირად ვეცდებით, რომ დავეხმაროთ ამ პრობლემების გადაჭრაში", - ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი.

 

 

კონსტანტინე თავზარაშვილი სოფლებში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში, ქალთა აქტიურად ჩართულობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მისი აზრით, მათი აქტიურობით, ადგილობრივ ხელისუფლებას პრიორიტეტული საკითხების გამოკვეთა გაუადვილდება. 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის "ადგილობრივი მედია ქალების გაძლიერებისთვის" ფარგლებში. პროექტს რადიო "მოზაიკა" "ქალთა ფონდის" მხარდაჭერით ახორციელებს.