Back to Top
ოთხშაბათი, 24 მარტი 2021 15:52

ვის და რა ფორმით მოუწევს 48 000 ლარის გადახდა - ლექსო ვალიაურის საქმე

Rate this item
(0 votes)

"რესპუბლიკური პარტიის" წევრმა გორის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება და ადგილობრივ თვითმმართველობას ბიუჯეტიდან 48 000 ლარის გადახდა მოუწევს.

 

საქმე ეხება გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ყოფილი დირექტორის ლექსო ვალიაურის სარჩელს, სადაც ის 2015 წლის 18 ნოემბრიდან, სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ, გორის მერის ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას იმავე თანამდებობაზე და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ითხოვდა. თბილისის საქალაქოს შემდეგ სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა ვალიაურის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს.

 

"უზენაესმა სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. აღდგენის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან ვეღარ მოხერხდება (გაუქმებულია ორგანიზაცია), განაცდურსაც თუ დავითვლიდით, 6 წელია გასული და 70 000 ლარამდე უწევდა და რა ლოგიკით დააკისრეს 48 000 ლარი, ჯერ არ ვიცი. ველოდებით გადაწყვეტილების ოფიციალურად ჩაბარებას და მეტი დეტალი მოგვიანებით გვეცოდინება“, - ამბობს ლექსო ვალიაური.

 

"რესპუბლიკური პარტიის" წევრის და ყოფილი საჯარო მოხელის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. გორის ოფისის თავმჯდომარე, ქეთევან ბებიაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსრულებას ექვემდებარება და მაშინდელი აღმასრულებელი ორგანოს სამართალმემკვიდრე გორის მერიას აღნიშნული თანხის ვალიაურისთვის ანაზღაურება უახლოეს პერიოდში მოუწევს.

 

"სასამართლო ხარჯები მერიას ყოველ წელს აქვს ბიუჯეტში გათვალისწინებული. ამიტომ ანაზღაურებასთან დაკავშირებით დროის გაჭიანურების საფუძველი ამ მხრივ სამართლებრივად არ არსებობს. მერიას შეუძლია იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე და თუ ჩათვლის, რომ ეს არის მაშინდელი მერის პასუხისმგებლობის საკითხი. შეუძლია რეგრესის წესით კონკრეტული პირისგან ამოიღოს ეს თანხა“, - ამბობს ქეთევან ბებიაშვილი.

 

ლექსო ვალიაურის მუნიციპალური ა(ა)იპ-იდან გათავისუფლების პერიოდში გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი იყო. ის ამჟამინდელმა გორის მერმა გასული წლის შემოდგომით ახლადშექმნილი ა(ა)იპ-ის, ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად დანიშნა. ექს-მერი ამბობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს და არც აპირებს აღნიშნულზე კომენტარის გაკეთებას.

 

"ვინმეს გაღიზიანება რომ არ გამოიწვიოს ჩემმა ნათქვამმა, ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, - აღნიშნა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

 

რაც შეეხება გორის ამჟამინდელ მერს, კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებს, რომ იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

 

"ჯერ დეტალებზე არ გვისაუბრია. არ ვიცი, გავივლი იურისტებთან ამ საკთხს და კანონის შესაბამისად, როგორც შეგვეძლება, ისე ვიმსჯელებთ ამ თანხასთან დაკავშირებით“, - ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი.

 

წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვასა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფისთვის გორის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში 861 000 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხიდან გაიცემა ლექსო ვალიაურის კომპენსაცია თუ ყოფილ მერს დაეკისრება გადახდა, ჯერჯერობით უცნობია.

 

ინფორმაციისთვის, ლექსო ვალიაური მუნიციპალური ა(ა)იპ-დან 2015 წლის 19 ოქტომბერს გაათავსუფლეს. მაშინდელი მერი მას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებდა და ვალიაურს სიცრუეში ადანაშაულებდა. საქმე ეხება ანსამბლს "შავლეგოს" სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომელიც კერძო ორგანიზაცია იყო და როგორც მაშინდელი მერი ამბობდა, მისი დაფინანსება მერიას არ ევალობოდა. ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებდა, რომ აღნიშნული ანსამბლი მუნიციპალიტეტის ბაზაზე არსებობდა და ვალიაურმა სამივლინებო ხარჯებზე ხელი მოტყუებით მოაწერინა. მისმა სამართალმემკვიდრე გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ეს არგუმენტი ვერ დაასაბუთა და დავა ლექსო ვალიაურის სასარგებლოდ დასრულდა. თუმცა გორის მერია პარალელურად ლექსო ვალიაურს პროკურატურაში უჩივის და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივ გულგრილობას და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვას ედავება. ლექსო ვალიაურთან ერთად ამ დრომდე 50-მდე ადამიანი მოწმის სტატუსით დაიკითხა.

 

"ადამიანის უფლებათა ცენტრში" განმარტავენ, რომ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა შესაძლოა გამოყენებული იყოს პროკურატურის საქმეში. მერიის მიერ მოთხოვნილ მიმართულებებზე, რითიც უწყებას გამოძიების წარმოება სურს, ხანდაზმულობის ვადა 15-დან შესაძლოა 30-წლამდეც გაგრძელდეს.