Back to Top
ხუთშაბათი, 25 მარტი 2021 15:59

85 წლის ვალია ვანიშვილი მარტოობისა და ოკუპაციის პირისპირ

Rate this item
(0 votes)

დათა ვანიშვილის მეუღლე, 85 წლის ვალია ვანიშვილი ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მოქცეულ სახლში მარტო აღმოჩნდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მასთან რამდენიმე დღით შვილი დარჩა.

 

 

ნანა ვანიშვილის თქმით, რამდენიმე დღეში მოხუცის დატოვება მოუწევს, რადგან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა დაბრუნდეს.

 

 

"ზეღდულეთიდან აქამდე ამოსვლას ერთი საათი მაინც უნდა. ამდენი წელი ჩემს მშობლიურ სახლში არ ვყოფილვარ, მავთულხლართებთან თუ მოვიდოდი ხოლმე პროდუქტს მივაწვდიდი, ხან მაგასაც მიშლიდნენ", - ამბობს ნანა ვანიშვილი.

 

 

 

მისი თქმით, მოხუც დედას სახლის დატოვება არ სურს, რადგან გარდაცვლილი მეუღლის თხოვნას ასრულებს.

 

 

" არ მომდევს, რომ ჩემს სახლში წამოვიყვანო. მეც ვერ ვახერხებ აქ დარჩენას. ბავშვებს სკოლა დაეწყოთ და ყურადღება სჭირდებათ. ძალიან ვნერვიულობ აქ მარტო, რომ უნდა დარჩეს. გაზი აქ არის და წყალი, შეშის ღუმელი აქვს და ამისთვის შეშაც, ხომ სჭირდება. თვითონ, ხომ ვერ დააპობს? ჩვენ რომ წავალთ ალბათ სულ ტირილში იქნება, რამდენიმე მეტრშია ერთი მეზობელი, ისიც ხომ ყოველთვის ვერ მოახერხებს, რომ ყურადღება მიაქციოს", - ამბობს ნანა.

 

 

 

ვალია ვანიშვილს არც ბუნებრივი აირი აქვს და არც ელექტროენერგია. მისი შვილი ამბობს, რომ სხვა უამრავი საჭიროების გარდა მოხუც ქალს მედიკამენტებიც ხშირად სჭირდება.

 

 

"სახლში ხანძარი გაჩნდა, ცოტა ხნით ადრე, სანამ მამაჩემი გარდაიცვლებოდა. 50 - 100 მეტრი სიგრძის კაბელი მაინცაა საჭირო, რომ დენი ჰქონდეთ. ტელევიზორიც გადაეწვა და მაცივარიც. პენსიას აქეთ იღებს, სიარულიც არ შეუძლია. ფეხები აწუხებს უკვე რამდენი წელია. ვგრძნობ, რომ არ არის კარგად", - გვითხრა ნანა ვანიშვილმა.

 

 

ნანა ვანიშვილი დედას საჭირო პროდუქტებს მავთულხლარტებიდან აწვდის. 2014 წელი.

 

 

 

2013 წლის შემდეგ, სოფელი ხურვალეთი საოკუპაციო რეჟიმმა მავთულხლართებით ორად გაყო, ოკუპირებულ მხარეს დარჩენილი დათა ვანიშვილი 19 მარტს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მისი მეუღლე კი მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის იმედადაა.

 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის "ადგილობრივი მედია ქალების გაძლიერებისთვის" ფარგლებში. პროექტს რადიო "მოზაიკა" "ქალთა ფონდის" მხარდაჭერით ახორციელებს.