Back to Top
ოთხშაბათი, 31 მარტი 2021 14:02

მეწარმეობა, წიგნიერება, ევროინტეგრაცია - გორელი მასწავლებლების წარმატებული პროექტები

Rate this item
(0 votes)

წარმატებულია მასწავლებელი და სკოლა, თუ მას აქვს განხორციელებული პროექტები, მასში ჩართული და გამარჯვებული მოსწავლეებით. გორის მუნიციპალიტეტს ასეთი არაერთი პროექტი ჰქონია.

 

 

ნინო ლომიძე და მისი მეწარმე მოსწავლეები

 

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მეწარმეობის სწავლებაში ჩართული სკოლების X, XI, XII კლასის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ Junior Achievement Georgia- ს მიერ ორგანიზებულ პროექტში, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ მინი კომპანიებს, ირჩევენ პრეზიდენტს, ინაწილებენ თანამდებობებს საკუთარი უნარებიდან გამომდინარე, იკვლევენ ბაზრის საჭიროებებს და აწარმოებენ ინოვაციურ საქონელს/მომსახურებას. გეგმავენ მარკეტინგულ სტრატეგიებს და ყიდიან პროდუქციას.

 

„მეწარმეობის საფუძვლებს ვასწავლი სკოლაში და ყოველ წელს ვქმნით სიმულაციურ მინი კომპანიებს და ვაწარმოებთ სხვადასხვა პროდუქციას“, - გვიყვება ნინო ლომიძე.

 

ნინო კერძო სკოლა „ეისის“ მასწავლებელია, რომელიც ესტონეთის ერთ-ერთ სკოლაშიც იმყოფებოდა მეწარმეობის სწავლების გამოცდილების გასაზიარებლად. ის და მისი მოსწავლეები გასულ წელს საუკეთესო ათეულში მოხვდნენ.

 

„ყოველ წელს შერჩეული ვართ იმ კონკურსის მონაწილედ, რომლის მიზანია საუკეთესო მოსწავლეთა მინი კომპანიების გამოვლენა. შარშან საუკეთესო ათეულში მოვხვდით, მეათე კლასელების მიერ შექმნილი ინოვაციური-საგანმანათლებლო ფაზლებით. პროექტის მიზანია მოსწავლეებში მეწარმეობის, ლიდერობის, კრიტიკული აზროვნებისა და ფინანსური წიგნიერების განვითარება. ასევე ჩვენი მიზანია,  მოსწავლეები შევამზადოთ გლობალურ ეკონომიკაში მონაწილეობის მისაღებად“, - გვეუბნება ნინო.

 

მისი სკოლა კონკურსში წელსაც მონაწილეობს.  წელს ისინი განახლებულ სამოსს წარმოადგენენ და გამარჯვების იმედი აქვთ.

 

 

სუზი ბერიძე და „შინდისის 17 გმირის სახელობის ბიბლიოთეკა“

 

შინდისის 17 გმირის სახელობის ბიბლიოთეკა სოფელში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში მდებარეობს.

 

„ბიბლიოთეკა მამა გიორგი კოკოშვილის თაოსნობით  2017 წელს დაარსდა. შენობა ადგილობრივმა მცხოვრებმა ააშენა, როგორც მოსასვენებელი სახლი“, - იხსენებს სუზი ბერიძე.

 

ის  გორის ამერიკული სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგია და ერთ წელზე მეტია, ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს ამდიდრებს.

 

„გვიხარია, რომ ცალკეული ადამიანები, კომპანიები მოგვმართავენ დახმარების სურვილით. მათ საპატივცემულოდ და ჩვენი მადლიერების დასტურად, ბიბლიოთეკის თაროებს ვანიჭებთ სახელებს. რამდენიმე თარო უკვე ატარებს სხვადასხვა ორგანიზაციის სახელს და ვიმედოვნებთ, კიდევ უფრო გაიზრდება მათი რაოდენობა. რა თქმა უნდა, წიგნადი ფონდი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მთავარი მიზანი ბიბლიოთეკის ისეთ ალტერნატიულ სივრცედ ქცევაა, სადაც შინდისის თემის და სხვა თემების მოსახლეობა მიიღებს არაფორმარული და უწყვეტი განათლების შესაძლებლობას“, - გვეუბნება სუზი.

 

დასახული მიზნის მისაღწევად,  ბიბლიოთეკას ინტერნეტით და სათანადო ინვენტარით აღჭურვა ესაჭიროება.

 

„ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და ველოდებით შედეგებს. მანამდე კი წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, ვახორციელებთ მოხალისეობრივ პროექტს, ესეების კონკურსს. მონაწილეები არიან შიდა ქართლის სკოლების IX,X, XI, XII კლასელები. მთავარი არსი კონკურსის არის ის, რომ მონაწილეებს მივცეთ შესაძლებლობა შეხვდნენ თანამედროვე მწერლებს, ფილოლოგებს, გაიზიარონ მათი გამოცდილება და რჩევები“, - აღნიშნავს სუზი.

 

წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, სუზიმ კიდევ ერთი პროექტი ჰაშთეგით #ურჩიეთანატოლს განხორციელა. პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები განიხილავდნენ წაკითხულ წიგნებს და თანატოლებს რჩევებს უზიარებდნენ.

 

 

 

ლელა წურწუმია და სწავლება თამაშის პრინციპით

 

ლელა წურწუმიამ, გორის მე-12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ჯერ კიდევ 2016 წელს გორის ციხეზე ამავე სკოლის 22 მოსწავლესთან ერთად გააკეთა პროექტი „ფორტ ბოიარდის“ თამაშის მიხედვით, რომლის მიზანი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების გავრცელება იყო.  

 

‘ჩვენი მიზანია თამაშის პრინციპის დანერგვა სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფებში, რაც შედეგად მოსწავლეების დაინტერესებას გამოიწვევს, როგორც გაკვეთილზე, ასევე გარე აქტივობებში. თამაშით სწავლება ხელს უწყობს ინფორმაციის ხანგრძლივ დამახსოვრებას“, - აღნიშნა ლელა.

 

თამაშით სწავლების პრინციპი ინოვაციურია და ამაღლებს მოტივაციას და უზრუნველყოფს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება და ხელს უწყობს გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას.

 

„პროექტი საკმაოდ პოპულარული გამოდგა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. შეიქმნა ვიდეორესურსი, რომელიც  ხელმისაწვდომია და მისი გამოყენება სასწავლო მიზნით შეუძლია ყველას“, - გვეუბნება ლელა.