Back to Top
ოთხშაბათი, 31 მარტი 2021 16:09

არაფორმალური განათლება-ეტაპები არასამთავრობო სექტორისთვის სკოლებში შესვლამდე

Rate this item
(0 votes)

კეთილდღეობის და განვითარების ცენტრის პროექტების დირექტორი გორში არაფორმალური განათლების კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და თვლის, რომ სკოლები ამ კუთხით სათანადო აქტივობებს ვერ ახორციელებენ.

 

 

ფიქრია გელაშვილი რადიო "მოზაიკასთან" ამბობს, რომ ამ მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციების როლი მნიშვნელოვანია, თუმცა განათლების სამინისტროსთან ურთიერთობის პროცესში ხშირად გარკვეულ ბარეიერებს ხვდებიან.

 

 

"ამ ეტაპზე სკოლა, რომ ვერ ახერხებს მოსწავლეთა ჩართვას არაფორმალური აქტივობებში. ამ დროს კი ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების როლი. თუმცა პრობლემა, რომელიც წლებია არსებობს სკოლებში შესვლის თავისუფლებაა, მიუხედავად იმისა რომ ადგილობრივი რესურსცენტრი ძალიან გვეხმარება და სწორად იგებს არაფორმალური განათლების მნიშვნელობას, დღის წესრგიში მაინც დგას სკოლის პრობლემები. არსებობს საჭიროება წერილებისა და რთული ბიუროკრატიული პროცესებისა", - ამბობს ფიქრია გელაშვილი.

 

 

მისივე თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებული სიმძაფრის პრობლემებით გამყოფ ხაზთან მდებარე სკოლები გამოირჩევიან. კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში თვლიან, რომ გარდა ბიუროკრატიული პროცესებისა სამუშაო თავად პედაგოგებშია ანტიდასავლური პროპაგანდის, ჰიბრიდული და საინფორმაციო შეტევების შესახებ დასავლურ ორგანიზაციებზე.

 

 

გორელ მოზარდებთან წლებია მუშაობს საზოგადოება "ბილიკიც". ორგანიზაციაში აცხადებენ,რომ ძირითადად განათლების სამინისტროს მიერ მხარდაჭერილ პროექტებს ახორციელებენ და სკოლებთან ურთიერთობის კუთხით პრობლემები არ შეხვედრიათ.

 

 

"პროექტები, რომლებსაც სკოლაში ვახორციელებთ, მხარდაჭერილია სამინისტროს მიერ, ინფორმაცია აქვთ საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან. სხვა პროექტებით არ შევსულვართ სკოლებში, გვაქვს თანამშრომლობის მემორანდუმი. ტრენინგის შესახებ ინფორმაციას ვაწვდით სკოლის დირექციას, ტრენინგზე განსახილველ საკითხებს და ვინ ატარებს აღნიშნულ ტრენინგს (ორგანიზაცია, თუ მოწვეული ტრენერი) ინფორმაციას ასევე ვაწვდით სამოქალაქო კლუბის ლიდერს და კლუბის მეურვე პედაგოგს, რომლებიც აორგანიზებენ შეხვედრებს",- ამბობს "ბილიკის" წარმომადგენელი, ლია გორელიშვილი.

 

 

სკოლის წარმომადგენელთა ნაწილი ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობისას შეხვედრებზე გადაწყვეტილებას თავად დირექცია იღებს, ნაწილი კი ამ საკითხზე სათანადო ნებართვას ზემდგომი უწყებისგან ელოდება. მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი ფიქრობს, რომ განათლების სამინისტროს საქმის კურსში ჩაყენება აუცილებლია, რადგან მოსწავლეებამდე შესაბამისი საკითხები იყოს მიტანილი.

 

 

"როდესაც ვინმეს მოსწავლეებთან სურს რაიმე შეხვედრის მოწყობა, ეს უნდა შეთანხმდეს აუცილებლად სამინისტროსთან, რადგან ჩვენ არ ვიცით ყველა ორგანიზაციის მუშაობის მიმართულება, გამოცდილება და ა.შ. განათლების სამინისტროს კონკრეტული ორგანიზაცია წერს მის მიერ დაგეგმილი აქტივობის შესახებ, სადაც მუშავდება ინფორმაცია და ამის შემდეგ სკოლასთანაც შეთანხმდება, თუ რა თქმა უნდა არის მიზანშეწონილი შინაარსიდან გამომდინარე, დირექტორსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ შესაძლოა არ იცოდეს მან არის თუ არა ის კონკრეტული ორგანიზაცია ბავშვებისთვის საჭირო ინფორმაციის მიმწოდებელი,"- ამბობს ვახტანგ სუხიტაშვილი.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციებს სამინისტროს მხრიდან ბარიერები არ ექმნებათ-ასე ეხმაურება გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი უკმაყოფილო ორგანიზაციების პრეტენზიებს.

 

 

ნანა ტერმაკოზაშვილი ამბობს, რომ მისი სამსახური გარკვეული შუამავლის როლს ასრულებს და ამ მხრივ დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში ორგანიზაციებს მათი მხრიდან ხელი არ ეშლებათ.

 

 

"განათლების სამინისტროს ძირითადად აინტერესებს, რა ტიპის შეხვედრაა, შინაარსობრივად რას მოიცავს და ა.შ. უარი არ მახსენდება, რომ რომელიმე ორგანიზაციას მიეღო, რაც მე რესურსცენტრის ხელმძღვანელი ვარ. როგორც ვიცი წინა პერიოდში უფრო არსებობდა ამ მხრივ ბარიერები. დირექტორსაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სამინისტროსთან მიმართვაც აუცილებელია, თავს ვიზღვევთ, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, რადგან მე-8 კლასელებთან ასაკთან შეუსაბამო თემაზე მოეწყო შეხვედრა", - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, გადაადგილებისა და სკოლებთან ურთიერთობის პრობლემებს განსაკუთრებით გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ხვდებიან. მათი თქმით, ხელოვნურ ბარიერებთან ერთად, არსებობს პედაგოგთა ნაწილში მენტალურ პრობლემებიც, მათი აზრით მოსწავლეებთან ერთად, მშობლებსა და პედაგოგებთან ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, რაშიც ხელის შემშლელი გარემოებები და დროში გაჭიანურებული ბიუროკრატიული ეტაპები ხელს არ უნდა უშლიდნენ.