Back to Top
ოთხშაბათი, 31 მარტი 2021 16:56

სვიმონ I-ის ქუჩა-ადგილი, რომელიც ძველი გორის ისტორიას ინახავს 

Rate this item
(0 votes)

სვიმონ I-ის ქუჩა გორში, ერთ-ერთი პირველი დასახლებაა, რომელიც გორის ციხის მიმდებარედ გაშენდა.

 

 

გორის ცენტრში თანამედროვეობასა და ქალაქის ჩვეულ ხმაურში ჩაკარგული ვიწრო, მყუდრო ქუჩები საუკუნეების წინანდელ გორში გამოგზაურებთ. 

 

 

შემაღლებულ ადგილას, გორის ციხის ფერდობზე შეფენილი ნაგებობების ნაწილი დანგრეულია, გადარჩენილი კი რესტავრაციას საჭიროებს. 

 

 

 

აქ მაცხოვრებლების აზრით, თუკი ძველ შენობებს რესტავრაცია ჩაუტარდება, აღნიშნული ქუჩა ბევრად მიმზიდველი გახდება, როგორც ადგილობრივი ვიზიტორებისთვის, ისე უცხოელი ტურისტებისთვისაც. 

 

 

"რამდენჯერ მინახავს ზურგჩანთით ამოსული ტურისტები ზაფხულში, ფოტოებს უღებდნენ შენობებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადგილი სათანადოდ თუ გაკეთდება ქალაქს მეტი პოტენციალი გაუჩნდება ტურისტული თვალსაზრისით", - ამბობს ადგილობრივი.

 

 

 

 

ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე კედლებს პირვანდელი სახე დაუბრუნოს, თუკი არსებული მდგომარეობა ამის საშუალებას მისცემს.

 

სწორედ ამიტომ, სვიმონ პირველის ქუჩაზე, ისტორიული შენობების კედლების რესტავრაციისა და რეაბილიტაციისთვის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შესადგენად გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. 

 

 

 

"რეაბილიტაცია მოხდება ისტორიული შენობების კედლების, რადგან აღნიშნულ ადგილას საავტომობილო გზა გადის და დაზიანებული კედლები საფრთხის შემცველია. გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ ამით გაუმჯობესდება  ქუჩის იერსახეც", - განმარტავენ მერიაში. 

 

 

ინფორმაციისთვის, სვიმონ I იყო ქართლის მეფე მე -16 საუკუნეში, როცა საქართველო 4 სამთავროდ იყო დაყოფილი. მისი ხელმძღვანელობით 1598 - 99 წლებში ოსმალების მიერ დაკავებულ გორის ციხეს ქართველთა ლაშქარმა ალყა შემოარტყა.

 

ალყა ცხრა თვეს გაგრძელდა. 1599 წელს ქართველებმა ციხეს ალყა მოხსნეს. ოსმალებმა ყურადღება მოადუნეს. მტრის ეს შეცდომა კარგად გამოიყენა სიმონ I-მა.

 

მისი ბრძანებით გორის ყოფილმა მოურავმა სულხან თურმანიძემ და ფარსადან ციციშვილმა თავიანთ მამულებში საიდუმლოდ დაამზადეს ციხის კედლებზე ასასვლელი კიბეები.

 

ქართველთა ლაშქარი ღამით ჩუმად მიადგა ციხეს და გალავანზე გადავიდა. ოსმალებმა გვიან შენიშნეს ქართველთა შეჭრა ციხეში. ბრძოლის შემდეგ, გათენებისას, მტერმა იარაღი დაყარა. გორის განთავისუფლებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართლის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.