Back to Top
ხუთშაბათი, 01 აპრილი 2021 13:03

ჩაშლილი მოლაპარაკებები და შეფასებები გორში

Rate this item
(0 votes)

„საქართველოს ჰყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ამ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსია” , - ეს სიტყვები თქვა ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოდან წასვლის წინ. მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კვლავ ვერ შედგა. გორში, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წევრები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყანას.

სამოქალაქო აქტივისტი  თეონა ფანქველაშვილი იზიარებს დანიელსონის სიტყვებს და ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში აქვს იმის ძალა, რომ თავისი მოქმედებებით ქვეყანა დააყენოს დასავლური განვითარების გზაზე.

 

დანიელსონის ვიზიტი და მცდელობა არის დასაფასებელი და უაღრესად მნიშვნელოვანი . სამწუხაროდ ეს დიდი შესაძლებლობა სახელმწიფომ ვერ გამოიყენა და ჩაშალა მოლაპარაკებები, რაც ცალსახად მოქმედი ხელისუფლების კისერზეა. ევროკავშირი ცდილობს დაგვეხმაროს ამ კრიზისის მშვიდობიანად დაძლევაში.  მათი მცდელობა , რომ გამოსავალი მოიძებნოს უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და კიდევ ერთხელ უთითებს იმაზე, რომ ევროპას სურს საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს“ , - აცხადებს თეონა ფანქველაშვილი.

 

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლექსო ვალიაური ფიქრობს, რომ კრიზისიდან გამოსავალი ძლიერი საპროტესტო აქციებია, რომელსაც უნდა მოჰყვეს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

 

„ „ქართული ოცნება“, რომელიც არის რუსული პროექტი მიზნად ისახავს იმას, რომ რაც შეიძლება მეტად მოაშოროს საქართველო თავის დასავლურ კურსს. აქედან გამომდინარე, სრულიად არ არის გასაკვირი, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელი შეუშალონ ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს, რაც შეიძლება მეტად ჩიხში შეიყვანონ ეს პროცესი. მქონდა მოლოდინი, რომ მეორე ეტაპზე მაინც ეყოფოდათ გონიერება და ეცდებოდნენ სწორი პოზიციების შეჯერებას, თუმცა ეს ასე არ მოხდა“ , - ამბობს ლექსო ვალიაური.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის ორგანიზაციის წევრი ანი ბალიაშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკებების ჩაშლა კიდევ უფრო გაამძაფრებს პოლიტიკურ კრიზისს, რაც თავის მხრივ ნეგატიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე.

 

„პოლიტიკურმა კრიზისმა  და გაყალბებულმა არჩევნებმა კიდევ უფრო ჩამოშალა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა გააღარიბა, ამიტომ საჭირო იყო, ქართული ოცნება სახელმწიფოებრივად მისდგომოდა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების რჩევებს და დაინიშნა ვადამდელი არჩევნები. ესაა ერთადერთი გამოსავალი შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე.თუმცა სამწუხაროდ,ხელისუფლებამ უგულებელყო დასავლელი პარტნიორების რჩევები და არ გადადგა ის აუცილებელი ნაბიჯები,რაც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანდა“ , - განაცხადა ანი ბალიაშვილმა.

 

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის ლექსო მერებაშვილის აზრით, დანიელსონის განცხადება სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით, არის დასტური იმისა, თუ თუ რა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებისათვის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება.

 

„სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ნაცვლად იმისა რომ ხელი შეუწყოს მის განვითარებას, ხშირად სწორედ ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლების დისკრედიტაციას. ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსებს არ აღმოაჩნდათ ნება, რომ ორმხრივი კომპრომისი ეპოვათ ჩიხიდან გამოსასვლელად. განსაკუთრებით მიუღებელია, რომ ამ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს მმართველი ძალა, რომელსაც აქვს სრული შესაძლებლობა და უნარი დაასრულოს ქვეყნისათვის საზიანო ეს მდგომარეობა“ , - ამბობს ლექსო მერებაშვილი.

 

დანიელსონმა წასვლის წინ განაცხადა, რომ ბრიუსელში დაბრუნებისას იქ მის მტკიცე რწმენას ჩაიტანდა, რომ „ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, როგორიც საქართველოში არსებობს, ერთ დღეს მოახერხებს, რომ ეს ფურცელიც გადაშალოს და წინ წავიდეს თავისი ამბიციური მომავლისკენ“.