Back to Top
შაბათი, 03 აპრილი 2021 12:54

რას და რა სირთულეების ფონზე სთავაზობენ გორის კერძო სკოლები მოსწავლეებს?

Rate this item
(0 votes)

კერძო სკოლები, საჯარო სკოლებთან შედარებით, ყოველთვის განსხვავებული გამოწვევების წინაშე იდგნენ. ვითარემა პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გართულდა. როგორ უმკლავდებიან ისინი ახალ სირთულეებს? - ამ საკითხებზე რადიო „მოზაიკა“ გორში მდებარე რამდენიმე კერძო სკოლის დამფუძნებელს ესაუბრა.

 

სკოლა „ეისი“

 

„უამრავი გამოწვევის წინაშე დადგა მსგავს სიტუაციაში გამოუცდელი  ქართული სკოლა -  ციფრულ ტექნოლოგიებში გაუცნობიერებლობა, ონლაინსწავლებას შეუჩვეველი მასწავლებლები,  ახალი რეგულაციები, გაზრდილი მოთხოვნები“, - გვეუბნება სკოლა „ეისის“ ხელმძღვანელი მარიკა ტლაშაძე.

 

მარიკას თქმით, კერძო სკოლებისთვის ეს ყველაფერი კიდეც უფრო დიდი პრობლემა იყო, რადგან მათ გამოწვევასთან გამკლავება დამოუკდიებლად, მხოლოდ საკუთარი ადამიანური და ფინანსური რესურსით უწევთ.

 

„ჩვენს საამაყოდ უნდა აღინიშნოს, რომ ,,სკოლა ეისმა“ ერთ-ერთმა პირველმა შეძლო, შეუფერხებლად გაეგრძელებინა სასწავლო პროცესი ონლაინრეჟიმში და შეფერხების გარეშე აგრძელებს წარმატებულ საქმიანობას“, - ამბობს მარიკა.

 

მისი თქმით, სკოლამ მოახერხა დარჩენილიყო ადგილად, სადაც ტრადიციული  და თანამედროვე ღირებულებები ერთნაირად ფასეულია და თავისუფლად ერწყმის ერთმანეთს.

 

,,ეისი“ დიდი ოჯახია, რომელშიც უყვართ, რომლის თითოეული წევრი თანაბარუფლებიანია და თითოეულის ინტერესი მაქსიმალურად  დაცულია; ეს არის გარემო, რომელიც მხოლოდ თანამედროვე  საუკეთესო განათლებას არ აძლევს ადამიანს, აქ ყალიბდებიან პიროვნებებად, აქტიურ მოქალაქეებად, მოაზროვნე ადამიანებად“, - გვეუბნებაა სკოლა ეისის ხელმძღვანელი.

 

უფრო კონკრეტულად კი:

 

სკოლას გაძლიერებული აქვს ყველა ძირითადი მიმართულების საგნის სწავლება;

სასკოლო გეგმა მორგებულია მოსწავლეების საჭიროებებზე და მიზნად ისახავს მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების წარმოჩენასა და განვითარებას

საშუალო საფეხურზე სწავლება ხორციელდება ეროვნული გამოცდების პროგრამების შესაბამისად, მოსწავლეები სკოლაშივე გადიან სარეპეტიტორო ფორმით მეცადინეობას;

1-ლიდან მე-12 კლასის ჩათვლით, ნებისმიერ საგანში მოსწავლე ინდივიდუალურად მეცადინეობს საგნის პედაგოგთან, დამატებითი ანაზღაურების გარეშე;

სწავლის საფასური 2015 წლიდან უცვლელი და სტაბილურია და წარმოადგენს დღევანდელი პირობებისათვის მინიმალურ გადასახდელს;

სკოლაში მოქმედებს გახანგრძლივებული სწავლების სისტემა, კვების ბლოკი, მშობელთან შეთანხმებით - სატრანსპორტო მომსახურება;

დაცულია უსაფრთხო გარემო ვიდეო კამერებისა და  მორიგე მასწავლებლების დახმარებით;

ფუნქციონირებს სასკოლო კლუბები გერმანულში, გამოყენებით ხელოვნებასა და ჭადრაკში;

მე-2 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით ისწავლება საოფისე პროგრამები და პროგრამირების საფუძვლები.

დაწყებით საფეხურზე სწავლება გასაგნობრივებულია და დამატებულია სპეციალური საათები შემეცნებითი და შემოქმედებითი განვითარებისათვის

სკოლაში 2015 წლიდან მეწარმეობა ისწავლება და მინიკომპანიები გვაქვს, ბავშვები ქმნიან და ყიდიან პროდუქციას

 

 

„მეცნიერებათა სკოლა“

 

„კერძო სკოლის გამოწვევები დიდია. დღემდე საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები არათანაბარ პირობებში არიან“, - გვეუბნებ ეკატერინე და განმარტავს:

 

კერძო სკოლა ფუნქციონირებას ვერ დაიწყებს, თუ არ გაიარა ავტორიზაცია. საჯარო სკოლებს ამის ვალდებულება ჯერ არ აქვთ;

კერძო სკოლამ ავტორიზაციის უფლება რომ მოიპოვოს, იხდის დაახლოებით 7000 ლარს, საჯარო სკოლა ამ ყველაფრისგან ჯერჯერობით განთავისუფლებულია;

საჯარო სკოლის მოსწავლეებს სახელმწიფო უზრუნველყოფს პერსონალური კომპიუტერებით, კერძო სკოლის მოსწავლეებს კი არა;

საჯარო სკოლის მოსწავლეებს სახელმწიფო აძლევს სასწავლო წიგნებს, კერძო სკოლის მოსწავლეებს კი არა;

საჯარო სკოლას მოსწავლისთვის განკუთვნილი ვაუჩერი რამდენიმე ასეული ლარით მეტი ერიცხება კერძო სკოლისგან განსხვავებით;

საჯარო სკოლას ცალკე უფინანსდება ექიმის და სპეცმასწავლებლის შტატი, კერძო სკოლას კი არა;

საჯარო სკოლები სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებებით, კერძო სკოლა კი არა;

საჯარო სკოლის მასწავლებლები საკმაოდ მაღალანაზღაურებადი არიან თავისი დანამატიანი სისტემით, კერძო სკოლას თუ უნდა კონკურენციის გაწევა, მან უნდა უზრუნველყოს მასწავლებლის ანაზღაურება საჯარო სკოლასთან გათანაბრებული. თუ გავითვალისწინებთ ჩვენს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გადახდის უნარიანობის შესაძლებლობებს, კერძო სკოლის შემოსავალი არც თუ სახარბიელოა.

კერძო სკოლის ვალდებულებაა ჰქონდეს სახანძრო სისტემა, ვიდეოკონტროლი, შენობის მდგრადობის და უსაფრთხოების კვლევები და კიდევ უამრავი სხვა დოკუმენტი, საჯარო სკოლისთვის ეს სავალდებულო ჯერჯერობით არ არის.

 

სკოლა „თამარიონი“

 

„კერძო სკოლები სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა ყოველთვის, რადგან ჩვენ გაზრდილი პასუხისმგებლობა გვაქვს მშობლების წინაშე იმის გამო, რომ მშობელი გარკვეული თანხის საფასურად, ჩვენგან მაღალ ხარისხს ითხოვს“, - ამბობს სკოლა „თამარიონის“ ხელმძღვანელი თამარ უთნელიშვილი.

 

თამარის თქმით, პანდემიამ მასწავლებლების შრომა გააორმაგა, რადგან სწავლის ხარისხის შენარჩუნება დისტანციურ და ჰიბრიდიულ რეჟიმში სხვანაირად ვერ შენარჩუნდებოდა.

 

„მაგრამ მშობელს, რომელსაც ჩვენთან ბავშვი მოჰყავს, არ აინტერესებს ჩვენი პრობლემები და ეს ბუნებრივიცაა. ჩვენ ვალდებულები ვართ, მშობლების მოლოდინები გავამართლოთ“, - ამბობს თამარი.

 

სკოლა „თამაირიონის“ ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ მისი მოსწავლეების მშობლებს უნდა ჰქოდეთ განცდა, რომ

 

მის შვილზე ზრუნავენ, ფიქრობენ და მაქსიმალურად ავლენენ მის შესაძლელობებს;

ბავშვი არასოდეს იქნება რაიმე ფორმით დისკრიმინაციის მსხვერპლი და იქნება ისეთ გარემოში, სადაც ყველაფერს სიყვარულით და სითბოთი აკეთებენ;

მაქსიმალურად გამოვლინდება მისი ყველა უნარი და ნიჭი და ხელს შეუწყობენ ამ ნიჭის განვითარებას, როგორც დამატებითი საგნობრივი, ისე სახელოვნებო მეცადინეობებით;

სხვადასხვა ფორმით დაფასდება და წახალისდება მისი შვილის წარმატებები;

ბავშვს  გამოუმუშავდება თავისუფალი აზროვნების და მისი გამოხატვის უნარი;

იგი ისწავლის ლაღ კომუნიკაციას, ურთიერთობის ხელოვნებას, მოყვასის სიყვარულს, ტოლერანტობას, პატრიოტიზმის რაობის სწორად გააზრებას;

მას გამოუმუშავდება პასუხისმგებლობის გრძნობა საქმის და საზოგადოების მიმართ, ისწავლის დროის რაციონალურ განაწილებას და მის ფასს;

დაწყებითი საფეხურის დამთავრებისას მის შვილს ექნება კარგი საფუძველი შემდგომი ეტაპის წარმატებით გაგრძელებისთვის;

ხოლო სკოლის დამთავრებისას ექნება გარკვეული წარმოდგენა მისი მომავალი ინტერესებისა და პროფესიის შესახებ.-ამას ჩვენი სკოლა და საინტერესო სასკოლო თუ სკოლისგარეშე აქტივობები უზრუნველყოფს.

 

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ის თანხა, რასაც მშობელი ჩვენთან იხდის, მიზერული ინვესტიციაა ასეთი მნიშვნელოვანი სამომავლო შედეგისათვის“, - ამბობს თამარი.