Back to Top
ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021 15:40

„ფქვილი გვჭირდება დევნილებს“-პროდუქტზე ფასების გაზრდა დახმარების გაცემაზეც აისახა

Rate this item
(0 votes)

ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ფასების გაზრდა პროდუქტის დარიგების პროცესზე აისახა და გარკვეული პრობლემებიც გამოიწვია.

 

 

იძულებით გადაადგილებული ოჯახები დახმარების სახით პერიოდულად ზეთს, ფქვილს და შაქარს იღებდნენ, თუმცა პროდუქტის შეძენას ახლა უკვე ბევრად მეტი თანხა სჭირდება, ვიდრე - გასულ წელს.

 

 

ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ კახნიაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, შეეცდებიან მოსახლეობას პროდუქტი საჭიროების მიხედვით წლის განმავლობაში დაურიგონ.

 

 

"ბოლო წლებში 3 სახის პროდუქტს ვარიგებდით, ფქვილი, შაქარი და ზეთი. ფასების გაზრდამ თავისი დაღი დაასვა ყველაფერს. ზეთის ფასი სად წავიდა ყველამ კარგად იცის. იყო 3 ლარი წინა წლებში, ახლა კი ღირებულება გახდა მინიმუმ ორმაგი. პირველი ტენდერი გამოვაცხადეთ 6 და 50-ზე და ჩავარდა. ამის შემდეგ სახელმწიფომ გამოაცხადა და მისგან 5 ლ 50 თეთრში შევიძინეთ. პლუს ტრანსპორტირება, მთელი საქართველოს მასშტაბით ვარიგებთ. მეტი თანხაა ახლა საჭირო ვიდრე გასულ წელს“,-აცხადებს ნუგზარ კახნიაშვილი.

 

 

ქურთის მუნიციპალიტეტს ამჟამად ტენდერი შაქრის შესყიდვაზე აქვს გამოცხადებული. 50 186 ლარი ლარით გამგეობას 21 150 კგ შაქრის შესყიდვა სურს. თითოეულ ოჯახზე 10 კგ-ია გათვალისწინებული. კახნიაშვილი ფიქრობს, რომ გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში პროდუქტის დარიგება სააღდგომოდ მოესწრება.

 

 

რადიო „მოზაიკას“ დევნილთა დასახლებაში უთხრეს, რომ პირველ ეტაპზე ფქვილი ესაჭიროებათ, რადგან ოჯახების უმრავლესობა პურს სახლში აცხობს. მუნიციპალიტეტი კი ფქვილის მიწოდებას გაძვირების გამო, ამ ეტაპზე ვერ ახერხებს.

 

 

"სოციალურ პაკეტში გვაქვს ერთჯერადი 100 ლარიანი დახმარება. იმ დევნილ მოსახლეობას, რომლებიც თბილისსა და რუსთავში ცხოვრობენ 100 ლარი აქვთ დახმარება. რუსთავიდან ან თბილისიდან, რომ ჩამოდიოდნენ საწყობში ტრანსპორტირება უჯდებოდათ იმდენი, რომ აღარც უღირდათ პროდუქტის წაღება. გაურკვევლობა და უთანხმოება რომ არ იყოს მოსახლეობაში და ყველას თანაბრად, რომ ერგოთ. თუ თბილისსა და რუსთავში მაცხოვრებლები მიიღებდნენ 100 ლარს, ჩასახლებებშიც 100 ლარის ექვივალენტის პროდუქტი უნდა დარიგებულიყო. მაგრამ 100 ლარის ექვივალენტში აღარ ეტევა ახლა ის პროდუქტი. შესაძლოა ცდომილება 5-10 ლარი იყოს, ამას აიტანდა ბიუჯეტი, მაგრამ ფქვილის შეძენას ამ ეტაპზე უფრო მეტი თანხა დასჭირდება", - ამბობს ნუგზარ კახნიაშვილი. 

 

 

მისი განმარტებით ამ ეტაპზე დევნილი ოჯახები ზეთს და შაქარს მიიღებენ, რაც შეეხება ფქვილს, ეცდებიან რომ წლის ბოლომდე პატარა ტომრებით მაინც დაურიგონ. 

 

 

"შაქარი და ზეთი 80 ლარამდე ადის, რაც შეეხება ფქვილს, ვცდილობთ ერთი პატარა ტომარა მაინც წლის ბოლომდე შევიძინოთ და დავურიგოთ ჩვენს მოსახლეობას.“-ამბობს ნუგზარ კახნიაშვილი.

 

 

მიმდინარე წელს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სულ 2 ტენდერი გამოაცხადა, მცენარეული ზეთის შესაძენად შესყიდვა ვერ მოხერხდა, რადგან ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. შაქრის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერის ვადა ხვალ, 8 აპრილს იწურება.