Print this page
შაბათი, 18 იანვარი 2020 14:00

ლევიტანა - სოფელი, რომელსაც ახალგაზრდები მასობრივად ტოვებენ

Rate this item
(1 Vote)

სოფელი ლევიტანა გორიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. დღესდღეობით, სოფელში 20-25 ოჯახი დარჩა საცხოვრებლად. აქ ახალგაზრდას იშვიათად შეხვდები. სოფელი ძირითადად აზერბაიჯანელი ხალხით არის დასახლებული. 

იბრაჰიმ ემინოვი ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებიდან, რომლებმაც ლევიტანა წლების წინ დატოვეს. როგორც იბრაჰიმი ამბობს, მისთვის ძალიან რთული იყო სოფლის დატოვება, რადგან აქაურობასთან ბევრი მოგონება აკავშირებს, თუმცა არასათანადო პირობებმა აიძულა სოფელი დაეტოვებინა. მიუხედავად ამისა, ლევიტანასთან კავშირი დღემდე აქვს. ხშირად სტუმრობს ბებოს და პაპას, ზაფხულის პერიოდის დიდ ნაწილსაც სწორედ აქ ატარებს.


„გავიზარდე და ბავშვობა სოფელ ლევიტანაში გავატარე. ჩემი მოგონებები სწორედ აქაურობას უკავშირება. ბავშვობა რომ მახსენდება, ეხლაც განვიცდი. მაგალითად, ეს იყო სოფელi, სადაც ყველაზე ბევჯერ მითამაშია ფეხბურთი, წავსულვარ სათევზაოდ ან საბანაოდ მდინარეზე. 9 წლისამ დავტოვე იქაურობა იმიტომ, რომ არ იყო სკოლა, ბაღი და ა.შ. ნორმალური სკოლა, გზა, საცხოვრებელი პირობები რომ ყოფილიყო, არ დავტოვებდი. იქნებ სოფელში ბიზნესის განვითარებაზეც კი მეფიქრა, ძალიან ლამაზი ბუნება გვაქვს და ტურისტული პოტენციალიც დიდი აქვს ლევიტანას“, - აცხადებს 28 წლის იბრაჰიმ ემინოვი.

 


იბრაჰიმის თქმით, ლევიტანაში ზაფხულის პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა იზრდება. ბებოებთან და პაპებთან შვილები და შვილები ბრუნდებიან და სეზონს აქ ატარებენ. მისივე განმარტებით, მიუხედავად ამისა, გამონაკლისი არც სხვა სეზონებია, ლევიტანაში სტუმარი სულ არის.


„ზამთარ-ზაფხულ სულ ჰყავს ლევიტანას სტუმარი, მაგრამ ზაფხულს უფრო მეტი ხალხი ჩამოდის ხოლმე. ამჟამად თუ დაახლოებით 20-25 ოჯახი ცროვრობს , ზაფხულში ეს რაოდენობა 40-მდე იზრდება“, - ამბობს იბრაჰიმი.


კამილ ემინოვი 30 წლისაა. დღემდე, ლევიტანაში ცხოვრობს. მისი თქმით, სოფელში ახალგაზრდები თითქმის აღარ დარჩნენ. რაც შეეხება თავად კამილს, მან ვერ შეძლო სოფლის დატოვება.


„ვერ შევძელი სოფლის და ჩემების დატოვება. მიუხედავად იმისა, რომ აქ არ არის ის პირობები, რომელიც ახალგაზრდებს აქ დარჩენას მოანდომებს. ულამაზესი ბუნება გვაქვს. ზამთარშიც და ზაფხულშიც მიმზიდველი უნდა იყოს ტურისტებისთვის, სუფთა ჰაერი და მთებია გარშემო. ზამთარში თოვლი არ გვაკლია. რატომ არ შეიძლება ტურისტულად განვითარდეს ეს მხარე? ინტერნეტიც კი არ არის, სხვა რამეზე აღარ მაქვს საუბარი“, - ამბობს კამილ ემინოვი.


როგორც ცნობილია, სოფელ ლევიტანას აქვს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა სხვადასხვა შეღავათებით სარგებლობს. გორის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, გასულ წელს სოფელში 2 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

 


„გასულ წელს ლევიტანაში 2 პროექტი განხორციელდა: სასმელი წყლის ცენტრალური სისტემის მონტაჟი სოფლის პროგრამით და გარეგანათება სამოქალაქო ბიუჯეტით“, - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ელზა მიქელაძე.

 

რაც შეეხება მიმდინარე წელს, გორის მერია მეზობელ სოფელში სტადიონის მოწყობას გეგმავს და ფიქრობს, რომ ამით ორივე ლევიტანაში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებსაც უპასუხებს. აღნიშნულის შემთხვევაში, ფეხურთის სათამაშოდ მოზარდებს დაახლოებით 3-5 კილომეტრის გავლა ფეხით მოუწევთ.