Back to Top
სამშაბათი, 21 იანვარი 2020 15:01

არ გვინდა სოფლიდან წასვლა - მოსწავლეთა ფიქრები მცოცავი ოკუპაციის ფონზე

Rate this item
(0 votes)

ბავშვები, რომლებსაც 2008 წლის აგვისტოს ომი ახსოვთ, ახლა ყოველდღიურად იგებენ ცნობებს მცოცავი ოკუპაციის შესახებ. მათ ნაწილს სოფლის დატოვება არ უნდა.

ბექა მელანაშვილი, 16 წლის, ზემო ხვითი

 

"მეშინია, რომ ერთ დღესაც შეიძლება მეც მავთულხლართების იქით მოვყვე. მე მიყვარს ჩემი სოფელი. აქ დავიბადე და როგორ შეიძლება, არ მიყვარდეს. მახსოვს ჩემი ბავშვობა. მახსოვს სტადიონი გვქონდა სოფელში, სადაც ვთამაშობდით ფეხბურთს ხელბურთს როგორც პატარები ასევე დიდები. ახლა ეს სტადიონი ცარიელია. ბავშვებიც აღარ არიან იმდენი და აღარც დიდებს აქვთ თამაშის ხალისი. მე არ მინდა აქედან წასვლა".

 

ბექა ბერაშვილი, 17 წლის, მეჯვრისხევი

 

" ვუყურებ, ნელ-ნელა როგორ ითვისებს რუსეთი ჩვენს ტერიტორიებს და გული მტკივა. მე არსად წასვლა არ მინდა. ჩემს სოფელში მინდა ცხოვრება. აქ თითქოს ყველა და ყველაფერი მიყვარს - ხალხი, ხეები, სახლები, ბაღები. აქ ყველაფერი რაღაცას მახსენებს. არ მინდა, რომ დავკარგოთ აქაურობა."

 

ნინო ხომასურიძე, 15 წლის, მეჯვრისხევი

 

 

" ქვეყნის სიყვარული იწყება იმ ადგილიდან, სადაც დაიბადე. მე ასე მჯერა და ამიტომაც ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ჩემი სოფელი არ მიყვარდეს. არასოდეს მიფიქრია აქედან წასვლაზე. მინდა, რომ აქ ვიყო და დავინახო, როგორ ვითარდება აქაურობა. ახლა კი, როცა ვიგებ, რომ ჩვენს რომელიმე სოფელში მცოცავი ოკუპაცია განახლდა, რაღაც საშინელი გრძნობა მეუფლება და ყველაზე ვბრაზდები - რუსეთზე, ვინც ამას აკეთებს და მათზე, ვისაც რამენაირად ამის შეჩერება შეუძლიათ და არ აჩერებენ. არ მინდა იმის ყურება, თუ როგორ ვკარგავთ ტერიტორიებს."

 

 

გუგა ბაბუციძე, 18 წლის, ნიქოზი 

 

 

ჩვენ ის თაობა ვართ, ვისაც მოსწავლეობის პერიოდშივე გვიწევს ომზე, დაკარგულ ტერიტორიებზე ფიქრი და საუბარი. გული მტკივა, რომ ასეა. იმასაც ძალიან განვიცდი, რომ ჩვენს ქვეყანაში "საზღვრებს" გვიწესებენ. ჩემი სოფლისთვის ეს ტკივილი ნაცნობია. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი სახლის მიტოვებას არ ვაპირებ. აქ გავატარე ბავშვობის ლამაზი წლები, ვიცი ყველა გზა, ადგილი დ რასაკვირველია ძალიან მიყვარს.