Back to Top
შაბათი, 07 მარტი 2020 13:12

3 მითი ანტიდისკრიმინაციულ კანონზე

Rate this item
(0 votes)

კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონი, სახელმწიფომ 2014 წლის 2 მაისს მიიღო. კანონის მიღებამდე იყო ბევრი მსჯელობა. ულტრანაციონალისტური ჯგუფები თავიდანვე წინააღმდეგები იყვნენ ამ კანონის მიღებისა, რადგან თვლიდნენ, რომ ამით „გარყვნილების პროპაგანდას“ ეწყობოდა ხელი.

 

კანონი 13 მუხლისგან შედგება. მისი მიზანი დასაწყისშივე ნათლად არის ნაჩვენები.


„ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა“.


კანონის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები პირველ რიგში იტყვიან, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი ლგბტ თემის პროპაგანდას ემსახურება, მეორე ნაწილი ამბობს იმასაც, რომ ეროვნულ თვითმყოფადობას უქმნის საფრთხეს. ეს ყოველივე, რადიო „მოზაიკას“ მიერ ჩატარებული გამოკითხვიდანაც ნათლად ჩანს. რესპონდენტებს დავუსვით მარტივი შეკითხვა: „რა არის ანდიტისკრიმინაციული კანონი?“.


ნინო კობალაძე, 44 წლის:

 

„ეს ის კანონია, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს რომ არ უნდოდა მიეღოთ. როგორც მახსოვს, ცისფერების პროპაგანდას ეხებოდა, სხვა არაფერი ვიცი“.


ლევან მაზმიშვილი, 21 წლის:

 

„წარმოდგენა არ მაქვს რა არის, პიდ...სტებს რომ ახსენებდნენ ამ კანონთან მიმართებაში ეს მახსოვს“


მარინა მამაცაშვილი, 35 წლის:

 

„თანასწორობის საკითხებს ეხება ეს კანონი, რომელიც იცავს სხვადასხვა ნიშნით განსხვავებულ ადამიანებს, არათანაბარ უფლებრივ მდგომარეობაში ჩაყენებისგან“


დათო ასკილაშვილი, 37 წლის:

 

„იმ ქვეყანაში, რომელშიც უმრავლესობა მართლმადიდებელია, არ შეიძლება ისეთი კანონების არსებობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის სარწმუნოებას და ხელს შეუწყობს გარყვნილებას“.


ძირითადი ტენდენციების საჩვენებლად აღნიშნული 4 პასუხიც საკმარისია. განვიხილოთ ანტიდისკრიმინაციული კანონის გარშემო არსებული მითები ცალ-ცალკე.


მითი N1 - ანტიდისკრიმინაციული კანონი ლგბტ თემს უპირატესობას ანიჭებს და პროპაგანდას უწყობს ხელს


ყველაზე ხშირად აღნიშნულ კანონს ლგბტ თემს უკავშირებენ, თუმცა მათგან არც ისე ბევრმა იცის, რეალურად რას ემსახურება ანტიდისკრიმინაციული კანონი. აღნიშნული მითის საპირისპიროდ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი, გიორგი გოცირიძე განმარტავს კანონს და ამბობს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი სწორედ საქონელზე და მომსახურებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხს აწესრიგებს და არა გეი-ქორწინების საკითხს ან რაიმე სხვა ლგბტ თემთან ასოცირებულ საკითხს.


„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება საჯაროდ ხელმისაწვდომი საქონლისა და მომსახურების მიღებაზე (საცხოვრებლის ჩათვლით). ასევე შრომით ურთიერთობაში.ეს კანონი არ ადგენს გეი ქორწინებას არამედ იმას, რომ ადამიანები სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მიუხედავად ისარგებლებენ იმავე სიკეთით, რითაც საზოგადოების სხვა წევრები სარგებლობენ. მაგალითად, ბინის მესაკუთრე ვერ ეტყვის ადამიანს უარს ბინის მიქირავებაზე, იმიტომ რომ დამქირავებელი გეია ან კაფე ვერ ეტყვის სექსუალური ორიენტაციის გამო მომსახურებაზე კლიენტს უარს“, - ამბობს გიორგი გოცირიძე.

 

მითი N2 კანონი მართლმადიდებლობას უქმნის საფრთხეს

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გასულ წელს განცხადება გააკეთა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამაც. მისი აზრით, კანონი შესაცვლელია, რადგან არანაირ ზნეობრივ ჩარჩოებში არ ჯდება.


„ყოვლად დაუშვებლად ვთვლით ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ მოცემული რედაქციით დატოვებას, ვინაიდან იგი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, არანაირ ზნეობრივ ჩარჩოებში არ ჯდება! ეროვნული თვითმყოფადობის, ზნეობრივი და სულიერი ფასეულობების შესანარჩუნებლად მუდამ იბრძოდა და იბრძოლებს ქართული ეკლესია, ჩვენი ერის საუკეთესო შვილებთან ერთად", - აღნიშნა ანდრია გვაზავამ.


ამ ყველაფრის საპირისპიროდ, თეოლოგი და სამოქალაქო აქტივისტი ნიკა წიქარიძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონი უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა გარანტირებულ დაცვას, რათა რაიმე ნიშნის გამო, ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი არ გახდეს შევიწროვებული, დისკრიმინირებული და ძალადობის სხვა რაიმე სახის მსხვერპლი.


„მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა აღიარებს და მიერთებულია, საერთაშორისო კონვენციებს, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს, შეუძლებელია იყოს კანონი, რომელიც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, რომელიმე ჯგუფის წინააღმდეგ იყოს მიმართული (თუ ეს ჯგუფი არ უქმნის საფრთხეს ადამიანის და მოქალაქეთა უსაფრთხოებას, ქვეყნის ინტერესებს და დამოუკიდებლობას.). ყოველივე ამის გათვალისწინებით, ანტიდისკრიმინაციული კანონი, არაა რომელიმე რელიგიური ჯგუფის წინააღმდეგ. პირიქით, ანტიდისკრიმინაციული კანონი, უზრუნველყოფს უფლებათა გარანტირებულ დაცვას, რათა რაიმე ნიშნის გამო, ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი არ გახდეს შევიწროვებული, დისკრიმინირებული და ძალადობის სხვა რაიმე სახის მსხვერპლი“.


წიქარიძე მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლური რელიგიის არსიც იმავეს გულისხმობს, რასაც აღნიშნული კანონი იმ კონტექსტში, რომ არავინ უნდა იყოს ჩაგრული.

 

„ვფიქრობ, ჩვენ როგორც საზოგადოებას, მათ შორის ქრისტიანული ღირებულებების მატარებელ ხალხს, როდესაც ქრისტე თავად გვევლინება არაერთგზის, მის ეპოქაში უმცირესობების დამცველი და მიმღები. ქრისტე, რომელმაც აგრესია უარყო და მიმართა თავის მოციქულებს, ვინც არ მოუსმენდათ, უბრალოდ გამობრუნებულიყვნენ და დაეტოვებინათ ის ადამიანები. თავისი არსით, ანტიდისკრიმინაციული კანონი, მეტად ესადაგება ქრისტიანულ მორალს, ვიდრე ეწინააღმდეგება“, - აღნიშნავს ნიკა წიქარიძე.

 

მითი N3 ანტიდისკრიმინაციული კანონი ქართველობას გვართმევს


გვპასუხობს იურისტი დავით გიგაური, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს „ნორმატიული წყარო“ უფრო არის განმარტებით ბარათი და გავრცობა კონსტიტუციის მოთხოვნებისა, რომელიც ადამიანთა ყველა უფლებას თანაბრად უზრუნველყოფს.


„როდესაც 2014 წელს ამ კანონის მიღებაზე მუშაობდა პარლამენტი, რატომღაც საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში და არც თუ ისე მცირე ნაწილში გაჩნდა დამოკიდებულება, რომ ამ სამართლებრივ აქტს შეეძლო საქართველოს მოქალაქეებისთვის წაერთვათ მათი ეროვნული კუთვნილება, ქართველობა, რადგან აღქმული იყო ისე, თითქოს ამ აქტის გამოქვეყნების შემდეგ წახალისდებოდა განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების პროპაგანდა და რომ ეს ხალხის დიდი ნაწილის აზრით, დააზიანებდა მომავალ თაობას, ამ დროს, საქართველოს კანონი, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, მხოლოდ ერთხელ მოიხსენიებს ტერმინს „სექსუალური ორიენტაცია“ და ამის გარდა ოცზე მეტი დისკრიმინაციის ფორმის აღმოფხვრას გულისხმობს“.

 

დავით გიგაურის აზრით, ქართველობის დაკარგვა ადამიანის უფლებებისთვის გარანტიების შექმნით არ ხდება და თუ რამით შეიძლება საქართველოს ეროვნულ მდგრადობას საფრთე შეექმნას, ეს ერთის მხრივ არის არაჯანსაღი დამოკიდებულებები და მეორეს მხრივ არის ის, რომ ფეხი ვერ ავუწყოთ განვითარებული სახელმწიფოების ნაბიჯებს.


ხალხის გამოკითხვიდანაც კარგად ჩანს, რომ მითები ანტიდისკრიმინაციული კანონის გარშემო, კვლავ აქტუალურია. სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ წლის განმავლობაში, დისკრიმინაციის სავარაუდო შემთხვევების შესახებ, სულ 155 განცხადება შევიდა სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტში, საიდანაც უმრავლესობა სქესის ნიშნით დისკრიმინაციას ეხებოდა. სიხშირის მიხედვით, შემდეგია განსხვავებული შეხედულების და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია, ასევე სოგი, რომელიც აერთიანებს, როგორც სექსუალურ ორიენტაციას, ასევე გენდერულ იდენტობას.