Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 10 მარტი 2020 14:23

იქნება თუ არა დაცული თანაბრობის პრინციპი - შიდა ქართლში 2 მაჟორიტარულ ოლქს ქმნიან

Rate this item
(0 votes)

საპარლამენტო არჩევნებამდე 8 თვით ადრე საპარლამენტო უმრავლესობაში მაჟორიტარული ოლქების განაწილებაზე მსჯელობენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, შიდა ქართლში სავარაუდოდ 2 მაჟორიტარული ოლქი იქნება.

 

 

არსებული ინფორმაციით, ერთი ოლქი კასპის და გორის მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შეიქმნება, მეორე ოლქის შექმნა კი მმართველ გუნდს ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების შეერთებით სურს.

 

"გამომდინარე იქიდან, რომ უნდა გავითვალისწინოთ რეგიონების სპეციფიკა, საზღვრები და სხვა შესაბამისი ფაქტორები, დიდი ლავირების საშუალება არ არის. აქედან გამომდინარე საკითხი არის არსებითად ტექნიკური. საკმაოდ მსხვილი ოლქები ყალიბდება ახალი გადანაწილების საფუძველზე, რიგ შემთხვევაში იქნება 4-5 მუნიციპალიტეტი ერთ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რაც ცვლის პრინციპში მაჟორიტარული არჩევნების სპეციფიკას გარკვეულწილად, თუმცა, ეს არის ახალი რეალობა, რომლის მიხედვითაც უნდა ჩამოვაყალიბოთ ახალი საზღვრები", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

უმრავლესობის განმარტებით, სულ 30 ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს და უნდა განისაზღვროს შესაბამისი საზღვრები. თბილისსა და სამ დიდ ქალაქზე გადანაწილდება დაახლოებით 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი და დანარჩენ შემთხვევაში იქნება მთლიანობაში 20 საარჩევნო ოლქი. აქედან შიდა ქართლში 2. პარლამენტარი ბადრი ბასიშვილი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" ეს ვარიანტი შიდა ქართლის შემთხვევაში შეთანხმების დარღვევაზე მიუთითებს.

 

"კასპის და გორის მუნიციპალიტეტს აერთებენ და 152 ათასიან მაჟორიტარულ ოლქს ქმნიან, ხოლო მეორე ოლქი ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტის შეერთებით უნდათ სადაც 87 ათასი ამომრჩეველია. ეს ვარიანტები აქვს "ქართულ ოცნებას" შიდა ქართლზე, რაც არაა თანაბარი და შეთანხმების დარღვევა იქნება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში არ ჯდება, სადაც ჩაიწერა, რომ ოლქები თანაფარდობით უნდა იყოს ამომრჩევლის რაოდენობით. მოუწევთ სხვა ვარიანტის შემოთავაზება. თუმცა ნებისმიერ ვარიანტში მზად ვართ ხელისუფლების კანდიდატი დავამარცხოთ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატთან ერთად, რაიონების ნებისმიერი არაპროპორციული დაყოფით ", - ამბობს ბადრი ბასიშვილი.

 

უმრავლესობისა დ ოპოზიციის შეთანხმების მიხედვით, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარდება — 120/30-ზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება.

 

უმრავლესობის შეფასებით, საარჩევნო სისტემაში ცვლილებების დამტკიცებისას თანაბრობის პრინციპი უნდა იყოს დაცული, თუმცა შემოთავაზებულ ვარიანტში შიდა ქართლში ეს პირობა დარღვეულია და მმართველ გუნდს მისი შეცვლა მოუწევს.