Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 18 ივნისი 2020 15:58

მოგკლავ, გაგანადგურებ - ყოფილი ქმარი ცოლს ბავშვის თანდასწრებით ემუქრებოდა

Rate this item
(0 votes)

ყოფილი ქმარი ცოლს მოკვლით ემუქრებოდა. ქმარი წინასწარ პატიმრობაშია. საქმეს კი გორის რაიონული სასამართლო განიხილავს.

 

ტელეფონზე ზარია. ყურმილიდან კაცის აგრესიული ხმა ისმის. გინება, მუქარა და ყვირილი, - გამოდი, თორემ მოგკლავ, გაგანადგურებ. ქალს ეშინია, თავს ვეღარ იკავებს და დედის წინ ტირილს იწყებს. ყოფილი ქმარი სახლში შეღწევას ცდილობს და მანქანას, სადაც თავისი მცირეწლოვანი შვილი ზის, ყოფილი ცოლის სახლის ჭიშკარს აჯახებს, - ასეთი სურათი ცოცხლდება იმ მტკიცებულებებით, რომლებიც 32 წლის ქალის მიმართ ძალადობის საქმეში არსებობს. 

 

შემთხვევიდან 7 თვე გადის და სასამართლო პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. კორონავირუსის პანდემიის გამო, ბოლო პროცესი 3 თვით გადაიდო.

 

ს.ხ ბრალდებულთან დ.ღ-სთან არარეგისტირებულ ქორწინებაში იყო.

 

როგორც დაზარალებულის დედა ყვება, მათი ურთიერთობა შვილის გაჩენის შემდეგ გაუარესდა. ბოლო ჩხუბი კი, როდესაც ყვირილს ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა, ს.ხ-ს სახლიდან წამოსვლით დასრულდა. პროცესზე დაზარალებულს ჩვენება არ მიუცია.

 

„ხმაური მომესმა. გვერდიგვერდ ვცხოვრობთ. ბავშვის ტირილი და მამაკაცის ყვირილის ხმა გავიგე. უწმაწური სიტყვებით მიმართავდა ტელეფონზე ყოფილ ცოლს და მოკვლით ემუქრებოდა. შემდეგ გავიხედე და დავინახე, რომ ყოფილ სიძესა და სიმამრს შორის სიტყვიერი შეკამათება ფიზიკურში გადაიზარდა. ეს ყველაფერი მცირეწლოვანი ბავშვის წინ ხდებოდა, ისტერიკულად ტიროდა ბავშვი“, - უყვება მოსამართლე შალვა კაკაურიძეს ამბის ერთ-ერთი თვითმხილველი.

 

სასამართლოზე ჩვენება მისცა მეორე თვითმხილველმაც, რომელიც ასევე მათი მეზობელია. მისი თქმით, ყოფილი ქმრის მხრიდან ეს შემთხვევა აგრესიის პირველი გამოვლენა არ იყო.

 

„გამოდი, თორემ შემოვანგრევ კარებს, მოკლავ... გინება, ყვირილი და ათასი უწმაწური სიტყვით მიმართავდა გოგოს. შვილის შეურაცხყოფა ვერ მოითმინა და ს.ხ-ს მამა გამოვიდა სახლიდან, რის შემდეგაც ყოფილ სიძესა და სიმამრს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. ს.ხ-ს მამას თავზე სისხლი ჰქონდა. მეზობლები რომ გავედით, გაშველება დავიწყეთ. ეს პირველი ინციდენტი არ იყო. ერთხელ შევესწარი, როცა ბავშვი არ მიჰყვებოდა მამას, როგორ აგინებდა იგი ყოფილ ცოლს“, - ამბობს თვითმხილველი.

 

ჩვენება მისცა დაზარალებულის დედამაც, რომელიც ამბობს, რომ მისი ყოფილი სიძის ყოველი დარეკვა ჩხუბით მთავრდებოდა. მისი თქმით, პოლიციის გამოძახება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ყოფილმა სიძემ მუქარა და სახლში უნებართვოდ შეღწევა სცადა.

 

„ჩემს შვილს დაურეკა ყოფილმა მეუღლემ. ბავშვის ნახვა უნდოდა. ჩემმა შვილმა გაუყვანა შვილი სანახავად. ყოველთვის აჩვენებდა მამას შვილს, თუმცა სულ 10-15 წუთით თუ ნახავდა ხოლმე. ამ დღეს, ცოტა ხანში კვლავ დარეკა. დავინახე, რომ ჩემმა შვილმა ტირილი დაიწყო. შემდეგ გავიგე, რომ ემუქრებოდა - გაგანადგურებ, მოგკლავო. სერიოზულად შეეშინდა ჩემს შვილს. ის კარზე ძლიერად აბრახუნებდა და პარალელურად, გარედან ბავშვის ტირილის ხმა ისმოდა. დღემდე ტრავმირებულია ჩემი შვილიშვილი."

 

ბრალდებულ დ.ღ ამ შემთხვევის გამო, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გორის რაიონულ სასამართლოში გამართულ საქმის არსებით განხილვას ბრალდებული და მისი ადვოკატი ციხიდან, დისტანციურად ესწრებოდნენ. 

 

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ პროცესის დასასრულს გამოაცხადა, რომ შემდეგ სხდომაზე მოისმენდნენ ბრალდებულის ჩვენებას, რომელმაც თავის მხრივ, პირობა დადო, რომ ყველაფერს რეალურად მოყვებოდა, რადგან მოწმეები იტყუებიან და სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად იყო.

 

მორიგი სასამართლო სხდომა 23 ივნისს არის ჩანიშნული.