Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 20 ივნისი 2020 12:40

გვახსოვს, რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს - 20 ივნისს გორელი აქტივისტებიც იხსენებენ

Rate this item
(0 votes)

ზუსტად ერთი წლის წინ, რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი და რუსეთის დუმის მოქმედი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში სტუმრობდა. სწორედ ეს გახდა იმ საპროტესტო ტალღის მთავარი საფუძველი, რომლის მონაწილეებიც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა.

 

გავრილოვის გამოჩენის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ადამიანებს, მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეუერთდნენ. მათ შორის იყვნენ გორელები. ისინი ერთი წლის შემდეგ ამბობენ:

 

 

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკა წიქარიძე თბილისში მეგობრებთან ერთად წავიდა. 20 ივნისის ღამე კარგად ახსოვს და იხსენებს, რომ აქციის დარბევამ უფრო მეტი მოქალაქე გამოიყვანა მეორე დღეს ქუჩაში და საპროტესტო გამოსვლების მასშტაბების გაზრდაც ამ ფაქტმა განაპირობა.

 

„იმან, რაც 2019 წლის 20 ივნისს თბილისში დამხვდა და მანამდე, თუნდაც თბილისის შესასვლელში ვიხილე, სასიამოვნოდ გაოცებული დამტოვა. იქ იყვნენ მანქანები საქართველოს დროშებით და მივხვდი, რა მუხტი დამხვდებოდა რუსთაველის გამზირზე. სწორედ ასე მოხდა. ხალხი ზუსტად ასე, სპონტანურად იყო შეკრებილი და ძალიან, ძალიან გაბრაზებული. აბსოლუტურად უცნობი ადამიანები ერთმანეთს ვუზიარებდით იმ სიბრაზეს, რომელიც ხელისუფლების მიერ ამის დაშვებას მოყვა. მახსოვს, იმდენად მოუმზადებელი იყო აქცია, რომ ხმის გამაძლიერებლებიდან დიდ ნაწილს ხმა არ გვესმოდა, რას საუბრობდნენ სიტყვით გამომსვლელები. როგორც ჩანს, უკვე გვიან საათებში დაამატეს ტექნიკა და ასე თუ ისე აღქმადი გახდა, რა პროცესები მიდიოდა პარლამენტის შიგნით. მაშინ გავიგე, რომ მოთხოვნებს შორის იყო პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა, პასუხს 23:00 საათზე ელოდებოდნენ, ამ დროს სპეცრაზმის გამოჩენამ კიდევ უფრო გააბრაზა აქციის მონაწილეები და საბოლოო წერტილი ხელისუფლების მხრიდან უარის გაჟღერება იყო. ისიც მახსოვს, რომ სპეცრაზმი, პარლამენტის შესასვლელის გარე პერიმეტრზე გამოჩნდა და სწორედ აქედან დაიწყო ჩოჩქოლი კარებთან. მახსოვს აქციის მონაწილეებს სპეცრაზმის თანამშრომლები გამოყავდათ, ცდილობდნენ უსაფრთხო დერეფანი ყოფილიყო, მეც მათ შორის უამრავი ხელკეტი, ჩაფხუტი და ფარი გამოვიტანე და მოედნის შუა გულში ვაგროვებდით. არ ვიცი ზუსტად რომელი საათი იყო, როდესაც გადავწყვიტეთ, იქვე ახლოს მაღაზიაში გავსულიყავით და მანამდე გვერდით მდგომ პოლიციელებთან მივედი, რომლებიც პატრულს ჰგავდნენ ფორმით და ვუთხარით, რომ შუა ნაწილში აქტივისტებს ფარები და სხვა ამუნიცია ჰქონდათ მოგროვილი და იქნებ გაეტანათ. პოლიციელმა მითხრა, რომ იცოდნენ ამის შესახებ და გაიტანდნენ, თუმცა სახეზე შევატყვე, რომ ცოტა უხერხულად იგრძნო თავი. სწორედ მაშინ ვუთხარი მეგობარს, რომ მეთქი უფრო დაიძაბება სიტუაცია. გზად მაღაზიისკენ დავინახე მსუბუქი ავტომობილები, რომლებიც გატენილი იყო პოლიციელებით, დიდი სისწრაფით ამოუხვიეს პუშკინის სკვერთან პარლამენტისკენ და სულ რამოდენიმე წუთში დაიწყო სროლა და გაზის გაშვება, რომელიც მთელ ღამეს გაგრძელდა. ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ მეორე დღეს, აქციაზე უფრო მეტი ადამიანი მოვიდა. ვიდრე დარბევამდე იყო“, - ამბობს ნიკა წიქარიძე.

 

 

 

გავრილოვის პარლამენტში გამოჩენას 20 ივნისს კიდევ ერთი გორელი მინდია გოდერძიშვილი აპროტესტებდა. მისთვის 1 წლის შემდეგაც ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, თუმცა ფიქრობს, რომ მომხდარმა ოპოზიციური ძალების გაერთიანებას შეუწყო ხელი, რაც მისივე თქმით, უახლოესი მომავლისთვის ცვლილებების განხორციელებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია.

 

„სიტუაციის დაძაბვის ათვლა დაიწყო იქიდან, როცა გავიგეთ ხატოსანი კომუნისტის წინ ფანცქვალის ამბები. მერე უკვე ყველაფერი თავისთავად მოხდა, თუმცა მგონია, რომ სიტუაცია უკვე ორთქლგამოშვებული იყო და მეტ-ნაკლებად სტაბილიზდებოდა, როცა დაიწყეს დარბევა. აი, ვინ, რატომ და როგორ მოახერხა ეს, ჩემთვის დღესაც პასუხგაუცემელია, რადგან მრავალი ურთიერთგამომრიცხავი ნიუანსი არსებობს. ყველაზე მეტად კი, ის დამამახსოვრდა და მიხაროდა, რომ საერთო სირცხვილის წინააღმდეგ გავერთიანდით და მაგალითად, ჩემი მანქანაში მგზავრთაგან ყველა სხვადასხვა პოლიტგემოვნების ვიყავით“, - გვიყვება მინდია გოდერძიშვილი.

 

 

20 ივნისის ღამეს, დაპირისპირების პარალელურად, გორელები დაშავებულ მოქალაქეებს ეხმარებოდნენ, რომელთა შორის, როგორც ირაკლი კარიჭაშვილი იხსენებს, ჟურნალისტები და პოლიციელებიც იყვნენ.

 

„ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო, როდესაც ტვ პირველის ჟურნალისტი გაზით მოწამვლის გამო ჩაიკეცა და ცუდად გახდა ხელში რომ ავიყვანე და გამომყავდა, მიკროფონი დაუვარდა. ძლივს აზროვნებდა, მაგრამ მიკროფონი არ დატოვოო, მაინც მთხოვა. როდესაც სპეცრაზმი გამოვიდა და კარებებთან ჩადგა, ყველაზე დიდი შეცდომა იყო, ჩემი აზრით. დღემდე გაუგებარია, რატომ ჩააყენეს კარებების წინ სპეცრაზმი. მიწოლა როდის დაიწყო, ზუსტად არ ვიცი. არ ვიყავი იმ მომენტში იქ. როცა მივედით, უკვე დაშავებულები იყვნენ და დავიწყეთ დახმარება და გამოყვანა მათ შორის პოლიციელების“, - ამბობს ირაკლი კარიჭაშვილი.

 

 

ღამის 12 საათისთვის ძალოვანმა სტრუქტურებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით აქციის დაშლა გაუფრთხილებლად დაიწყეს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზაზე მდგარი აქციის მონაწილეები თავდაცვის მიზნით ტერიტორიას გაეცალნენ, თუმცა მათი ნაწილი უკან ისევ დაბრუნდა.

 

„ნელ-ნელა ხდებოდა ესკალაცია, თუმცა შემდეგ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და ხალხის უმეტესობამ პარლამენტის შენობის კიბეები და მიმდებარე ტერიტორია დატოვა. ამის შემდეგ შემოვიდა სპეცრაზმი და გაფანტულ ხალხს დაუწყო სროლა. ფიზიკური შეხლა-შემოხლა ნაკლებად იყო. უფრო შორიდან ესროდნენ. უშუალოდ დაპირისპირებაში არ მიმიღია მონაწილეობა მე და საერთოდ, აბსოლუტური უმრავლესობა არ იღებდა მონაწილეობას. რამდენიმე ათეული ადამიანი წინა რიგებში აწვებოდა სპეცრაზმს და არც იყო მოლოდინი, რომ ასე დაიძაბებოდა სიტუაცია და ასე განვითარდებოდა მოვლენები. თავიდან არ იყო დიდი აგრესია. სპეცრაზმელებს ვინც გამოჰყავდა, ეგრევე უშვებდნენ. უბრალოდ ფარს და აღჭურვილობას ართმევდნენ, თორემ არ დამინახავს, რომ თითი დაედოთ ვინმესთვის. მერე უკვე გვიან გართულდა ყველაფერი", - ამბობს ბაჩო ხუციშვილი.

 

20 ივნისის დარბევის შედეგად, რამდენიმე ადამიანმა სპეცრაზმის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიების შედეგად თვალი დაკარგა, 240-მდე მოქალაქემ კი სხეულის დაზიანებები მიიღო. იმ ღამით დაშავებულთა შორის, გორელებიც იყვნენ, მათ შორის ზოგიერთი სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.