Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 24 ივნისი 2020 15:10

კაცი, რომელიც ყოფილი ცოლის დახრჩობის მცდელობაშია ბრალდებული, გირაოთია გათავისუფლებული

Rate this item
(0 votes)

„საყოფაცხოვრებო საკითხებზე შელაპარაკების დროს, ქალს ყოფილმა ქმარმა ყელზე ხელი წაუჭირა და 3-ჯერ მიარტყმევინა თავი კედელზე“, - აღნიშნა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა წინასასამართლო სხდომის დასაწყისში, რომელიც მიმდინარე წლის 4 მაისს მომხდარ შემთხვევას ეხება.

 

საქმეზე ბრალდებული არის 41 წლის გ.გ, რომელიც წარსულში არ არის ნასამართლევი. აქვს საშუალო განათლება. სხდომის დასაწყისშივე ირკვევა, რომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და არ ჰყავს ადვოკატი.


„არ მჭირდება ადვოკატი, რადგან უდანაშაულო ვარ“, - ეუბნება ბრალდებული მოსამართლეს, რომელიც თავის მხრივ გ.გ-ს უმარტავს, რომ აუცილებელია აიყვანოს ადვოკატი.


„ექიმი რომ ეხმარება ავადმყოფს, ასეა ადვოკატიც. თქვენც ხომ ხედავთ, რომ გჭირდებათ? არცოდნა არცოდვაა?“, - მიმართავს გერმანე დადეშქელიანი ბრალდებულს.


საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 80-დან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ბრალდებულმა გირაო - 500 ლარის ოდენობით გადაიხადა. სწორედ ამიტომ, განაჩენის გამოტანამდე ის თავისუფალი იქნება.


საქმის პროკურორი ნინო ზურაბაშვილი, რომელმაც სხდომაზე მტკიცებულებათა ნუსხა წარმოადგინა, ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, რადგან მოწმეთა გამოკითხვის შედეგები და ექსპერტიზის დასკვნები, ამის თქმის საფუძველს აძლევს.


„მოსამართლეს ვთხოვ დასაშვებად ცნოს მტკიცებულებები და დაიწყოს საქმის არსებითი განხილვა, რადგან ვთვლით, რომ დიდი ალბათობით, საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება“ , - აღნიშნა ნინო ზურაბაშვილმა.


მოსამართლის კითხვაზე სადაოდ ხდიდა თუ არა პროკურორის მტკიცებულებებს და თუ ითხოვდა დევნის შეწყვეტას. ბრალდებულმა უპასუხა, რომ არა.


„თქვენ აშკარად ვერ ხვდებით, რას პასუხობთ. თუ სადაოდ არ ხდით ამ მტკიცებულებებს, გამოდის, რომ ეთანხმებით იმ ბრალდებას, რაზეც პროკურორი მიუთითებს, კარგად დაფიქრდით ხოლმე სანამ მიპასუხებთ“, - უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს.


დადეშქელიანის განმარტების შემდეგ, გ.გ-მ აზრი შეიცვალა და თქვა, რომ მოითხოვდა დევნის შეწყვეტას, რადგან უდანაშაულო იყო, თუმცა ამის მიუხედავად, მოსამართლემ დასაშვებად ცნო პროკურორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნა, რომ დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

 

საქმეში 5-ზე მეტ მოწმე არსებობს. ისინი ადასტურებენ, რომ ყოფილმა ქმარმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საქმეში არსებობს რმდენიმე ექსპერტიზის დასკვნა და ცნობა ქალი დაზარალებულად აღიარების შესახებ. 


აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსამართლემ საქმის არსებითი განხილვის თარიღი გამოაცხადა. შემდეგი სასამართლო სხდომა აღნიშნულ საქმეზე 7 ივლისს გაიმართება.