Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 26 ივნისი 2020 13:33

კაცმა, რომელმაც ორსული ცოლი და შვილი სცემა, დანაშაული აღიარა

Rate this item
(0 votes)

ორსული ცოლის ცემა, არასრულწლოვანი შვილის ცემა, მეუღლის ცემა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით - ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც პროკურატურა გორში მცხოვრებ 27 წლის ა.ჩ-ს ედავება.

 

გორის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ბრალდებული პროცესზე დისტანციურად, ციხიდან ჩაერთო. დასაწყისში, მოსამართლე ლევან დარბაიძემ ა.ჩ-ს კიდევ ერთხელ ჩამოუთვალა ბრალდების ეპიზოდები და განუმარტა შესაძლო სასჯელის ზომის შესახებ.

 

ა.ჩ-ს ბრალი ედება ძალადობის 8 ეპიზოდში, რომელიც 2017 წლის 30 სექტემბრიდან იწყება. პროკურორის განმარტებით, ფიზიკური ძალადობა და მუქარა სისტემატური ხასიათის იყო, თუმცა პანდემიის პირობებში პიკს მიაღწია, რის გამოც, მსხვერპლი იძულებული გახდა პოლიციისთვის მიემართა. ბრალდებული მიმდინარე წლის აპრილიდან პატიმრობაშია.

 

„არაერთხელ ყოფილა ბრალდებულის მხრიდან ცოლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა, თავიდან ეშინოდა და ხმას ვერ იღებდა, თუმცა პანდემიის დროს, სიტუაცია გამწვავდა და გოგო იძულებული გახდა, პოლიციისთვის მიემართა. საქმეში 21 მოწმეა, რომელიც მზად არის ჩვენება მისცეს“, - განმარტა პროკურორმა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალდებული ოჯახში ძალადობის მუხლით უკვე ნასამართლევია. მას წარსულში საკუთარი დის მიმართ ფიზიკური ძალადობა დაუმტკიცდა. მოსამართლე ლევან დარბაიძის კითხვაზე, აღიარებდა თუ არა დანაშაულს, ბრალდებულმა უპასუხა, რომ რაც დააშავა, ყველაფერზე აგებდა პასუხს.

 

„ყველაფერს ვაღიარებ, არც თქვენ გაგიმწვავებთ საქმეს და არც არავის. 9 წლიდან უმამოდ ვარ გაზრდილი, მშრომელი ბიჭი ვიყავი, კასპში ვმუშაობდი, მაგრამ მოხდა რაღაცები, ერთხელ თავის ძმასთან ვიყავით, ვქეიფობდით და მოხდა რაღაცები, მე რაც დავაშავე, ყველაფერზე ვაგებ პასუხს“, - აღნიშნა ბრალდებულმა ა.ჩ-მ.

 

პროკურორმა მტკიცებულებების ჩამონათვალი წარმოადგინა, რომელთა შორის არის მსხვერპლის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ბრალდებულის პირობითი მსჯავრის შესახებ ცნობა, ჩხრეკის ორდერი და ა.შ მოსამართლემ აღნიშნული მტკიცებულებები დასაშვებად ცნო და არც ბრალდებულს გაუხდია ისინი სადაოდ.

 

წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების საკითხზეც იმსჯელეს. პროკურორმა მოსამართლეს განუმარტა ის მიზეზები, რატომაც ა.ჩ-ს პატიმრობაში დატოვება აუცილებელია.

 

„მისი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, არსებობს ვარაუდი, რომ ჩაიდენს იმავეს, წარსულში დის მიმართ ძალადობდა, შემდეგ ცოლის და შვილის, არაერთხელ ყოფილა ფიზიკური შეურაცხყოფა მისი მხრიდან“, - განმარტა პროკურორმა.

 

საპასუხოდ, ბრალდებულმა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება ითხოვა.

 

„ღმერთს ვფიცავ თუ შეგარცხვინოთ, არ ვარ ცუდი ადამიანი, ორი თვეა, რაც ციხეში ვარ და წამლებით ვათენებ და ვაღამებ, გთხოვთ, გირაოს სანაცვლოდ იქნებ გამომიშვათ“, - მიმართა ბრალდებულმა მოსამართლეს, თუმცა ლევან დარბაიძემ იგი პატიმრობაში დატოვა.

 

მოსამართლემ საქმის არსებითი განხილვა დანიშნა. შემდეგი პროცესი 6 ივლისს გაიმართება.