Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 30 ივნისი 2020 17:05

ქალს სასამართლოში ყოფილი ქმრის ძალადობის მტკიცება მარტოს მოუწია

Rate this item
(0 votes)

26 წლის მ.კ. 16 წლის ასაკში დაოჯახდა, თუმცა წელიწადსა და 7 თვეში მისი ოჯახი დაინგრა. მას შემდეგ ორჯერ შეურიგდა ქმარს, თუმცა საბოლოოდ, ორივე მათგანი სასამართლო დავით დასრულდა. 

 

"მიმდინარე წლის იანვრის თვეში, 9 წლის ნ.ტ. სახლში მარტო იყო. მამა მისი საწოლის შესაკეთებლად მოვიდა. ამ დროს დედა გარეთ იყო გასული მეგობართან. კაცმა საწოლის შეკეთების შემდეგ, ქალის ნივთების ქექვა დაიწყო. მას შემდეგ, რაც ნივთებს შორის მისთვის უცნობი წარმომავლობის საათი აღმოაჩინა, ის აგრესიული გახდა. როცა გოგო სახლში დაბრუნდა, ყოფილ მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ყოფილი ქმარი მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, შემდეგ კი, ჩაქუჩი მოუღერა", - ძალადობის ერთ-ერთ ეპოზოდს ასე აღწერს ყოფილი ცოლი. 

 

„საათი ვინ გაჩუქაო ამაზე მოხდა კონფლიქტი. ჩათვალა, რომ ვიღაც მყავდა, ვინც ეს საათი მაჩუქა. ყოფილი მეუღლეა, მაგრამ სულ მავალდებულებდა, სცოდნოდა სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. ამ დღესაც ბავშვი რომ ისტერიკაში ჩავარდა, ამან გამაჩერა. ჩემი მეგობარიც შეესწრო ამ ამბავს, როგორ მომიღერა ჩაქუჩი. მუქარები მისი მხრიდან სისტემატური იყო და მუდმივ ფსიქოლოგიურ ტანჯვას განვიცდიდით მეც და ჩემი შვილიც“, - განაცხადა მ.კ-მ სასამართლო პროცესზე.

 

სწორედ ამ დღეს გამოიძახა მან პოლიცია, რის შემდეგაც, მისი ყოფილი მეუღლის - დ.ტ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ოჯახში ძალადობის მუხლით. დაზარალებულის განმარტებით, ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ იყო, თუმცა პოლიციაში დარეკვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ყოფილი ქმრის ნათესავებმა უთხრეს, რომ ვერაფრით დაეხმარებოდნენ.

 

„ჩვენ ვერაფერს ვერ ვხდებით, ვერაფერს ვაგებინებთ, აზრი არ აქვს მასთან ლაპარაკს და როგორც გინდა ისე მოიქეციო, - ასე მითხრა ჩემმა ყოფილმა მულმა, მის ბიძებსაც ველაპარაკე, არ მინდოდა გამეწირა ციხისთვის ჩემი შვილის მამა, მაგრამ ბავშვის მუდმივ სტრესშია და მეც, ვთვლი, რომ მუქარის განხორციელების რეალური საფრთხეა და ვითხოვ მაქსიმალურ სასჯელს“, - უთხრა მოსამართლე გერმანე დადეშქელიანს დაზარალებულმა მ.კ-მ, რომელსაც კითხვებს პროკურორთან ერთად, ბრალდებული და მისი ორი ადვოკატი უსვამდა.

 

მ.კ ძალადობის კიდევ ერთ ეპიზოდს იხსენებს, რომელიც გასული წლის ოქტომბერში მოხდა. მისი თქმით, ყოფილმა მეუღლემ ის თმებით ათრია და მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

„ბავშვს გამოვესარჩლე, ეკამათებოდა რაღაცაზე და შენ ნუ ერევიო, ასე მითხრა, აგრესიული გახდა თმებში წამავლო ხელი, მომქაჩა და ძირს დამანარცხა. ამასთან ერთად, იყო მუქარა, მითხრა, რომ დამფლეთავდა, ნაკუწებად მაქცევდა, დამახრჩობდა. ეს ყველაფერი ბავშვის თანდასწრებით ხდებოდა“.

 

ბრალდებულის ადვოკატმა დაზარალებულს რამდენჯერმე ჰკითხა, რატომ არ გამოიძახა ოქტომბერში პოლიცია და ჰყავდა თუ არა ამ უწყებაში ნაცნობი, ვინც „დაარიგა“.

 

„გყავთ თუ არა მეგობარი პოლიციელი მამაკაცი? იურიდიული ტერმინებით მეტყველებთ, ვინმემ დაგარიგათ?“, - ჰკითხა ადვოკატმა ზაზა სუხიშვილმა დაზარალებულს, რაზეც მან უპასუხა, რომ პოლიციაში არ ჰყავდა მეგობარი.

 

საქმეში არსებობს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც. გარდა ამისა, შემაკავებელი ორდერები, რომელიც ბრალდებულს გასულ წელს 2-ჯერ გამოუწერეს სხვადასხვა მიზეზებით.

 

„მუდმივად მავიწროვებდა, მასთან საუბარი ყოველთვის ჩხუბით მთავრდებოდა, ქუჩაში შემხვდა და ხელი დამიჭირა არ მიშვებდა. ამიტომ ვთხოვე პოლიციას დახმარება და ერთთვიანი შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს მარტის თვეში, მსგავსი შემთხვევა იყო მაისშიც, მეორედაც გამოუწერეს ორდერი და ჩემთან მოახლოება აუკრძალეს, თუმცა საბოლოოდ, აქამდე მოვედით. ბავშვი ისეთ სტრესშია, ღამე ვერ იძინებს, მეკითხება კარი ხომ დაკეტილია, მამა არ მოგვეჭრასო“, - თქვა მ.კ-მ.

 

ბრალდებული, რომელიც პროცესზე ციხიდან დისტანციურად იყო ჩართული, დღემდე პატიმრობაში რჩება. შემდეგი პროცესი, 7 ივლისს ჩაინიშნა, რომელზეც, სავარაუდოდ, ყოფილი მეუღლეების 9 წლის შვილი დაიკითხება.