Back to Top
ოთხშაბათი, 05 აგვისტო 2020 15:26

ქალი, რომელსაც ქმარი ახრჩობდა, მისთვის ლმობიერ განაჩენს ითხოვს

Rate this item
(0 votes)

„41 წლის გ.გ-მ ყოფილ მეუღლეს 40 წლის თ.თ.-ს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შელაპარაკებისას, ხელები ყელში წაუჭირა და 2-ჯერ მიარტმევინა თავი კედელზე“, - ამბობს პროკურორი გიორგი პავლიაშვილი თავის შესავალ სიტყვაში.

 

აღნიშნული შემთხვევა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 4 მაისს მოხდა. სასამართლო პროცესი კი ამ დრომდე გრძელდება. ბრალდებული გირაოთია გათავისუფლებული. საქმეს მოსამართლე შალვა კაკაურიძე უძღვება.

 

ბრალდებული გ.გ. ამბობს, რომ დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ამავდროულად აცხადებს, რომ „ისეთი არაფერი დაუშავებია“.

 

„დუმილის უფლებას ვიყენებ, ისეთი არაფერი დამიშავებია და ადვოკატიც ამიტომ არ მყავს. არ ვფიქრობ, რომ ვინმეს დაცვა მჭირდება“, - ამბობს ის.

 

სასამართლომ და მხარეებმა ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნეს, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა. აქედან გამომდინარე, პროცესზე ბრალდებულის ყოფილი მეუღლე თ.თ. დაიკითხა. მან კიდევ ერთხელ გაიხსენა მომხდარი.

 

„ვთხოვდი, რომ ბევრ დროს ნუ ატარებდა გვერდით მეზობელთან, ჩვენი კონფლიქტის ძირითადი მიზეზი ეს იყო. საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შელაპარაკებისას მომვარდა და ხელი წამიჭირა ყელში, იმ მომენტში ვერაფერზე ვფიქრობდი, გარდა იმისა, რომ საშველად მომეხმო ვინმე. ორჯერ მიმარტყმევინა კედელზე თავი და, რა თქმა უნდა, ესეც მტკივნეული იყო, ძალიან შემეშინდა, არ მახსოვს, მერე რა მოხდა“, - განაცხადა დაზარალებულმა.

 

მისივე თქმით, პოლიციას იმიტომ მიმართა, რომ შეეშინდა სახლში შესვლის, სადაც მისი მეუღლე ეგულებოდა.

 

„მინდოდა ვინმეს გამოეყვანა სახლიდან და წაეყვანათ. შემეშინდა ძალიან და დიდი ფსიქოლოგიური ტანჯვა განვიცადე“, - განაცხადა თ.თ-მ.

 

მოსამართლემ დაზარალებულს ჰკითხა, რას ითხოვდა სასამართლოსგან, რა სასჯელის ზომა იქნებოდა მისთვის სასურველი.

 

„მიუხედავად იმისა, რომ დამიშავა, არ მგონია, რომ ახლა საფრთხეს წარმოადგენდეს ჩემთვის, ყველაფერი გარკვეულია და ერთად აღარ ვცხოვრობთ. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, რაც შეიძლება მეტი ლმობიერება გამოიჩინოთ“, - თქვა დაზარალებულმა დაკითხვის დასრულებისას.

 

მოსამართლე შალვა კაკაურიძე შემდეგ სხდომაზე, რომელიც 11 აგვისტოსთვის დაინიშნა, მხარეთა დასკვნით სიტყვას მოისმენს, რის შემდეგადაც განაჩენს გამოიტანს.