Print this page
პარასკევი, 07 აგვისტო 2020 15:33

გორში, ძველი კინოს შენობის ადგილას ახალი ობიექტი აშენდება - რა სივრცეები განთავსდება შენობაში

Rate this item
(0 votes)

გორში, ძველი კინოს შენობის ტერიტორიაზე ახალ ობიექტს ბიზნესმენი გიორგი ჩაჩანიძე აშენებს. როგორც ტერიტორიის მესაკუთრის წარმომადგენელი ამბობს, აღნიშნულ ადგილას სავაჭრო ცენტრი კი არა, სხვადასხვა სივრცეებით დატვირთული შენობა აშენდება.

 

გიორგი ჩაჩანიძის ბიძამ, გივი ჯამელაშვილმა რადიო "მოზაიკას" უთხრა, რომ შენობაში, რომელიც ძველი კინოს ტერიტორიაზე აშენდება, არაერთი სივრცე განთავსდება, მათ შორის მინი კინო - თეატრიც.

 

"კინოს ძველი შენობის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი კი არა ძალიან კარგი ობიექტი აშენდება, სადაც არაერთი სივრცე იქნება განთავსებული.იგეგმება მინი კინო - თეატრის გაკეთებაც, როგორც ჩემთვისაა ცნობილი რაღაც გასართობი ცენტრის დანიშნულებაც ექნება. ეს ყველაფერი უკვე ჩემი გადასაწყვეტი არ არის. სავაჭრო ცენტრი ძალიან ცუდად ჟღერს და კარგი იქნება, რომ საზოგადოებამ იცოდეს კონკრეტულად რა დანიშნულება ექნება ამ შენობას. ჯერ ნგრევის პროცესი მიმდინარეობს, მერე დაიდგმება იქ შესაბამისი საინფორმაციო დაფა, სადაც დეტალურად ეწერება, როგორი უნდა იყოს. შესაძლოა გვერდით მდებარე ტერიტორიების გამოსყიდვაც მოხდეს მოსახლეობისგან და შესაბამისად მოეწყობა ყველაფერი", -ამბობს გივი ჯამელაშვილი

 

 

 

სამეფო ქუჩაზე მდებარე კინოს ძველი შენობის ტერიტორია 2007 წელს აუქციონის წესით გაიყიდა. როგორც გივი ჯამელაშვილი ამბობს, მისი დისშვილი აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო.

 

"როცა შეიძინა ჩემთვის არ უკითხავს. ახალი ჩამოსული იყო პეტერბურგიდან და აუქციონზე გამოტანილი ნახა ეს ტერიტორია, რახან გორი იყო ძალიან მოეწონა და იყიდა, მის გარდა ამ აუქციონში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს. ეს ტერიტორია მანამდე მიტოვებული იყო, მოუვლელი და საპირფარეშოდ იყო ქცეული", - გვითხრა ჯამელაშვილმა.

 

რადიო "მოზაიკას" მასალას, რომელიც კინოს ძველ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენებას ეხებოდა საზოგადოების გამოხმაურება მოყვა. მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ აღნიშნული ადგილი ისტორიული მნიშვნელობისაა და მისი გასხვისება არ შეიძლებოდა. გივი ჯამელაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხის ირგვლივ არასწორი მოსაზრებები გაჟღერდა.

 

ამავე თემაზე: გორში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილზე სავაჭრო ცენტრი აშენდება

 

 

"თქვენი მასალის შემდეგ მოსახლეობის ნაწილისგან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, ერთ-ერთმა ქალბატონმა ისიც კი დაწერა, რომ ხოჯევანიშვილის კლანი ვართ. არ არის ეს სწორი მიდგომა. ხოჯევანიშვილის მამა იყო ჩემი ძალიან კარგი მეგობარი და ჩემმა ძმისშვილმა მთხოვა ამ ტერიტორიისთვის მიმეხედა, რადგან თვითონ ვერ ახერხებდა. ვთხოვე ჩემს მეგობარს, (ხოჯევანიშვილის მამას) იქნებ რამე მოვიფიქროთ ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით მეთქი. წლების განმავლობაში ვეძებდით ინვესტორს, მაგრამ ვერ მოხერხდა.  იყვენ მსურველები ებრაელებიც, გერმანელებიც, რუსებიც. საქმე საქმეზე რომ მივიდოდა, რატომღაც უკან იხევდნენ. სანამ პანდემია დაიწყებოდა, მოხდა ვიღაცებთან შეთანხმება, თუმცა ეს არის კომერციული საიდუმლოება და ჯერჯერობით ვერ გეტყვით ინვესტორის ვინაობას".

 

გივი ჯამელაშვილის თქმით, ტერიტორია სადაც ახალი ობიექტი აშენდება, წლების წინ სხვა ადამიანებიც დაინტერესდნენ, თუმცა როგორც ამბობს, მისი გამოსყიდვის სურვილი არავის გასჩენია.

 

"ამას აშენებს ჩემი დისშვილი, მე უბრალოდ ვკურირებ ამ საკითხს. მშენებელი ვინ არის ესეც ნამდვილად არ ვიცი. თუმცა თავის დროზე ყველაფერი გამოქვეყნდება და არავის დარჩება ეჭვი რაიმე კორუფციულ საქმესთან დაკავშირებით. სამი - ოთხი წლის წინ რამდენიმე ადამიანი გამოჩნდა, თითქოს გული შესტკიოდათ ამ ტერიტორიაზე და შევთავაზე მათ, რაც ჩემმა დისშვილმა გადაიხადა, იგივე გადაიხადეთ და გამოისყიდეთ მეთქი და მაშინვე უკან დაიხიეს", - გვითხრა ჯამელაშვილმა.

 

ინფორმაციისთვის, სამეფო ქუჩაზე არსებული კინოს ძველ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. როგორც ცნობილია ახალი მშენებლობის შესახებ ძეგლთა დაცვის სამინისტრო საქმის კურსშია და პროექტის მიხედვით, შენობის წინა ნაწილი ძველი იერსახით შენარჩუნდება.

 

 

ამავე თემაზე : გორში გასართობი ცენტრი გაიხსნება