Back to Top
ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2020 14:27

გორის მუნიციპალიტეტის სკოლების ნაწილი ორცვლიან და სამცვლან სწავლებაზე გადავა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სკოლების ნაწილი ორცვლიან და სამცვლიან სწავლებაზე გადავა.

 

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაცით, ახალი სასწავლო წლის დასაწყებად გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში მზადება რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

 

"გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში მიმდინარეობს მზადება ახალი სასწავლო წლის დასაწყებად. იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებიც განათლების სამინისტრომ შეიმუშავა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების მიხედვით, სკოლები დაგეგმავენ სასწავლო პროცესს", - ამბობს გორის რესურცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი.

 

ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, სკოლების უმრავლესობა განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვას უპრობლემოდ შეძლებს.

 

"ჩვენი სკოლების უმრავლესობა, საკლასო ოთახების ფართის და მოსწავლეთა რაოდენობის გათვალისწინებით, შეძლებს ერთმეტრიანი დისტანციის დაცვას უპრობლემოდ, სასწავლო პროცესში რაიმე ცვლილების გარეშე. სკოლების ნაწილი გადავა ორცვლიან სწავლებაზე და ზოგ შემთხვევაში სამცვლიანზეც კი", - გვითხრა ტერმაკოზაშვილმა.

 

ჯერჯერობით დასაზუსტებელია რომელ სკოლებს მოუწევთ ორცვლიან და სამცვლიან სწავლებაზე გადასვლა, როგორც ნანა ტერმაკოზაშვილი ამბობს, აღნიშნული მასწავლებლებთან და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმების შემდეგ გადაწყდება.

 

ინფორმაციისთვის, სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება. ამ დროისთვის განათლების სამინისტროს მიერ შეძენილი დეზობარიერები, თერმომეტრები, პირბადეები და სადეზინფექციო სითხეების სკოლებისთვის გადაცემის პროცესი უკვე დაწყებულია.