Back to Top
პარასკევი, 28 აგვისტო 2020 11:32

რეკომენდაციები, რომლებიც გორის მერიის შიდა აუდიტის განყოფილებამ ა(ა)იპ-ებს მისცა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის შიდა აუდიტის განყოფილებამ 2019-2020 წლებში 4 სააგენტოს შემოწმების შედეგი ანგარიშში ასახა.

 

საუბარია კეთილმოწყობის, კულტურის განვითარების, ტურიზმის და სპორტის განვითარების ხელშეწყობის და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოებზე.

 

ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში გორის კეთილმოწყობის სააგენტოსთვის გაიცა 42 რეკომენდაცია, კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოსთვის 33, ხოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსთვის 26 რეკომენდაცია, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსთვის კი - 24 რეკომენდაცია.

 

აქედან კეთილმოწყობის სააგენტომ შეასრულა 35 რეკომენდაცია, 4 ვერ შეასრულა და 3 ნაწილობრივ.

კულტურისა და ტურიზმის სააგენტომ შეასრულა 19 რეკომენდაცია, ვერ შეასრულა - 6, ნაწილობრივ შეასრულა - 8 რეკომენდაცია.

სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ შეასრულა 18 რეკომენდაცია, ნაწილობრივ შეასრულა 8 რეკომენდაცია.

რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს, გაცემული 24 რეკომენდაციიდან, მხოლოდ 11 შეასრულა, შეუსრულებელი დარჩა - 5, ნაწილობრივ კი 8 რეკომენდაცია შეასრულა.

 

რეკომენდაციების ჩამონათვალი ძირითადად მოიცავს შრომითი ხელშეკრულებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, წლიური სამუშაო გეგმის სრულყოფილად გაწერას, კანონის შესაბამისად იყოს ორგანიზაციის საქმის წარმოების ყველა დოკუმენტი (მაგ: მოწესრიგებული იყოს თანამშრომელთა პირადი საქმეები, განხორციელდეს შემოსული/გასული დოკუმენტაციის აღრიცხვა და სისტემურობა). დოკუმენტი გაეცნოს ყველა თანამშრომელს და გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას.

 

რეკომენდაციების ვრცელ ჩამონათვალში ასევე საუბარია სააგენტოების მიერ შესყიდული სამუშაოების ანაზღაურების საკითხზე:

 

"ა(ა)იპ - მა თანხების ანაზღაურება მოახდინოს, მხოლოდ მოწოდებული მომსახურეობის შესრულების შემდეგ და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში. დაწესდეს კონტროლი საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებული თანხების ხარჯვასა და ათვისებაზე. საჭიროების შემთხვევაში დროულად მოხდეს ხარჯთაღრიცხვაში კორექტირების შეტანა. გაწერილი იქნეს სამსახურის ფუნქციები და მოვალეობები, რომლითაც გაცილებით უფრო მობილური, ეფექტური და შედეგის მომცემი იქნება მომავალში ა(ა)იპ - ის საქმიანობა. კანონმდებლობასთან შესაბამისობაში გაიწეროს შინაგანაწესი ( მაგ: გათვალისწინებული იქნეს თანამშრომელთა წახალისების წესი და ფორმები, შემუშავდეს სამსახურში თანამშრომელთა მიღების წესი, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოების წესი)", - წერია ანგარიშში.

 

მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის შიდა აუდიტის განყოფილების ანგარიშის მიხედვით, საერთო ჯამში გაცემული რეკომენდაციების 68% შესრულდა.