Back to Top
პარასკევი, 04 სექტემბერი 2020 12:50

რა სიახლეები იგეგმება გორის ცენტრალურ ბაზარში?

Rate this item
(0 votes)

დირექტორისა და მფლობელის შეცვლის შემდეგ, გორის ცენტრალურ ბაზარში სიახლეებია დაგეგმილი.

 

ბაზრის დირექტორის, ვახტანგ თომაშვილის თქმით, ბაზრის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მომხმარებლის კომფორტზე იქნება გათვლილი.

 

"ბაზარი დაგხვდა ავარიულ მდგომარეობაში, კანალიზაციიდან დაწყებული ასფალტის საფარით დამთავრებული ყველაფერი გამოიცვლება. ასევე იცვლება სავაჭრო დახლები. მოხდება ბაზრის ტერიტორიის ახლიდან გადახურვა. ასევე ამ ტერიტორიაზე განთავსებულ მაღაზიებთან განთავსდება საჩრდილობლები. ყველაფერი მოეწყობა, როგორც შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. მთლიანად იცვლება ხორცის სექცია, დაიდგმება ახალი მაცივრები, თევზის სექცია ცალკე გვექნება, ქათმის სექცია ცალკე", - გვითხრა ვახტანგ თომაშვილმა.

 

 

 

როგორც რადიო "მოზაიკამ" გაარკვია, მოვაჭრეები გადასახადს დღიურად იხდიდნენ. ახალი ხელმძღვანელის პირობებში კი შიშობენ, რომ გადასახადი გაეზრდებათ.

 

"დღეში 2 ლარს ვიხდიდით ხოლმე და ეს ჩვენთვის მისაღები იყო. ასეთი ინფორმაცია მოგვივიდა, რომ თვეში 70 - ლარამდე გაგვეზრდება გადასახადი. თუ ასე იქნება, ნამდვილად გაგვიჭირდება გადახდა, რადგან კლიენტი ძალიან ცოტა გვყავს ამ ბაზარში და ვაჭრობა ჭირს", - გვითხრა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

 

ბაზრის დირექტორის ინფორმაციით, მოვაჭრეებთან სავაჭრო ადგილის საფასური ჯერ არ განუსაზღრავთ. ამიტომ ჯერჯერობით მათ ძველი ტარიფით გადახდა მოუწევთ. ვახტანგ თომაშვილის თქმით, მოვაჭრეებისთვის გადასახადის გაზრდას არ გეგმავენ.

 

"მოვაჭრეებთან ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ. რა თანხასაც აქამდე იხდიდნენ, არ მგონია, მოიმატოს. პირიქით, შეიძლება შეღავათებიც ჰქონდეთ. გააჩნია, ვის რა ფართობი აქვს აღებული, მაგის მიხედვით განისაზღვრება. ზოგს დახლი აქვს, ზოგს ტანსაცმლის სექცია, ზოგს პროდუქტი და სხვადასხვა ფასი აქვს", - ამბობს ვახტანგ თომაშვილი.

 

ინფორმაციისთვის, გორის ცენტრალური ბაზარს ახალი მფლობელი და დირექტორი ჰყავს. ბაზრის ახალი მესაკუთრე გიორგი ჯალაბაძეა. რაც შეეხება დირექტორს, ამ პოზიციაზე გოგი ბოჭორიშვილი ვახტანგ თომაშვილმა ჩაანაცვლა.

 

ამავე თემაზე: გორის ცენტრალურ ბაზარს ახალი მფლობელი და დირექტორი ჰყავს