Back to Top
ორშაბათი, 07 სექტემბერი 2020 11:12

ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მეჯვრისხევში - მოქალაქეებს მისი აღდგენა სურთ

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევში, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი დაახლოებით მე - 18 საუკუნიდან დგას. მისი აგების ზუსტი თარიღი ადგილობრივებისთვის უცნობია. გადმოცემით იციან, რომ ტაძარი ათონელი ბერების მიერ გამოგზავნილმა ხუროთმოძღვრებმა ააგეს, რადგან მაშინ მეჯვრისხევი ათონის მთაზე ივერიის ღვთისმშობლის მონასტრის შემწირველი იყო.

 

"როგორც გადმოცემით ვიცით, მეჯვრისხევში მაშინ რაც მოდიოდა, ხორბალი თუ სხვა დოვლათი, იწირებოდა ივერიის ღვთისმშობლის მონასტრისთვის ათონზე", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი კობა სარაული.

 

მისი და სხვა ადგილობრივების სურვილია ტაძარი მოქმედი გახდეს და სოფლის მოსახლეობამ წირვაზე დასწრება შეძლოს.

 

 

ტაძრის აგების შესახებ სხვა ისტორია აქვს მეჯვრისხევში მცხოვრებ ისტორიკოსს, ბადრი რაზმაძეს. მისი წიგნის "მეჯვრისხევის ისტორია" მიხედვით, მისი აგების ზუსტი თარიღი ზეპირგადმოცემით დგინდება.

 

"ეკლესიის მშენებლობაში მონაწილეობდა სუხიშვილი დავით ქრისტეფორეს ძე, დაბადებული 1865 წელს. დავითის შთამომავლობას ახსოვს მისი მონათხრობი იმის შესახებ, რომ ეკლესიის მშენებლობის დროს ის 15 წლის ყოფილა. გამოდის, რომ ეკლესია აგებულია 1880 წელს. ეკლესიის მშენებლობის ინიციატორი და დამფინანსებელი იყო მახათაძეების წინაპარი, ხოლო მუშების დამპურებელი - ქრისტეფორე სუხიშვილი", - წერს ისტორიკოსი.

 

ტაძარი დროთაგანმავლობაში დაზიანდა და მრავალი წელია უმოქმედოა. მეჯვრისხველების ინიციატივით, მის აღდგენაზე მუშაობა 11 წლის წინ დაიწყო. ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით ტაძრის შიდა ნაწილისა და საკურთხევლის მოპირკეთება შეძლეს.

 

"იატაკის დაგებასაც შევძლებთ, მაგრამ ტაძრის სრულად გაკეთება გაგვიჭირდება, თუ ვინმე არ დაგვეხმარა. ამ ეტაპზე მთავარი, რაც არის, სახურავი უნდა გამოეცვალოს. იმედი გვაქვს, გამოჩდნება ვინმე მსურველი, რომ ამ ტაძრის სრულად აღდგენაში დაგვეხმაროს", - ამბობს კობა სარაული.

 

ტაძარში ამჟამადაც მიმდინარეობს ადგილობრივების მიერ წამოწყებული სამუშაოები. საბოლოოდ აღსადგენად კი, მეჯვრისხეველებს ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ.