Back to Top
ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2020 14:36

როგორ ცხოვრობენ ქალები საოკუპაციო ხაზთან - პრობლემები და სურვილები

Rate this item
(0 votes)

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების ყოველდღიური ცხოვრება რთულია. მათ მძიმე ფიზიკური შრომა უწევთ. როგორც ამბობენ, მთელ დღეებს ბაღ-ვენახებში ატარებენ და საკუთარი თავისთვის დრო თითქმის არ რჩებათ.

 

"ჩვენი დილა არ იწყება ყავის სმით", - ასე იწყებს საკუთარი ყოველდღიურობის აღწერას რუსიკო მესხი. ის წითელუბანში ცხოვრობს და საკუთარ მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს. რუსიკომ გვეუბნება, რომ არ იცის, როგორია "დილი ძილი", რადგან წლებია, ადრიანად დგება და შრომას იწყებს. 

 

"დილით ადრე ვდგები. ჯერ შევდივარ პირუტყვთან, ვწველი, ვუვლი. მერე ვიწყებ თავის მოწესრიგებას მაღაზია მაქვს და მომხმარებელს მოწესრიგებული ვხვდები აუცილებლად. სოფელში სხვა სამსახურები არ გვაქვს, ძირითადად საქონელი, მეურნეობა, სულ ესაა ჩვენი შემოსავალი", - ამბობს რუსიკო მესხი.

 

მძიმე ფიზიკური შრომით ირჩენს თავს ზარდიაანთკარში მცხოვრები ციცინო ელიკაშვილი და მისი ოჯახი. მიწების დამუშავება და შინაური ფრინველ-ცხოველების მოვლა, როგორც ციცინო გვეუბნება, ზარდიაანთკარში ქალების ყოველდღიურობის ნაწილია. 

 

"ჯერ ომის დროს ძალიან გაგვიჭირდა და კოვიდმა კიდევ უფრო უკან დაგვხია. ეკონომიკური პრობლემებია, ხალხი გაჭირვებულია. ქალებს საკუთარი თავისთვის დრო აღარ რჩებათ, გადართულები არიან მეურნეობაზე. ჩვენი ქალები ნაკლებად დადიან სალონებში, ამისთვის დრო საერთოდ არ აქვთ", - აღნიშნა ელიკაშვილმა.

 

​კონფლიქტისპირა სოფლების პრობლემებზე საუბრობს მარი კორინთელი, რომელიც აძვის მკვიდრია. მერი ამბობს, რომ სოფელში არც აფთიაქი და არც საბავშვო ბაღი აქვთ. 

 

"როგორც მცირეწლოვანი შვილების დედა, ყველაზე მეტად ვისურვებდი, რომ ჩვენს სოფელში რაიმე გასართობი იყოს. სოფელს აქვს ტერიტორია, სადაც შეიძლება გასართობი სივრცე მოაწყონ. სოფელში ახალგაზრდობა აღარ არის, 7 წლის შვილი მყავს და უბანში მისი ასაკის არავინაა, რომ ითამაშოს, მარტო გაიზარდა, პირველად საბავშვო ბაღში, რომ მივიდა ბავშვებს ვერ ეგუებოდა, სულ მარტო იყო, ძლივს მიეჩვია. უნდა მიხედონ ჩვენნაირ სოფლებს, არც ბაღი გვაქვს, არც ნორმალური სუპერმარკეტი, ან აფთიაქი", - თქვა მარი კორინთელმა.

 

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალები ამბობენ, რომ სოფელში არსებული პრობლემები მათ ყოვედღიურობას კიდევ უფრო ამძიმებს.