Back to Top
პარასკევი, 11 სექტემბერი 2020 15:27

გორის მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი სასამართლომ განიხილა

Rate this item
(1 Vote)

გორის რაიონულმა სასამართლომ მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსის სარჩელი განიხილა.

 

თემურ მანველიშვილი გორის მერიიდან მისი გათავისუფლების შესახებ დაწერილი ბრძანების ბათილად ცნობას და განაცდური ხელფასის მიღებას ითხოვს. მანველიშვილი ამბობს, რომ სასამართლოს ოფიციალურ გადაწყვეტილებას დაელოდება და იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება მისი მოთხოვნის შეუსაბამო იქნება, საქმის მასალებს გაასაჯაროებს. 

 

"დავასრულეთ ყველაფერი გუშინდელ სასამართლო პროცესზე. თვითონ თავზარაშვილიც იყო მოსული და მისცა ჩვენება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და მერე თუ საჭირო გახდა გამოვითხოვ და გავასაჯაროვებ მაგ ჩვენებას, რაც ილაპარაკა. მე მასთან შესათანხმებელი აბსოლუტურად არაფერი არ მქონდა. იძულებული ვიყავი, დამეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც საქმეზეა დართული", - ამბობს თემურ მანველიშვილი.

 

გორის მერის განცხადებით, მანველიშვილის მოთხოვნა კანონის ფარგლებში არ ჯდება. კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, პოზიცია, რომელზეც ყოფილი მაღალინოსანი აღდგენას ითხოვს, უკვე დაკავებულია.

 

"პირველად როცა დაწერა განცხადება, ბოლომდე ჩემთან იყო და მე-13 დღეს დაუყონებლივ გათავისუფლება, როცა მოითხოვა, მხოლოდ ამის შემდეგ მოვაწერე ხელი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მაქარაშვილს ექსპერტმა დაუდასტურა, რომ მან მიიღო სტრესი და დაზარალებულად გამოცხადდა, როცა უკვე საქმე აღიძრა. ახლა, ამ სიტუაციაში, მისი დაბრუნება მიუღებელი კი არ არის ვინმესთვის, არამედ არაკანონიერია. მის ადგილზე უკვე მუშაობს დანიშნული კადრი", - ამბობს გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება 1 ოქტომბერს გამოცხადდება. 

 

___________________________________

 

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტვისტებმა გორის მერიასთან მერის კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ აქცია გამართეს. სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას“ წევრებმა ადმინისტრაციული შენობის კიბეზე ნაკელი და მარცვლეული (საკენკი) დაყარეს და გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილის მის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადების გამო საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვეს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, თეიმურაზ მანველიშვილმა კი, აქციის მონაწილე გიგა მაქარაშვილს ნაგვით სავსე ურნა თავზე დააყარა.

 

ამის შემდეგ, მანველიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ,,ბ” ნაწილით წაუყენეს. 

 

საბოლოოდ კი, ნაფიცმა მსაჯულებმა გიგა მაქარაშვილისთვის მორალური ზიანის მიყენების საქმეზე, თემურ მანველიშვილი უდანაშაულოდ ცნეს.