Back to Top
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020 14:40

ჯეფერი - ატენელი გოლიათი, რომელზეც „ქართლის ცხოვრება“ გვიყვება

Rate this item
(2 votes)

გადმოცემის თანახმად, X საუკუნეში ატენის ხეობაში, სოფელ დიდ წერეთში ცხოვრობდა გოლიათი, რომელიც სიმაღლით 5 მეტრზე მეტი იყო.

 

გოლიათი ჯეფერი მოსახლეობასთან ერთად ცხოვრობდა. ამას ისტორიული ფაქტებიც ადასტურებს, კერძოდ, მის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი "ქართლის ცხოვრებაში" წერდა.

 

ისტორიული ცნობების მიხედვით, ჯეფირი გოლიათი იყო, რომელიც ადამიანებთან ერთად ცხოვრობდა. გადმოცემით მის ერთ წინდაში ოცდახუთი კილო მარცვლის ჩატევა შეიძლებოდა, ხოლო ვახშმად ერთი ცხვარიც არ ჰყოფნიდა. ჯეფირს თავისი სიმაღლის და აღნაგობის მქონე ცოლიც ჰყოლია. 

 

ჯეფერს მოსახლეობის ​თხოვნით, ეკლესიის მშენებლობაშიც მიუღია მონაწილეობა. სოფელ დიდ წერეთში არსებობს X საუკუნის ბაზილიკური ეკლესია, რომელსაც თვალნათლივ ეტყობა გვიანდელი რესტავრაციის კვალი. ეკლესიის კედელში, მიწიდან დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლეზე, შედარებით პატარა ქვების წყობის შემდეგ მოდის უზარმაზარი ლოდების წყება. როგორც წესი დიდი ლოდები შენობის საფუძველში, ან კედლის საწყის სექციაში იდება ხოლმე. აქ კი, სწორედ ისე, როგორც ლეგენდა გადმოგვცემს, სწორედ ჯეფირის სიმაღლეზეა შემოწყობილი.

 

​ჯეფერის შესახებ სხვადასხვა ლეგენდა არსებობს, ერთ- ერთის თანახმად, ჯეფერი ადგილობრივ მოსახლეობას გამოსაკვებად ხარ-კამეჩს სთხოვდა და თან ემუქრებოდა, თუ არ მომიყვანთ, რასაც ვითხოვ, კენჭებს დაგაყრითო. ამავე ლეგენდის მიხედვით, გაბრაზებული გოლიათის მიერ ნასროლი ერთი "კენჭი" ატენის სიონთან გდია, მეორე კი წედისში.

 

სოფელ წერეთში ​ეკლესიის მახლობლად არსებობს საფლავი, რომლის სიგრძეც 5 მეტრზე მეტია, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს სწორედ ჯეფერს და მის ცოლს უნდა ეკუთვნოდეს, თუმცა როდესაც არქეოლოგებმა საფლავი გახსნეს, იქ ძვლები არ აღმოჩნდა. რაიმე არქეოლოგიური სამუშაოები კი მანამდე არასდროს ჩატარებულა.