Print this page

გორის მერის იმპიჩმენტის საკითხს საკრებულო არ განიხილავს

ივლისი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 

ავტორი: თათია გოგოლაძე

გორის საკრებულო მერის იმპიჩმენტის საკითხს აღარ განიხილავს. საკრებულოს ეთიკის, საპროცედურო და სამანდატო კომისიამ მიიჩნია, რომ გორის მერი კანონს არღვევს.

გორის მერის იმპიჩმენტის საკითხზე, დღეს, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის კომისიის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებულმა საკითხმა, კომისიის წევრების ხმათა სათანადო რაოდენობა ვერ მოიპოვა. შესაბამისად, გორის მერის იმპიჩმენტის საკითხი, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში აღარ შევა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კოტე თავზარაშვილი თანამდებობისთვის შეუთავსებელ სხვა პოზიციაზეც ფიქსირდება.

“გორის მუნიციპალიტეტს ჰყავს გულმავიწყი მერი. ეს ადამიანი უხეშად არღვევს კანონს და რატომღაც, ამ ადამიანს ეპატიება ეს ყველაფერი. დღეს, კომისიის წევრების უმრავლესობამ, კომისიის სხდომაზე მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება. ჩვენს მიერ არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, რომ არ მომხდარიყო გადაწყვეტილება პარტიული დირექტივებით, მაინც არ გაითვალისწინეს ეს. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას იქამდე გავაპროტესტებთ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება“, - განაცხადა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ბექა ქორჩილავამ.

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, საკითხი არასწორად იყო დაყენებული და კომისიის წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

“სხდომაზე დამსწრე, კომისიის წევრების უმრავლესობამ მიიჩნია, რომ ეს არ იყო სამართლიანი მოთხოვნა. საკითხი არასწორად იყო დაყენებული და ბატონი მერი არ არღვევს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, მივიღეთ ადეკვატური გადაწყვეტილება და თემა დაიხურა“, - გვითხრა მარლენ ნადირაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს მიაჩნია, რომ რეესტრში აღნიშნული მონაცემების გაუქმება, მერს უბრალოდ დაავიწყდა.

"არ ვარ ამ კომისიის წევრი, მაგრამ არ შემიძლია ჩემი აზრი არ დავაფიქსირო. როდესაც მე საყვედური ვუთხარი ბატონ კოტეს, თუ რატომ ხდებოდა ეს, დაიფიცა კაცმა, რომ ნამდვილად არ მახსოვდაო. ანალოგიურად მოეთხოვებოდა წინა მოწვევაში, როდესაც ის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ეს ფირმა 90 - იან წლებში რაღაც მიზნით შეიქმნა, თუმცა მაშინვე არანაირი ფუნქცია არ ჰქონია, არანაირი სამეწარმეო საქმიანობა არ წარუმართია. ეს იყო ადამიანური სისუსტე, რომ დაავიწყდა და მაგის გულისთვის არ გვაქვს უფლება კანონმდებლობით, რომ იმპიჩმენტზე დავაყენოთ მისი საკითხი", - აღნიშნა დავით რაზმაძემ.

კომისიის 8 წევრიდან 3-ს მიაჩნია, რომ კოტე თავზარაშვილი კანონს არღვევს. მათ შორის ერთ - ერთი "ქართული ოცნება - კონსერვატორების წევრი იოსებ მუმლაძეა.

“სამმა წვრმა აიწია ხელი კენჭისყრის დროს იმაზე, რომ ბატონი თავზარაშვილი კანონს არღვევს. ერთ - ერთი კი, მათივე გუნდის წევრია. იოსებ მუმლაძე წარსულში გამგებლის მოვალეობას ასრულებდა და საკმაოდ კომპეტენტურად დაადასტურა, რომ კანონდარღვევაა. დანარჩენები არ ერკვევიან ამ საკითხში და შესაბამისად, არ დაადასტურეს“, - განმარტა ირმა ამბარდნიშვილმა.

გორის მერს, კომისიის დღევანდელ სხდომაზე განმარტება არ გაუკეთებია. მის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ კოტე თავზარაშვილს, არ ახსოვდა, აღნიშნულ თანამდებობასდ ამ დრომდე თუ იკავებდა.

“მე ვიცი, რომ არ უფუნქციონირებია ამ შპს - ს შექმნის დღიდან. აქედან გამომდინარე, არ ახსოვდა და როგორც კი ნახა, მაშინვე მიიღო შესაბამისი ზომები. 23 ივნისიდან იგი აღარ არის დირექტორად მითითებული“, - განგვიმარტა ნათია მდინარაძემ.

განსხვავებულად ფიქრობენ იურისტები. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის,  ლექსო მერებაშვილის განცხადებით კომისიამ კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღო. 


“არც შეუთავსებლობის შესახებ კანონში და არც თვითმმართველობის კოდექსში, არსად არ არის მითითება, რომ შეიძლება თანამდებობის პირს არ ახსოვდეს მის მიერ დაკავებული სხვა პოზიციის შესახებ და ამის გამო, ის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს. კანონში წერია, რომ თანამდებობის პირს ეკრძალება სხვა კერძო დაწესებულებაში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობა. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან დასტურდება, რომ კოტე თავზარაშვილი, ისევ იკავებს აღნიშნულ თანამდებობას. შესაბამისად სახეზე გვაქვს თანამდებობრივი შეუთავსებლობა“, - აცხადებს უფლებადამცველი ლექსო მერებაშვილი.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სასამართლოს, პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მტკიცებულებითი მნიშვნელობა არ აქვს განცხადებას, თუ იგი არ დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. 

რადიო “მოზაიკამ“ აღნიშნული ფაქტი ჯერ კიდევ მარტში გაახმაურა, რასაც მერის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია და ის ამ პოზიციაზე ივნისის თვემდე ფიქსირდებოდა