ძველი და ახალი თაობის მიდგომები გენდერულ თანასწორობაზე

სექტემბერი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია  მუმლაძე

ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში დევნილმა ქალებმა საკუთარი ისტორიები ახალგაზრდებს გაუზიარეს. შეხვედრა “ქალთა ფონდის მიერ“ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა. 

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის, ციალა ვაზაგოვის თქმით მის გარშემო ყოველდღიურად ქალთა მიმართ ძალადობის არაერთი ფაქტი ხდება,რომელსაც ზოგჯერ თავად ძალადობის მსხვერპლი ქალები ვერ ამჩნევენ. 

“პატარა მაღაზია მაქვს, თითქმის ყოველდღე მოდიან ქალები, რომლებიც შემომჩივლებენ ხოლმე, აღარ შემიძლია, როგორ მტანჯავს ჩემი ქმარი და ასე შემდეგ. ისინი იტანენ ამ ძალადობას, უძლებენ ცემას, გინებას, რადგან არ სურთ ოჯახის დანგრევა. როგორც ჩიტი უფრთხილდება თავის ბუდეს, ისე ქალები უფრთხილდებიან ოჯახებს და ითმენენ ძალადობას“, -ამბობს ციალა ვაზაგოვი

შეხვედრის მიმდინარეობისას, ახალგაზრდებმა მათგან ინდივიდუალური ისტორიები მოისმინეს. შეხვედრის მონაწილე ქალებმა აღნიშნეს, რომ სექსუალურ შევიწროებასა და ფარული დისკრიმინაციის ფორმებზე ახალგაზრდები მეტად ინფორმირებულები არიან. 

“მე არ გავთხოვდი, ვერ გადავწყვიტე ოჯახის შექმნა, ჯერ ვსწავლობდი, შემდეგ სხვა რაღაცების გამო შევიკავე თავი, 20 წელია უსინათლო დედას ვუვლი, დრო რომ უკან დაბრუნდეს, ალბათ მაინც არ შევცვლიდი ჩემს გადაწყვეტილებას, თუმცა ახალგაზრდებს ვურჩევ, დაოჯახნდენ და ოჯახი ჰქონდეთ“, - ამბობს ნანული ტოლიაშვილი.

შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდების თქმით, დევნილი ქალების ისტორიების მოსმენამ მათთვის ძალადობის ფორმების შესახებ ინფორმირებულობას ხელი კიდევ უფრო შეუწყო. ნანიკო კირთაძის თქმით, ძველი თაობისთვის ბუნებრივ მოვლენად ქცეული ძალადობის ფორმები, მათთვის მიუღებელია. 

“ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ შევეხეთ ისეთ თემებს, როგორიცაა ძალადობა, ბულინგი, დისკრიმინაცია. ამ მყოფი ქალების ისტორიებიდან ძირითადად გამოიკვეთა მორალური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმები გამოიკვეთა, ძალიან რთულია ყოველდღიური პრობლემების ფონზე, ფსიქოლოგიური ძალადობის ატანა“, - ამბობს ნანიკო კირთაძე. 

დისკრიმინაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ თაობათა შორის ინფორმაციის გაცვლაზე გაამახვილა ყურადღება, “მეგობრობის ხიდი ქართლოსის“ წარმომადგენელმა, ლელა მაზმიშვილმა. მისი თქმით ,მსგავსი სახის შეხვედრები ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს. 

“ქალებმა გაიხსენეს საკუთარ თავზე გადახდენილი ისტორიები, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ ძველმა და ახალმა თაობამ ერთმანეთს გაუზიარა ინფორმაცია და უფრო მეტი შეიტყვეს, რა არის ძალადობა, ქალთა მიმართ დისკრიმინაცია და ასე შემდეგ“. 

შეხვედრას ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი უძღვებოდა. მისი თქმით, ქალებს ძალადობის შესახებ საუბარი უჭირთ, თუმცა დისკუსიის შემდეგ გამოვლინდა, რომ მათ ძალადობის სხვადასხვა ფორმებთან გამკლავება ყოველდღიურად უხდებათ. 

“სექსუალური შევიწროება და დისკრიმინაცია ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზეზია, მაგრამ, ძალიან რთულია ესაუბრო ქალებს ამ თემებზე, როცა მათთვის ყოველდღიური საჭიროებები მოუგვარებელია, მიუხედავად იმისა, რომ ქალებს ამ თემებზე საუბარი უჭირთ, დისკუსიამ გამოავლინა, რომ ეს პრობლემა არსებობს და ხშირ შემთხვევაში ქალები ამას ძალადობად არ აღიქვამენ".

დევნილებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს მოხალისეთა ჯგუფის წევრები და ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომელი ქალები. პროექტი ოთხი თვეა მიმდინარეობს და ქალების მიმართ დაფარული დისკრიმინაციული ფორმების შესახებ ინფორმირებას ემსახურება.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი