ტურიზმი გორის მუნიციპალიტეტში - პოტენციალი და პრობლემები

სექტემბერი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს ხელისუფლებამ ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგად გამოაცხადა და მისი წახალისებისთვის არაერთი ნაბიჯი გადადგა. ეკონომისტების განცხადებით, ტურიზმი, საერთაშორისო ვალუტის შემოდინების მხრივ, ერთ-ერთი განსაკუთრებული წყაროა. სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, ტურიზმის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 7.5%-დან 8.5%-მდე მერყეობს.

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში, 2018 წლის 1იანვრიდან 1 სექტემბრამდე, 350 200 ტურისტი შემოვიდა. ტურიზმის სააგენტოში აცხადებენ, რომ თითქმის 90% გორში ერთი დღით იმყოფებოდა. უმრავლესობამ დაათვალიერა სტალინის სახლ-მუზეუმი, გორის ციხე, იმყოფებოდა უფლისციხეში, შემდეგ კი დატოვა ქალაქი. ასე მოიქცა პაშეკ ზბორკოვსკიც, ტურისტი პოლონეთიდან.

"იმ ყველაფრის დასათვალიერებლად, რაც შეიძლება ამ ქალაქში ნახოს ტურისტმა, ნახევარი დღე სრულიად საკმარისია. სტალინის სახლ-მუზეუმი ვნახე, შესანიშნავი ციხე-ქალაქი უფლისციხე. ღვინის გზაზე კი ერთი შესანიშნავი მარანი. აქ ოთხკაციან ჯგუფთან ერთად ვარ. შემდეგ, სხვა ქალაქში წავალ. ჩვენმა მძღოლმა მითხრა, რომ აქ ღამე დარჩენით ვერაფერს მოვიგებთ", - ამბობს პოლონელი ტურისტი.

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რობერტ მაღლაკელიძე ამბობს, რომ მართალია ტურისტების რაოდენობა იზრდება, მაგრამ არ იზრდება მათი რიცხვი, ვინც გორის მუნიციპალიტეტში ხანგრძლივად რჩებიან. მაღლაკელიძე ამის მიზეზებს ასახელებს:

რობერტ  მაღლაკელიძე - სტატია  - ტურიზმი

"გორში არ არის დიდი სასტუმრო, სადაც, მაგალითად, იქნება დაახლოებით 200 ადგილი, რომ დიდმა ტურისტულმა კომპანიებმა ჩამოიყვანონ გორში ტურისტები და გააჩერონ. დიდ ტურისტულ ჯგუფს სხვადახვა სასტუმროებში ვერ გადაანაწილებ. შემდეგი დიდი პრობლემაა "ღამის ქალაქი". ფაქტობრივად, 6 საათის შემდეგ წყდება ყველაფერი. ტურისტი რომ ღამით დარჩეს ქალაქში, უნდა გაერთოს. ტურისტებს ბევრი რამე აწუხებთ, მათ შორის, ენობრივი ბარიერიც“, - გვეუბნება მაღლაკელიძე.

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში მიაჩნიათ, რომ ვიდრე ტურისტი გორის სოფლებით არ დაინტერესდება, მათი უმრავლესობის ვიზიტი მხოლოდ ერთდღიანი იქნება. გორის მუნიციპალიტეტმა ტურიზმის განვითარების 4 წლიანი გეგმა შეიმუშავა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება სოფლებზეა გადატანილი.

„მიუხედავად იმისა, რომ გორში, გასულ წელთან შედარებით, თითქმის ორჯერ არის გაზრდილი ტურისტების რაოდენობა, აქ ძალიან ცოტა რჩება. ჩვენ ვცდილობთ, როგორმე სოფლებში შევიყვანოთ ტურისტი. თუ ტურისტი სოფელში შევა, ამით ადგილობრივ მოსახლეობას დიდი სარგებელი ექნება. შეეძლებათ მოაწყონ ბაზრობები, გახსნან საოჯახო სასტუმროები, ღვინის მარნები და ა.შ. ამ მხრივ, ყველაზე მეტად განვითარებული გვაქვს ატენის ხეობა. მაგრამ სხვაგან, სხვა სოფლებშიც შეიძლება ბევრი რამის გაკეთება - გვაქვს მშვენიერი ბუნება, ტბები, შეიძლება გაკეთდეს საფეხმავლო ბილიკები, სანადირო ადგილები. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი“, - აცხადებენ ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში.

რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, რომლებიც მომზადდა ევროკავშირის პროექტის „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება გორის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდის მიზნით“ ფარგლებში და რომელსაც ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან და ასოციაცია "ათინათთან" თანამშრომლობით., გორში გამოკითხული 74 ტურისტიდან მხოლოდ 8 % რჩება ქალაქში. ტურისტების უმეტესობა არჩევანს საოჯახო ტიპის სასტუმროებზე აკეთებს, სადაც თავად მესაკუთრეები უწევენ მომსახურებას სტუმრებს და ფასიც მისაღებია (დაბალია) – 25–40 ლარამდე მერყეობს.

უფლისციხე - ტურიზმი - სტატია

საოჯახო ტიპის სასტუმრო აქვს მოწყობილი გოგი დვალიშვილს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში. სასტუმრო 2016 წლიდან ფუნქციონირებს. დვალიშვილს, თავდაპირველად, მარანი ჰქონდა მოწყობილი და ტურისტებს საკუთარი ტექნოლოგიებით დაყენებულ ღვინოს სთავაზობდა. სტუმრებს მისი როგორც ყიდვა, ისე ადგილზე დაგემოვნება შეეძლოთ. როგორც თავად ამბობს, საოჯახო ტიპის სასტუმროს გახსნა ტურისტების სიმრავლემ გადააწყვეტინა. მიაჩნია, რომ თუ შეიქმნება ახალი რეკრეაციული და ტურისტული ზონები, მის სასტუმროში დარჩენის მსურველთა რაოდენობა გაორმაგდება.

1779798 230707500455792 1833789876 nსადასდდსა

„ღვინის გზა გადის ჩემ სახლზე. სოფელში ახლაც დგას ტრაფარეტი, რომელიც ტურისტებს ჩემი მარნის ადგილსამყოფელს მიანიშნებს. საკმაოდ ბევრი ტურისტი მოდის, ღვინოსაც ყიდულობენ და ადგილზეც მიირთმევენ. გამოთქვამდნენ ხოლმე სურვილს, რომ აქ დარჩენილიყვნენ. ამიტომაც გადავწყვიტე საოჯახო ტიპის სასტუმროს გახსნა. ბევრი ტურისტული კომპანია თანამშრომლობს ჩემთან. ამ წუთას, ორი ტურისტია ისრაელიდან დარჩენილი ჩემთან. თუ მთავრობა მოაწყობს ტურისტულ ზონებს, მაგალითად, აითვისებენ ბიისს. ამით, რა თქმა უნდა, ბევრი ტურისტიც დარჩება და შემოსავალიც გაიზრდება“, - ამბობს დვალიშვილი.

გორის მუნიციპალიტეტში სულ 37 სასტუმროა (საოჯახო და მცირე სასტუმროების ჩათვლით). ყველაზე დიდი სასტუმრო „ლიდერი“ (ყოფილი "ვიქტორია), რომელსაც 70 სტუმრის მიღება შეუძლია. კვლევის შედეგები, რომ ტურისტებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სასტუმროებში კვალიფიციური კადრის ნაკლებობაა, ცნობილია „ვიქტორიას“ დირექტორისთვის. ნოდარ ურიგაშვილის განცხადებით, ადმინისტრაცია ცდილობს, შექმნას ყველა ის პირობა, რომლებიც ტურისტების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავზარდოთ მომსახურების ხარისხი, უკმაყოფილო რომ არავინ წავიდეს აქედან. ასევე ვცდილობთ გადავამზადოთ მომსახურე პერსონალი, განვაახლოთ ინტერიერი, მაგრამ იცით თქვენ, რომ ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, რჩებიან ტურისტები, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ მათი რაოდენობა გაიზარდოს, რადგან ჩვენც შევძლოთ გარკვეული თანხის ჩადება. თუნდაც ტრენინგების სახით რომ დაგვეხმარონ - გნებავთ მართვის, გნებავთ მომსახურების, ეს იქნებოდა უბრალოდ ხელშეწყობის ერთ-ერთი კარგი გამოვლინება“, - ამბობს ნოდარ ურიგაშვილი.

ეკონომისტები თანხმდებიან, რომ ტურიზმი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, ტურიზმის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 7.5%-დან 8.5%-მდე მერყეობს. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენლის, ირინა გურულის განცხადებით, საქართველოს ტურისტული პოტენციალი დიდია, რასაც მოწმობს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსული შემოსავლებიც. გარდა ამისა, ირინა გურულის თქმით, ტურიზმი მუნიციპალურ დონეზე ეკონომიკურ აქტივობას ზრდის, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ადგილზე მოსახლეობის დამაგრებას.

ირინა გურულიიიი

„2017 წლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალმა საერთაშორისო ტურიზმიდან 2.75 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეს მონაცემები ადასტურებს, რომ ტურიზმის პოტენციალი დიდია, და მნიშვნელოვანია რომ ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი ადამიანი იქნას ჩართული. ტურიზმის თავისებურება ისაა, რომ განსაკუთრებით რეგიონებში ეს არის დასაქმების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება. სწორედ ტურიზმმა „დააკავა“ ადამიანები ისეთ მთიან რეგიონებშიც, როგორიცაა ყაზბეგი, თუშეთი და სხვა. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორედ საოჯახო და რეგიონალური ტურიზმის განვითარება, რომ რეგიონებში ადამიანებისთვის სამუშაო ადგილები შეიქმნას და ქალაქისკენ და უცხოეთში მიგრაციის პროცესი ადგილზე დასაქმებით ჩანაცვლდეს. ეს ეკონომიკურ აქტივობას გაზრდის მუნიციპალიტეტების დონეზე და ცხადია ამ მუნიციპალიტეტების განვითარებასაც შეუწყობს ხელს“, - ამბობს ირინა გურული.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ, რეგიონულ თვითმმართველობებთან ერთად, უნდა შექმნას ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რათა ქვეყანამ სრულად აითვისოს ტურისტული პოტენციალი.

„ტურიზმის განვითარებისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია სახელმწიფომ რეგიონულ თვითმმართველობებთან ერთად შექმნას ტურიზმის განვითარების სტრატეგია - რეგიონული თავისებურებების გათვალისწინებით, დაინახოს ეს პერსპექტივა არა მხოლოდ საერთო სახელმწიფოებრივ, არამედ რეგიონულ ჭრილში. ეს საშუალებას მოგვცემდა, რომ ტურიზმის განვითარების პერსპექტივა დაგვენახა არა მხოლოდ ეგრეთ წოდებულ ტრადიციულ ტურისტულ ლოკაციებში, არამედ - იქ, სადაც პოტენციალი არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით არ არის ათვისებული“, - გვითხრა ირინა გურულმა.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ჩამოყალიბებული აქვთ რვასაფეხურიანი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ტურიზმის განვითარება საქართველოში. ესენია:

  • ქვეყნის, როგორც ბრენდის განვითარება და პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე;
  • ანალოგიური ტურისტული ბაზრებისთვის კონკურენციის გაწევა;
  • საბაზრო წილის ზრდა;
  • ინფრასტრუქტურის განვითარება;
  • მომსახურების სფეროს გაუმჯობესება;
  • განათლების ხარისხის ამაღლება;
  • ინვესტორების მოზიდვა;
  • ეფექტური პარტნიორობით ადგილობრივი კერძო სექტორის ხელშეწყობა და განვითარება.

ევროკავშირის პროექტის „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება გორის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდის მიზნით“ ფარგლებში ჩატარებულ კვლევაში ასევე მომზადებულია რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების პირველ და მთავარ მიზანს წარმოადგენს ტურიზმის სფეროში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდა. აუცილებელი,ა სახელმწიფომ მცირე და საშუალო მეწარმეებს ხელი შეუწყოს სხვადასხვა საშუალებებით, რათა ტურიზმი საქართველოში უფრო განვითარდეს, მიაღწიოს ევროკავშირის სტანდარტებს, გარდა ამისა, ასევე, ამ სექტორში მომუშავე მეწარმე მზად უნდა იყოს, ფეხი აუწყოს თანამედროვეობას, დანერგოს ინოვაციები და ახალი მეთოდები.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი