მედიის როლი მშვიდობის მშენებლობაში

სექტემბერი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მშვიდობის საერთაშორისო დღეს გამყოფ ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სპეციალური პრიზის მფლობელ ჟურნალისტებს შეხვდნენ. ნინო ჩიბჩიურმა, გოგა აფციაურმა და გვანცა დოლუაშვილმა, მათთან ერთად, მშვიდობის მშენებლობაში მედიის როლზე ისაუბრეს.

"ახალგაზრდები დაინტერესდნენ, თუ რა იყო ჟურნალისტის როლი სამშვიდობო პროცესებში. შესაბამისად, მეც სწორედ იმ მასალებზე ვესაუბრე, რაც ამ მიმართულებით მომიმზადებია. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ჩვენ რეგიონში, მდებარეობიდან გამომდინარე, უფრო მეტ დროს უნდა უთმობდნენ ამ თემების გაშუქებას ჟურნალისტები. სამწუხაროდ, საქართველოში დღეს მედიის ნაწილი მიმართულია მეტი სკანდალური მასალების მოძიებისა და ხმაურიანი სათაურის შერჩევისკენ, მაგრამ, მგონია, რომ აუდიტორიის ნდობას უფრო მეტად ის ნამუშევრები იმსახურებს, რაც მათთვის აქტუალურ საკითხებში ჟურნალისტის მიგნებები და ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის გზების იქნება ნაჩვენები. სწორედ ეს როლი აქვს სამშვიდობო ჟურნალისტიკას, რომელიც არა თუ კონფლიქტების გაღვივებას, არამედ პირიქით ხალხის დაახლოებასა და მათ ურთიერთობას უწყობს ხელს", - ამბობს ნინო ჩიბჩიური

შეხვედრაზე მოწვეული ახალგაზრდები პროგრამის "საქართველოს მოხალისე" მონაწილეებიც არიან. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთობების დარეგულირება, არამხოლოდ პოლიტიკოსებს, სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ.

"შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა გამომდინარე იქიდან, რომ ჟურნალისტები გვესაუბრნენ კონფლიქტების გადაჭრის გზებზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე. თუმცა, მთავარი ძალა, რაც გვაქვს ჩვენ, ახალგაზრდებს, არის ინფორმაცია, ინფორმირებულობა და შემდგომში იმ ბერკეტების გამოყენება, რაც აღზრავს ერთად საქმის კეთების სურვილს", - ამბობს ელენე მინდიაშვილი.

"სამშვიდობო ჟურნალისტიკას საკმაოდ დიდი როლი აქვს, რადგან ჟურნალისტებს აქვთ ვალდებულება, კონფლიქტის დროს, ობიექტურად გააშუქონ ორივე მხარეს მომხდარი ამბები. ჟურნალისტების მიმართ ისედაც დადებითად ვიყავი განწყობილი, ამ შეხვედრის მერე კი ორმაგად დადებითად ვარ", -ამბობს თორნიკე ცაციაშვილი.

შეხვედრა, რომელიც დემოკრატიის სკოლაში გაიმართა, ორგანიზაციამ "ქართლოსი" დააორგანიზა. ლელა მაზმიმიშვილის, ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა ადრეულ ასაკშივე დაიწყონ ფიქრი კონფლიქტების შედეგებსა და მშვიდობის მნიშვნელობაზე.

"მოგეხსენებათ, 21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშვირებით მეგობრობის ხიდმა "ქართლოსი" პროექტის -"საქართველოს მოხალისის" ფარგლებში ერთობლივად დაგეგმა ღონისძიება და ევროკავშირის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში გამარჯვებულებთან შეხვედრა მოაწყო. ნინო ჩიბჩიურმა, გოგა აფციაურმა და გვანცა დოლუაშვილმა ისაუბრეს მშვიდობის მნიშვნელობაზე, მათ გამოცდილებაზე ჟურნალისტიკაში. იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა", - განაცხადა ლელა მაზმიშვილმა

ორგანიზაცია "ქართლოსი" სხვადასხვა საკითხებზე ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით, შეხვედრებს პერიოდულად მართავს.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი