საბჭოთა წარსულის რეალური გააზრება თუ ძეგლებთან ომი-საჯარო დებატები გორში

სექტემბერი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

რა არის მეხსიერების პოლიტიკა და ვინ ქმნის მას? - ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ინიციატივით მეხსიერების პოლიტიკაზე დებატები გაიმართა. ორგანიზატორებმა თემად "საბჭოთა წარსულის რეალური გააზრება თუ ძეგლებთან ომი“ აირჩიეს

ანა გვალია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. საბჭოთა მეხსიერებით ის 2 წლის წინ დაინტერესდა. ამბობს, რომ წარსულში მომხდარი ფაქტები, ხშირ შემთხვევაში, თანამედროვე, კონკრეტულ ვითარებას მორგებული კონტექსტით გადმოიცემა.  მიაჩნია, რომ ერთი და იგივე ისტორიული მოვლენები, სხვადასხვა საზოგადოებაში, განსხვავებულად არის აღქმული.

“მე, ზოგადად დაინტერესებული ვარ მეხსიერებით, განსაკუთრებით, საბჭოთა მეხსიერებით ვარ დაინტერესებული, იმიტომ რომ ჩვენი წარსულია და დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. დღევანდელი მომხსენებლებიც ამ თემებზე საუბრობენ და რაც მოვისმინე, არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. მშვენივრად იყო წარმოჩენილი, თუ რა გავლენას ახდენს პოლიტიკური კონიუნქტურა მეხსიერების ფორმირებაზე.  თუ რეალურად არ გავაანალიზეთ წარსულში მომხდარი ფაქტები, მაშინ სულ ერთ წრეზე ვიტრიალებთ“, - ამბობს ანა გვალია.

მეხსიერების პოლიტიკა —  ეს არის წარსული მოვლენების სელექცია პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისად. მეხსიერების პოლიტიკაზე საუბარია მაშინ, როდესაც წარსულში მომხდარი მოვლენები ახლანდელ ვითარებას მორგებული ინტერპრეტაციით გადმოიცემა და შესაბამისად, იცვლება. მეხსიერების პოლიტიკას უწოდებენ, როდესაც საზოგადოებები საკუთარი წარსულიდან, ზოგიერთ მოვლენას მნიშვნელოვანს უწოდებენ, ზოგიერთს კი ჩქმალავენ. სწორედ მეხსიერების პოლიტიკის შესახებ გაიმართა დებატები გორის სასწავლო უნივერსიტეტში. ორგანიზატორებმა თემად „საბჭოთა წარსულის რეალური გააზრება თუ ძეგლებთან ომი“ აირჩიეს.  ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე, რომელიც დისკუსიის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო, ამბობს, რომ კოლექტიური მეხსიერება, რომელიც საზოგადოებაში წლების განმავლობაშია, ფაქტებს არ ეყრდნობა. 

“აქ წარმოდგენილი მოხსენებები ეხება მეხსიერებას, კოლექტიური მეხსიერების კულტურასა და პოლიტიკას,  ჩვენ გვახსენდება ის, რაც ხელოვნურადაა შექმნილი, არაა ლაპარაკი ადამიანის პიროვნულ მეხსიერებაზე. ეს არის გარკვეული ტიპის კონსტრუქცია, რომელსაც,  როგორც წესი, ქმნის ან მთავრობა ან რომელიმე მაღალი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაცია“,  -  ამბობს გიორგი მაისურაძე.

დისკუსია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ინიციატივით გაიმართა. ფონდის წარმომადგენლის, ლილია ჩიხლაძის თქმით, მათი ორგანიზაციისთვის, მსგავსი სახის პროექტების დაფინანსება, პრიორიტეტულია.

“დღეს ჩვენ გვაქვს დისკუსია მეხსიერების პოლიტიკაზე თანამედროვე საქართველოში, რომელიც ეხება საბჭოთა წარსულის გადააზრებას, რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით და ზოგადად, როგორი მეხსიერების პოლიტიკა უნდა გვქონდეს. ეს პროექტი ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს და ამ კუთხით ხშირად ვმუშაობთ“, - გვითხრა ლილია ჩიხლაძემ. 

დისკუსიაზე  სხვა საკითხებიც განიხილეს. მათ შორის მეხსიერების პოლიტიკის შემუშავების და ამ პროცესში, პოლიტიკური ელიტის როლი.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მეხსიერების ფორმირება მიზანმიმართული პროცესის შედეგია, მიზნები კი, ხშირ შემთვევაში,  კონკრეტული საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარეობს. მონაწილეები ამბობენ, რომ უახლეს წარსულში, სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან წამოყენებული ინიციატივები რეალურად მიზნად ისახავდა არა საბჭოთა პერიოდის სიღრმისეულ გააზრებას, არამედ მორგებული იყო კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს და ხშირად ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტებს უკავშირდებოდა.

 

 

 

 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი