სოხუმიდან გორამდე განვლილი გზა

სექტემბერი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად 300 000 მეტი ადამიანი, საკუთარ ქვეყანაში, დევნილად იქცა. 

სოხუმიდან დევნილი 59 წლის მედიკო გოგოხია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ცხოვრობს. ამბობს, რომ 25 წლის შემდეგაც ზუსტად ახსოვს, როგორ დატოვა აფხაზეთი.

“როგორ წამოვედით არც ერთი წუთი არ დამვიწყებია, ყველაზე დიდი ტანჯვა - წამება იყო უღელტეხილზე გადმოსვლა, საშინელი წუთები და საათები გადავიტანეთ, ბედნიერები ვიყავით, რომ ცოცხლებმა გამოვაღწიეთ. მთელი ჩემი ოჯახი და სხვა ნათესავები ერთად წამოვედით, მრავალშვილიანი ოჯახები ვიყავით. შვიდი ოჯახი ერთად მოვდიოდით. გზაში არც სასმელი გვქონდა და არც საჭმელი. ავტომატებით გვაშინებდნენ, თუკი რაიმე გვქონდა ყველაფერი დაგვატოვებინეს“, - იხსენებს მედიკო.

მედიკო იხსენებს, რომ უღელტეხილის მშვიდობით გადმოლახვის შემდეგ გორში ჩამოვიდნენ და მეგობარმა საკუთარ სახლში შეიფარა.

“ჩემი კურსელის სახლს მივადექით, ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია, მთელმა სოფელმა, გამგეობამ, ვერავისზე ვიტყვი ცუდს, ყველა მხარში ამოგვიდგა. გამგეობამ ხიდისთავში მოგვცა საცხოვრებელი, პროფსასწავლებლის შენობაში. პირობები ძალიან ცუდი გვქონდა, შემდეგ სამინისტრო დაგვეხმარა, ბინები გადაგვიკეთეს ერთოთახიანად და ოროთახიანად და ახლა ნორმალურად ვცხოვრობთ.“

ამბობს, რომ იქ დარჩენილი ნათესავები პერიოდულად ეხმიანებიან.

“ძალიან კარგ სახლში ვცხოვრობდით. სოფელიც გვქონდა, ახლა ყველაფერი დანგრეული და განადგურებულია. ჩემი მამიდაშვილები და ბიძაშვილები იქ ცხოვრობენ, იმათგან ვიგებ ხოლმე ამბებს, ამბობენ რომ ქართველებისადმი ისევ ისეთი დამოკიდებულება აქვთ, როგორც ადრე, არ უნდოდათ ქართველები და ასეა ახლაც“, - ამბობს მედიკო.

ბოლო მონაცემებით გორში აფხაზეთიდან დევნილი 300-მდე ოჯახი ცხოვრობს. მედიკო გოგოხიას თქმით, ამ დროისთვის ხიდისთავში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 5 ოჯახია.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი