გორში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

სექტემბერი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია. გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. 

აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული თამაზ ბეჟანიშვილის დედა, ქსენია ბეჟანიშვილი იხსენებს, რომ მისი შვილი ომში გაიწვიეს, 1992 წლის 2 აგვისტოს შემდეგ კი მის შესახებ არაფერი სმენია.

“27 წლის იყო, დასაქორწინებელი, წავიდა სამშობლოს დასაცავად, დავკარგე უგზო-უკვლოდ, არც ცოცხალი ვიცი და არც მკვდარი. პრეზიდენტმა გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაგვაჯილდოვა. მიხარია, რომ დააფასეს ჩემი შვილი და მისი სახელი არ წაიშალა ისტორიიდან. გამწარებული მშობლები ვართ, მაგრამ მაინც ამაყად ვდგავართ“, - ამბობს ქსენია ბეჟანიშვილი.

ქალაქის მერთან ერთად აფხაზეთში დაღუპულ გმირებს პატივი შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა მიაგო. მისი თქმით, დღევანდელი დღე აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების გზავნილად უნდა იქცეს. 

“დღევანდელმა დღემ და განვლილმა 25 წელმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს. დღევანდელი დღე კიდევ ერთი გზავნილი უნდა იყოს ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ მშვიდად თანაცხოვრება არის უალტერნატივო გამოსავალი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს. ჩვენი, ყველა მოქალაქის ვალია, რომ აღდგეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და იძულებით გადაადგილებული პირები დაუბრუნდნენ თავის კერას", - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა. 

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის თქმით, სოხუმის დაცემა, საქართველოს ისტორიაში, ერთ - ერთი ყველაზე მტკივნეული დღეა . 

“ეს იყო თავზარდამცემი, არ მეგონა, რომ ქართველი ხალხი ამას გადაიტანდა. ტკივილიანი დღეა, გლოვის დღეა სრულიად საქართველოსთვის, მაგრამ მომავლის იმედით, რომ საქართველო ისევ გაერთიანდება და ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები მოვლენ გონზე და საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს თავის მცხოვრებლებთან ერთად. მინდა სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო და განსაკუთრებით იმ ოჯახებს, ვისი ახლობლებიც დაიღუპნენ ომში და შეეწირნენ სამშობლოს“, - განაცხადა დავით რაზმაძემ.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი