განათლება, რომელიც კვეთს "საზღვარს"

სექტემბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორები: ნოდარ სხირტლაძე, გვანცა დოლუაშვილი

 

ყოველწლიურად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები არაერთი აბიტურიენტი აბარებს ქართულ უნივერსიტეტში, თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე დაგროვებული ცოდნა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად სოფლებში სხვა გზითაც შედის. შენარჩუნებული ურთიერთობებისა და მეგობრობის შედეგად, ეთნიკურად ქართველი და ოსი მასწავლებლები ცოდნას და გამოცდილებას ერთმანეთს. სხვა ყოველდღიურ ამბებთან ერთად, უზიარებენ. 

- ზალინა, ამ მასალებზე გითხარი ტელეფონში. ბავშვების მოტივაციის ამაღლებაზე იყო ტრენინგი, - ეუბნება ერთი მეორეს.

- როგორ არაფერი გავიწყდება, ვნახავ ამ დღეებში, - პასუხობს მეორე და ფურცლების დასტას ჩანთაში დებს.

ზალინა ბესტაევა და ნონა ბასილიძე მასწავლებლები არიან. 22 წელია, რაც ერთმანეთს იცნობენ. 2008 წლის აგვისტოს ომამდე ორივე ახალგორის პირველ სკოლაში ასწავლიდა. ნონა ახლა წეროვანის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგია. ზალინა კი ოკუპირებულ ახალგორში, იმავე სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობს. ახალგორში - სახლი და წეროვანში კოტეჯი ორივეს აქვს, თუმცა მუდმივი საცხოვრებელი ომის შემდეგ ნონასთვის წეროვანის დევნილთა დასახლება, ზალინასთვის კი ახალგორია.

"მარტო ნონას კი არა, აქ თითქმის ყველას ვიცნობ და ერთი დღით იქნება, თუ ორი დღით, მაინც მიხარია აქეთ ყოფნა. ეგ ქნა იმ ომმა - აქეთაც გყავს ადამიანს ახლობლები და იქითაც. არც იმათი დაკარგვა მინდა და არც - ამათი. ამიტომაც ვარ ასე, გზაზე გაკრული. რა წამს დრო გამომიჩნდება, აქეთ მოვრბივარ“, - გვეუბნება ზალინა.

ახალგორში ზალინას ორ-სართულიანი სახლი აქვს. მშობლიური კარ-მიდამო ვერ დატოვა და კონფლიქტის შემდეგ, ცხოვრების გაგრძელება იქ არჩია.

"მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული. იმ სახლში თავს ყველაზე მშვიდად ვგრძნობ. მე რომ ვიცი, რა გრძნობაა შენს სახლს გადარჩენილს რომ ხედავ, მაგიტომ ვუვლი სხვებისებსაც. ახლა კი არ არის ქურდობა და მოროდიორობა, მაგრამ მაინც სჭირდება ცარიელ სახლებს  ყურადღება. დღე არ გავა, რომ ნონას სახლს არ გავხედო. ეგეც ეგრე იქნება ჩემს კოტეჯზე. რამე რომ მოხდეს და ასე ხშირად ჩამოსვლა ვერ შევძლო, მაგისი იმედი მაქვს, რომ ნონა მიმიხედავს", - ამბობს ზალინა.

ნონა ბასილიძემ და ზალინა ბესტაევამ კოტეჯები წეროვანის დასახლებაში, 2008 წლის დეკემბერში მიიღეს. წეროვანი  დევნილთა ყველაზე დიდი დასახლებაა. აქ 2000-მდე ოჯახი ცხოვრობს. დასახლების მშენებლობა 2008 წლის სექტემბერში დაიწყო.

"ახალგორელებიც მუშაობდნენ მშენებლობაზე. მეც მინახავს, თუ როგორ აშენებდნენ კოტეჯებს, პოლიციის შენობას, როგორ გაჰყავდათ ელექტროენერგია. ჩვენ რომ გადმოგვცეს კოტეჯები, სკოლის მშენებლობა ჯერ არ იყო დამთავრებული. მაშინ აქაური ბავშვები თბილისში ან ახლომდებარე სოფლებში დადიოდნენ სასწავლებლად. ყველას ერთი სული გვქონდა, სკოლა გახსნილიყო", - იხსენებს ნონა.

სკოლის მშენებლობა 2009 წელს  დასრულდა. მუშაობა უპირველესად, დევნილ პედაგოგებს შესთავაზეს.  ნონა ამბობს, რომ წეროვანში მუდმივად ცხოვრება ამ შეთავაზების შემდეგ გადაწყვიტა. დღეს, წეროვანის საჯარო სკოლაში 1050 ბავშვს 80 მასწავლებელი ორ სმენაში ასწავლის. 

"ბავშვებთან ურთიერთობამ მიჩვევა იცის.  ცხოვრების დიდ ნაწილს საკლასო ოთახში რომ გაატარებ, რთულია მერე სკოლის გარეშე ცხოვრება.  ამიტომაც იყო, რომ როცა აქაურ სკოლაში მასწავლებლობა შემომთავაზეს, სიხარულით დავთანხმდი. პირველი სამუშაო დღე არ დამავიწყდება - აი, იმდენი ბავშვი იყო, რამდენიც ახალგორის ორივე სკოლაში არ იქნებოდა ერთად აღებული. პედაგოგებიც ხომ თითქმის იგივენი ვართ, მაგრამ მაინც რაღაც გვაკლია. ეს რაღაც შეიძლება იქ დარჩენილი ჩვენი კოლეგებები არიან ან შეიძლება ეს რაღაც ისაა, რომ არ ვიცით, რა იქნება ერთი, ორი ან ათი წლის მერე“, - ამბობს ნონა. 

ამაზე ზალინაც ხშირად ფიქრობს. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ხელფასით კმაყოფილია, სტაბილურობის განცდა არ აქვს.

 "ხალგორში ყოველდღიურად იცვლება სიტუაცია, მაგრამ აქაურ ნაცნობებთან რომ მაქვს ურთიერთობა, ეგ პატარა საქმე არ არის ჩემთვის. სკოლებს რაც შეეხებათ, დიდი განსხვავებაა. წელს, მაგალითად, მხოლოდ 50 ბავშვი მიიღო ახალგორის ორივე სკოლამ“, - გვიხსნის ზალინა.

2008 წლის ომამდე, ახალგორის რაიონში, 9 სკოლა ფუნქციონირებდა. თავად დაბაში სამი - ორი ქართულენოვანი და ერთიც რუსული. გარდა ამისა, იყო ასევე სკოლა ინტერნატიც.

"სკოლა - ინტერნატის ადგილზე ახლა ოფიცრების კორპუსებია აშენებული. სოფელ ლარგვისს, კორინთასა და ქარჩოხს თავისი სკოლები ჰქონდათ. 1000 - ზე მეტი მოსწავლე იყო ახალგორსა და მის რაიონში. კორინთას სკოლის დირექტორიც მახსოვს, ომიდან ორი წლის შემდეგ გავიგე, რომ ცოცხალი იყო", - იხსენებს ნონა. 

ახალგორში ახლა ორი - ერთი ქართული და ერთიც რუსული სკოლა ფუნქციონირებს. ორივე სკოლაში დაახლოებით 70 მოსწავლეა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით,  ახალგორის რაიონის სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სწავლება მხოლოდ რუსულ და ოსურ ენებზეა. ქართული სკოლები დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ შემუშავებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას დაექვემდებარება. ქართული ენა კი როგორც რიგითი საგანი, ისე ისწავლება.

"პედაგოგებთან ერთად, ხალხიც უარყოფითად შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. გაუშვეს რამდენიმე მასწავლებელი, რომლებმაც არ იცოდნენ რუსული იმდენად, რომ გაკვეთილები ამ ენაზე ჩაეტარებინათ. იქ ხომ არის რუსული სკოლაც. მაგრამ, ძირითადად, რუსი ოფიცრების შვილები სწავლობენ.  ოსების უმრავლესობას ბავშვები ქართულ სკოლაში დაჰყავს. ოსებს არაფერი არ აქვთ გასაყოფი ქართველებთან. რასაც მე ვუყურებ, უმრავლესობას თბილისთან უფრო აქვს კონტაქტი, ვიდრე - ცხინვალთან", - ამბობს ზალინა

ახალგორიდან თბილისამდე 67 კილომეტრია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი რეგულარულად, ყოველდღე მოძრაობს. მგზავრობის ღირებულება 100 რუბლია. ტრანსპორტში ხშირად შეხვდებით ახალგაზრდებს, რომლებიც თბილისში, რეპეტიტორებთან დადიან. ზალინა ამბობს, რომ ახალგორელების უმრავლესობა ცდილობს შვილებს განათლება თბილისში მიაღებინოს. 

"ჩემი ორივე შვილი, გამოცდებისთვის, თბილისში ემზადებოდა. ქართულ უნივერსიტეტში ჩააბარა ორივემ. როგორც კონფლიქტის ზონის მცხოვრებლებს, სწავლის გადასახადი საქართველოს ხელისუფლებამ დაგვიფინანსა. ეს ყველა ოჯახისთვის დიდი შეღავათია. ახალგორელებიდან თითოოროლა თუ მიდის სასწავლებლად ცხინვალში. ქართულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში რომ უკეთესადაა საქმე განათლების მიღების მხრივ, ამას ყველა ხედავს“, - გვითხრა ზალინამ.

პირველი პროფესიული გადამზადების ტრენინგი ნონა ბასილიძემ ჯერ კიდევ 2009 წელს გაიარა. მას შემდეგ, მან მასწავლებლებისთვის გამართულ არაერთ ლექცია-სემინარში მიიღო მონაწილეობა. თავდაპირველად, მან სცადა მიღებული ცოდნა ახალგორელი მასწავლებლებისთვის გაეზიარებინა.

"ახალგორისა და ჩვენს სკოლებს შორის დიდი სხვაობაა. აგერ, ჩვენ ხან ტრენინგებს გვიტარებენ, ხან გვამზადებენ. იქ კიდევ ამაზე მუშაობა არ მიდის. ახლა ამას თავმომწონეობით კი არ ვამბობ. მართლა გული მწყდება ამის გამო. ისინი ჩემი კოლეგები არიან და სულ მინდა, რამით დავეხმარო. ზალინასაც მაგიტომ მივეცი იმ ტრენინგის მასალები, ამას წინათ მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებაზე რომ ჩაგვიტარეს", - გვიყვება ნონა. 

ზალინა ტრენინგის მასალების წაკითხვას სახლში აპირებს. ჯერ არ იცის, იქაურ კოლეგებს თუ ეტყვის ამის შესახებ.

"არც ჩემს თავს მინდა შევუქმნა პრობლემები და არც სხვებს. ამიტომაც ჩემთვის წავიკითხავ და მე რომ რაღაცას გავიგებ, ეგეც სარგებელი იქნება სკოლისთვის. ახლა არ არის ის ვითარება, რო ყველაფერი ხმამაღლა ვიძახო. იქაურ ხელისუფლებას არ მოეწონება, მე რომ იქ აქაურ ტრენინგებზე საუბარს მოვყვე და მერე რას იზამენ, ღმერთმა უწყის“, - მეუბნება ზალინა.

ხვალ მას 3 გაკვეთილი აქვს ჩასატარებელი. ნონას - 5. ორივე მათგანისთვის სამუშაო დღე 9 საათზე იწყება.

 

 

შენიშვნა:  ახალგორში მომუშავე მასწავლების სახელი და გვარი შეცვლილია მისივე თხოვნის შესაბამისად. 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი