რუსული ვერტმფრენები საქართველოს ცაზე-ხელისუფლების და სამხედრო ექსპერტების შეფასებები

ოქტომბერი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოთხმა რუსულმა ვერტმფრენმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის თავზე დღეს დილით გადაიფრინა. ოთხივე ვერტმფრენის ბორტზე საბრძოლო მასალა იყო.

რუსული ვერტმფრენები სოფელ მეჯვრისხევის თავზე ადგილობრივებმა დღეს დილით შენიშნეს. როგორც მეჯვრისხევის მცხოვრებელები ამბობენ, 4 - მა რუსულმა ვერტმფრენმა სოფელს წრე დაარტყა და ისევ უკან, ოკუპირებული ტერიტორიისკენ გაფრინდა. 

"ორ-ორად მოფრინავდნენ. დღეს დილით გადმოფრინდნენ ე.წ. საზღვარზე. რუსული ვერტმფრენები იყო, რა თქმა უნდა", - ამბობს გიორგი ელიაური, მეჯვრისხევის მკვიდრი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ვერტმფრენებმა სოფელს დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინეს. როგორც მეჯვრისხევში ამბობენ, ერთ-ერთმა მათგანმა პოლიციის შენობას გადაუფრინა.

"ძალიან დაბალ სიმაღლეზე მოფრინავდნენ. ზუსტად არ ვიცი რამდენი იყო, მაგრამ სამზე მეტი ნამდვილად იყო. ორი მხრიდან ისმოდა ხმა", - გვითხრა ნათია რევაზიშვილმა.

სამხედრო - ანალიტიკური ჟურნალის, "არსენალის" მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად მიჩნეულ სივრცეში 2 საბრძოლო და ორიც სამხედრო - სატრანსპორტო შვეულმფრენი იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, ოთხივე შვეულმფრენის ბორტზე საბრძოლო მასალა იყო. ალადაშვილს მიაჩნია, რომ რუსული ვერტმფრენების შემოჭრა შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების მიერ "მისტრალის" ტიპის საზენიტო - სარაკეტო კომპლექსების ოფიციალურად წარდგენას უკავშირდებოდეს.

"ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად სივრცეში გადაფრენა იყო წმინდა პროვოკაციული გამოსვლა. ოთხი შვეულმფრენიდან 2 საბრძოლო იყო და ორიც სატრანსპორტო, მაგრამ შეიარაღებით - ყველა. ჩემი აზრით, ეს უკავშირდება იმას, რომ გუშინ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად წარადგინა "მისტრალის" ტიპის საზენიტო- სარაკეტო კომპლექსები. შესაძლოა ეს არც იყოს რუსეთის უმაღლესი ზონიდან დაკვეთილი, არამედ ადგილობრივი გენერალიტეტის დონეზე დაკვეთილი პროვოკაცია, რომ აი, თქვენ კი გაქვთ საზენიტო კომპლექსები, მაგრამ ჩვენ მაინც ასე დაუსჯელად ვიფრენთ", - ამბობს ალადაშვილი.

სამხედრო ექსპერტს მიაჩნია, რომ ასეთი ტიპის საფრენი აპარატების განადგურება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეუძლია, თუმცა ამას შემდეგში მოჰყვება დიდი გართულებები როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.

"შვეულმფრენების ჩამოგდება ნამდვილად შეგვიძლია, მით უმეტეს ასე დაბალ სიმაღლეზე მფრენების. თუნდაც "მისტრალის" კომპლექსებით, ან სხვა საზენიტო საშუალებებით. მაგრამ ამას მოჰყვება დიდი გართულებები. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ და არ წამოვეგოთ პროვოკაციებს. ჩვენ ეს არაერთხელ გავიარეთ როგორც აფხაზეთში, ისე 2008 წლის ომის დროს. რეალობას უნდა შევხედოთ", - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, რუსული ვერტმფრენების შესაძლო გამოჩენაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქმის კურსში ჩააყენეს. უწყებისვე ცნობით, ასევე ამოქმედდა ცხელი ხაზი.

რუსული ვერტმფრენების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად მიჩნეულ საჰაერო სივრცეში შემოჭრის ფაქტი წელს არაერთხელ დაფიქსირდა. გასულ თვეში, რუსულმა საბრძოლო შვეულმფრენმა სოფელ ერგნეთის თავზე გადაიფრინა.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი