მეხუთე დღე ცხინვალის ციხეში-მაია ოთინაშვილს ე.წ. სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

ოქტომბერი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპანტების მიერ სოფელ ხურვალეთში დაკავებულ მაია ოთინაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, ოთინაშვილი ე.წ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა.

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ახალი ხურვალეთის მკვიდრი, მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს. თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთინაშვილს მხოლოდ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებოდა ბრალად. აღნიშნული "ბრალდება", ხშირ შემთხვევაში, ჯარიმით ისჯება და დაკავებულის ოჯახის წევრებს იმედი ჰქონდათ, რომ ოთინაშვილს მალევე გაათავისუფლებდნენ. თუმცა, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში დღეს დილით განაცხადეს, რომ ოთინაშვილი, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ე.წ. საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდა ოკუპირებული რეგიონის და დანარჩენი საქართველოს მცხოვრებლებს. ნათელა ქელეხსაევა, მაია ოთინაშვილის დედა ამბობს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები, პენსიის ასაღებად, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ხშირად გადმოდიან. დე ფაქტო უწყების ბრალდება მისთვის გაუგებარია. 

“რა თანხას იღებდა, თავის საქმეზე მოდიოდნენ, ვინც მოდიოდნენ. ზოგი რეგისტრაციაზე მოდიოდა, ზოგს ნათესავი გარდაეცვალა და იმიტომ გადმოდიოდა. პენსიონერები გამოდიოდნენ, თვითონ ხომ მესაზღვრეები არიან, რატომ უშვებენ თავის მოქალაქეებს აქეთ? ჩემს შვილს რა თანხა უნდა აეღო. თავის საქმეს აკეთებენ, აქ ვინც გადმოდის. პირველად გაიგეს ამის შესახებ?!" - ამბობს ნათელა ქელეხსაევა

მაია ოთინაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. იგორ მაყიშვილი ამბობს, რომ არ იცის, რა პირობებში იმყოფება მისი მეუღლე.

"აქეთ მე მეკითხებიან, ხომ არაფერი გაგიგიაო და მე რა უნდა ვიცოდე. სამართალდამცავები ვერაფერს იგებენ და მე ვინ რას მეტყვის. მხოლოდ ის მითხრა ციხელაშვილის წარმომადგენელმა, რომ ნორმალური მდგომარეობა აქვსო და პირადად ვინ ნახა ჩემი მეუღლე, რომ ამ ინფორმაციის უტყუარობაში ეჭვი არ შევიტანო. რა გავაკეთო, ვეღარ ვიგებ. სად ვართ, სად ვცხოვრობთ, ვეღარ ვიგებ. დღეს სასამართლო უნდა იყოსო და კიდევ ველოდები. ჯანმრთელობის მდგომარეობაც ვერ ჰქონდა კარგად, ჰაერის უკმარისობა ჰქონდა, გული აწუხებდა და ვერაფერს ვერ ვიგებ, როგორ არის. შევაწუხოთ ცოტა ზემდგომები, მოგვაქციონ ყურადღება. მე-5 დღეა ასე გაურკვევლობაში ვარ. ვერაფერს ვერ ვიგებ", - ამბობს ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილის მეუღლე, იგორ მაყიშვილი.

შავშვების თემის რწმუნებულის, როინ ადიკაშვილის ინფორმაციით, ხურვალეთთან გავლებული მავთულხლართი ოსურ სოფლებს ესაზღვრება. მისი თქმით, მაია ოთინაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე არაფერი სმენია. 

“ხურვალეთი ესაზღვრება ოსურ სოფლებს - ჯუკაანს და წინაგარას. ზოგ ადგილას არის გავლებული მავთულხლართი და ზოგ ადგილას არა, ამიტომ, სრულიად შესაძლებელია, შემოდიოდნენ და გადიოდნენ“, - ამბობს როინ ადიკაშვილი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით მაია ოთინაშვილის საქმეში “წითელი ჯვარი“ და ჟენევის დისკუსიის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ. 

"ეს ფაქტი არა მხოლოდ არასამართლებრივი, არამედ არაადამიანური დამოკიდებულების გამოხატულებაა, ვინაიდან საუბარია სამი არასრულწლოვანი შვილის დედაზე, რომელიც საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთში დააკავეს. აპარატის თანამშრომლები გუშინ ადგილზე იმყოფებოდნენ, შეხვდნენ ოჯახს და თავად მოინახულეს ის ადგილიც, სადაც უკანონო დაკავება მოხდა - საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში. ეს ადამიანი იქ მუდმივად ცხოვრობს და საქმიანობს. ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია და აბსოლუტურად მიუღებელი მოქმედებაა. ვერანაირ ბრალდებაზე ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ამას არანაირი ლეგიტიმაცია და გამართლება არ აქვს. გუშინდელიდან ინფორმირებულია და ჩართულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. იგი ერთადერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელსაც ცხინვალის რეგიონში წვდომა აქვს”, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ცხინვალის ე.წ. სასამართლო მიაია ოთინაშვილის საქმეზე მორიგ პროცესს უახლოეს დღეებში გამართავს. ქართული მხარე კი აპირებს ოთინაშვილის უკანონოდ დაკავების საკითხი სოფელ ერგნეთში გასამართ შეხევდრებსა და ჟენევის დისკუსიებზე დააყენოს.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი